აფხაზეთის ომის ფინალური ქრონიკა: 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერი (ნაწილი I)

0
აგვისტო მძიმე პერიოდია საქართველოს უახლეს ისტორიაში: ზაფხულის ამ უკანასკნელ თვეს ორი ჩვენს ქვეყანაში ორი ომი დაიწყო, თანაც, ისე მოვახერხეთ, რომ ორივეს დამწყების სტატუსი გვერგო; ორივეში დავმარცხდით და, ამის შედეგად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის, სულ რაღაც, 67 000 კვადრატული კილომეტრიდან, 80-პროცენტიღა დაგვრჩა. მიუხედავად გულზე მჯიღების ცემისა, ქვეყნის არც ერთი პეროდის ხელისუფლებას არც ერთი ომი არ გაუანალიზებია, არათუ დამნაშავეები დაუსჯია. მხოლოდ იმას არკვევენ, როდის უფრო მწარედ დავმარცხდით და ვინ იყო უფრო ფეხმარდი მტრისგან გამოქცევისას. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შეცდომები გავიმეორეთ, რაც იმ არაოპტიმისტური ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ მსგავსი შეცდომებისგან არც მომავალში ვართ დაზღვეული. აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოს სამხედრო პროკურატურა იძიებდა აფხაზეთის ომში დამარცხების მიზეზებს. დასკვნაც დადო, თუმცა ის დახურულ თათბირზე განიხილეს, რომელსაც იმდროინდელი და ომის მონაწილე სამხედრო პირებიც ესწრებოდნენ. როგორც, თავის დროზე, სამხედრო პროკურორმა, გამოძიების ავტორმა, პირად საუბარში მითხრა - ჯემალ ჭუმბურიძეს პრივატულ საუბარში უთქვამს, იმავე თათბირზე უთქვამს, ყველანი დასახვრეტები ვართო. ჩვენი მიზანი არც დამნაშავეების გამოაშკარავებაა და არც მათი დასჯა, უბრალოდ შევეცდებით, თვითმხილველთა და მონაწილეთა ნაამბობებით, აღვადგინოთ 1993 წლის სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, უფრო ზუსტად, ტრაგედია; იმ იმედითაც, რომ თითოეულის სიმართლის გადაკვეთაზე, ადრე თუ გვიან, ჭეშმარიტებას მივაგნებთ. ინფორმაცია განსჯისთვის: 1993 წლის პირველ სექტემბერს სოხუმში სწავლა დაიწყო (საქართველოს დანარჩენ ტერიტქრიაზე კი – 15 სექტემბერს!) სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე დევნილებს აქტიურად მოუწოდებდა დაბრუნებისკენ და არწმუნებდა, რომ 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, მშვიდობა გარინტირებული იყო. აქვე შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა, რის მიხედვითაც, მხარეებმა მძიმე ტექნიკისა და შეიარაღებული ძალების დაშორიშორებისა და ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება აიღეს. იმ მარტივი მიზეზით, რომ მოწინაღმდეგე მხარე, სეპარატისტები, აფხაზეთის ტერიტორიის მიღმა თავიანთ შეიარაღებას ვერ გაიტანდნენ, აშკარა იყო, რომ ქართული მხარე არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებოდა. რადგან აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მძიმე ტექნიკის გატანა ვერ მოხერხდებოდა, ქართული მძიმე ტექნიკა ზღვით გაიტანეს ფოთში, სხვათა შორის, რუსული სამხედრო გემებით, რაშიც თბილისმა ფულიც გადაიხადა. აფხაზეთიდან გამოვიდნენ ისედაც არაორგანიზებული ქართული შეიარაღებული ფორმირებები. მათ მხოლოდ მხოლოდ მცირე ოდენობის მძიმე ტექნიკის გადამალვა მოახერხეს. ერთი სიტყვით, ის მცირერიცხოვანი ქართული შენაერთებიც კი, რომლებიც 27 ივლისის ხელშეკრულების შემდეგ დარჩნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ მსუბუქი შეიარაღების ამარა დარჩნენ. საინტერესოა, რომ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 24 ივლისის სხდომაზე, რომელიც 27 ივლისის ხელშეკრულების საკითხს იხილავდა, ხმათა უმრავლესობის მოგროვება ვერ მოხერხდა, ამიტომ სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საკუთარი პასუხისმგებლობით გაიტანა ეს საკითხი, თუმცა მას შემდეგ, რაც 1993 წლის 16 სექტემბერს მოწინააღმდეგემ სოხუმის მასირებული შეტევა დაიწყო, სახელმწიფოს მეთაურს თავისი პასუხისმგებლობა აღარ გახსენებია, სხვათა შორის, არც მის ამომრჩეველს – არც ერთ შემდგომ არჩევნებზე.

