0
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ხორციელდება წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე (ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე). სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე კვირიდან 45 დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, ასევე პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე. სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. შესაბამისად, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ფიროსმანის ქუჩაზე, ხახუტაიშვილისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების მიმართულებით, ასევე, ინასარიძის ქუჩის მონაკვეთზე (კობალაძის ქუჩის მიმდებარედ), ლეონიძის ქუჩაზე. მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულთან. სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებს. ამ დროისთვის, პარალელურად რვა ჯგუფი მუშაობს, რათა ტურისტული სეზონისთვის ძირითადი მონაკვეთების დასრულება მოესწროს. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია წყლის სისტემების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობა გონიო-კვარიათის დასახლებაში. პროექტი 2019 წლის ივნისში დაიწყო და 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება. პროექტის ღირებულება 60 მილიონ ლარს შეადგენს. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო.
0