1993 წელი 9-30 სექტემბერი, სოხუმი ვერსია I - „ისეთი სიჩქარით მოდიოდა მძიმე ტექნიკა, რომ ფეხით მომავალ მოსახლეობას ასწრებდა“

აკაკი გასვიანი: „ჩვენ უფრო ვგრძნობდით, რომ რუსები დაარღვევდნენ ხელშეკრულებას, ვიდრე სადაზვერვო ინფორმაციას ვეყრდნობოდით. შინაგანად გვეშინოდა ამის... 9 სექტემბერს ბატონმა ჟიული შარტავამ მინისტრთა საბჭოს სხდომა ჩაატარა, დაბარებული ჰყავდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები... მე, ბუნებრივია, ვარ ჩემს კაბინეტში ვიყავი. ბატონმა ჟიულიმ დამირეკა და მითხრა: ჩამობრძანდით, სხდომას უნდა დაესწროთო. ჩავედი... ბატონი ჟიული ამბობს, მოსალოდნელია შეთანხმების დარღვევა, საბაბი არ მივცეთ მოწინააღმდეგეს, ტექნიკა გასაყვანია, მაგრამ სხვა მხრივ მოიქეცით საკუთარი შეხედულებებისამებრო. ანუ დიპლომატიურად ამბობს სათქმელს. შემდეგ იქვე აცხადებს, რომ დღეიდან ძალოვან სტრუქტურებს უხელმძღვანელებს ბატონი აკაკი გასვიანი. ჩემთვის ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო მისი განცხადებები. ავდექი თუ არა, ხელით მანიშნა, გაჩუმდიო და მითხრა — ყველაფერი განზე გადადე, დღეიდან თადარიგი უნდა დავიჭიროთ, რადგან, შესაძლოა, რომ სოჭის ხელშეკრულებამაც წინა ხელშეკრულებების ბედი გაიზიაროს, დანარჩენზე ცალკე მოვითათბიროთო. რადგან ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ მძიმე ტექნიკის გაყვანაზე იყო ლაპარაკი, ადგილზე რჩებოდნენ ადგილობრივი ბატალიონები, 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის ქართული მილიცია. არსებობდა თავდაცვის სამი ზღუდე. პირველი, ბუნებრივია, გადიოდა ფრონტის წინა ხაზზე. ხელშეკრულების თანახმად, პირველი ხაზები უნდა დაგვეშორიშორებინა, ამდენად, იქ, ბუნებრივია, თავდაცვის ზღუდეებს ვერ მოვაწყობდით, მაგრამ, სამაგიეროდ, გვრჩებოდა მეორე და მესამე ზღუდეები. ადგილობრივი ბატალიონები, მოსახლეობისგან და მილიციისგან შექმნილი ჯგუფები დღე და ღამ მორიგეობდნენ. მე და ბატონმა ჟიულიმ სოხუმი ორ ნაწილად გავყავით. აღმოსავლეთი ნაწილი შეგნებულად დავუთმე ბატონ ჟიულის, იმიტომ რომ შედარებით უსაფრთხო იყო: ომში პირველი პირის სიცოცხლის შენარჩუნება ყოველთვის მნიშვნელოვანია. არავისგან არ შეგვხვედრია წინააღმდეგობა. თითოეული დგებოდა იქ, სადაც ვანაწილებდით. ალბათ, შინაგანად ყველა გრძნობდა საფრთხის არსებობას. ორი საათი თუ გვეძინა დღე-ღამის განმავლობაში, რადგან არ ვიცოდით, როდის აფეთქდებოდა ჭურვი. მოგვდიოდა ინფორმაციები და ვიცოდით, რომ ისინი დაარღვევდნენ ამ ხელშეკრულებას, მაგრამ არ ვიცოდით, როდის. 14 სექტემბერს ღამით მოწინააღმდეგემ მოძრაობა დაიწყო გუმისთის მხრიდან. მალულად შემოჰყავდათ რაზმები. 15-ში უკვე დიდი ძალა შემოიყვანეს და 16 სექტემბერს გამთენიისას შემოგვიტიეს. ძირითადად, იყვნენ რუსეთის მოქალაქეები: რუსი სამხედროები, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნეს ქალაქში ბრძოლებისთვის, ეგრეთ წოდებული მცოცავი-მოიერიშე ბრძოლებისთვის: ისინი იყოფიან ჯგუფებად, ერთი ჯგუფი ხოხვით მოიწევს წინ, მეორე კი ცეცხლს ხსნის და ყურადღება თავისკენ გადააქვს. ამასობაში კი, პირველი ჯგუფი დგება და გიტევს. იმავდროულად, ასეთივე ჯგუფები მოდიან სხვადასხვა მიმართულებიდან. ასეთი გახლავთ ქალაქში ბრძოლის ტაქტიკა. სწორედ ასეთი ჯგუფები მოამზადეს ჩვენ წინააღმდეგ. ამ ფუნქციას ასრულებდნენ რუსეთის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონები, რომლებსაც ჩვენ ვიზუალურად ვხედავდით. მათ ახლდნენ ჩრდილოკავკასიელი კონფედერატები... 16 სექტემბერს ისინი ტანკებით მოადგნენ გუმისთას და მთელი გადამალული ტექნიკა ერთბაშად წამოვიდა სოხუმზე, ჩვენ კი მხოლოდ ერთი ძველი ტანკი გაგვაჩნდა. ცოცხალი ძალა კი, დაახლოებით, ხუთი ათას კაცამდე, მხოლოდ ავტომატებით და ნაღმმტყორცნებით შეიარაღებული. ტყვია-წამალი გვქონდა, მაგრამ არა ყველასთვის სამყოფი. არ გაგვაჩნდა ტანკსაწინააღმდეგო არანაირი შეიარაღება, მაგრამ მაინც უძლებდნენ ბიჭები. კოლესნიკოვმა, რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა, სადაც დამუშავდა სოხუმზე შეტევის გეგმა, განაცხადა კიდეც, რომ 16 სექტემბერს სოხუმი დაეცემოდა. ესე იგი, მათ ეგონათ, რომ 16-ში ერთბაშად შემოიჭრებოდნენ ქალაქში. მოგეხსენებათ, სწავლა დაწყებული იყო, მოსახლეობა ბრუნდებოდა და რომ არა ჩვენ მიერ გამაგრებული ზღუდეები, სოხუმის მთელი ქართული მოსახლეობა ერთ დღეში, 16 სექტემბერს, მთლიანად ამოწყდებოდა. 26 სექტემბერს, საღამოს სამთავრობო აგარაკზე შტაბის სხდომა გაიმართა. ბატონი ჟიული დაღვრემილი იყო, ხმას არ იღებდა, იგრძნობოდა, რომ მძიმე განწყობა ჰქონდა. ყველა სამხედრო ხელმძღვანელი იქ იყო. ვერ მოვითმინე: მთავრობის სახლს რა ვუყოთ, დავრჩეთ, თუ გამოვიდეთ-მეთქი. არაფერი მიპასუხა. სხდომას ესწრებოდნენ: გია ყარყარაშვილი, ჯაბა იოსელიანი, ზაურ უჩაძე, პაატა დათუაშვილი. გაანაწილეს პოზიციები. გენო ადამია (23-ე ბრიგადის მეთაცრი) წინააღმდეგი იყო, ქალაქს ვერ დავიცავთ და მე არ დავიკავებ პოზიციასო. ჯაბა იოსელიანი და გენო ადამია იმ სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ამის გამო. გენო წავიდა, მაგრამ ამის შემდეგ გამოვიდა ბატონი ედუარდი და თქვა: გენო დაიკავებს ამ ადგილს და მის ნაცვლად მე მოვაწერ ხელსო. ყველა მეთაურმა მოაწერა ხელი ობიექტების დაცვის გადაწყვეტილებას. ამასობაში შემოგვათენდა; დილის ექვსი საათისთვის, კანცელარიის უფროსი ჯუმბერ ბეთაშვილი მეუბნება: ბიჭებმა დამირეკეს, მინისტრთა საბჭოს შენობა დაიცალა, დაცვა წავიდაო. მართლაც, დაცლილი იყო. დილის ცხრა საათზე ბატონი ედუარდი მოდის, გარეთ ვხვდები მას. მეუბნება: მთავრობამ უნდა იმუშავოს, ხალხი რეკავს, მას ხელმძღვანელობა სჭირდება. დამემშვიდობა და დაპირდა, დაცვას მოგაშველებო. ნახევარ საათში მოვიდა „ავღანელთა“ 32-კაციანი ჯგუფი გურამ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით. ბატონი ჟიულიც მოვიდა. დავიწყეთ ბატალიონების ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. სოხუმში სამარისებური დუმილი იყო გამეფებული. ხალხი გაუთავებლად რეკავდა. ყველას ვეუბნებოდი, აიღეთ, რაც გაქვთ და სასწრაფოდ წადით ქალაქიდან-მეთქი. და დაიწყო ხალხის ნაკადმა ნება. ორი ქუჩით მიდიოდა მოსახლეობის ტალღა. დილის თერთმეტ საათზე მტერმა მინისტრთა საბჭოს შენობას შემოუტია. შენობაში ვიმყოფებოდით: თანამშრომლები, დაცვის 14-კაციანი ჯგუფი და „ავღანელები“. ძლიერ ცეცხლს ჭურვები მოჰყვა. შენობაში ხანძარი გაჩნდა, ტელეფონები გაუჩერებლად წკრიალებდა. ხალხი გამუდმებით რეკავდა და პასუხს ითხოვდა. ყველას ვეუბნებოდით, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქალაქი. უკვე აშკარა იყო, რომ ბატალიონებმა არ შეასრულეს ბრძანება და ვერ გაამაგრეს პოზიციები. მინისტრთა საბჭო, ფაქტობრივად, დაუცველი აღმოჩნდა. მინისტრთა საბჭოს დაცლა დამარცხებას ნიშნავდა, ამიტომ ბოლო წუთებამდე ველოდით მაშველ ძალებს. კოორდინატები გადავეცით, მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა. როდესაც ქალაქიდან მოსახლეობის გასვლა შეწყდა, ბატონმა ჟიულიმ გასცა ბრძანება: დავცალოთ შენობა და დავიხიოთ უკან. გურამ ჯანიაშვილმა შემოგვთავაზა, ჯგუფებად გავნაწილებულიყავით და ცალ-ცალკე გავსულიყავით შენობიდან, რადგან ერთიანად მტერი ადვილად ამოგვიღებდა მიზანში. ვიდრე სატელეფონო კავშირი არ გაწყდა, ჩემი კაბინეტი არ დამიტოვებია. შემდეგ გამწარებულმა დავანარცხე ტელეფონი და ჯგუფს ჩამოვყევი. მინისტრთა საბჭოს წინ სროლები იყო. კიბეზე იდგნენ: ბატონი ჟიული, რაულ ეშბა, გურამ გაბისკია და დაცვის ბიჭები... ბოტანიკური ბაღისკენ გადავინაცვლეთ, მაგრამ იქაც მტერი იყო გამაგრებული და ცეცხლი გაგვიხსნეს. ასე აღმოვჩნდი შენობის გარეთ. ბატონი ჟიულისგან მინისტრთა საბჭოს შენობა გვყოფდა. გადავწყვიტეთ, როგორმე კომენდატურამდე მიგვეღწია. იქ მეომრები მეგულებოდა. მე, როგორც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორს, ბრძანების გაცემის უფლება მქონდა. რათა ზღვისპირა ქუჩებიდან ერთი ტანკი ან ჯავშანტრანსპორტიორი დაძრულიყო მინისტრთა საბჭოს მიმართულებით, გაეკეთებინა დერეფანი და შენობაში დარჩენილები გამოეყვანა. ამის გაკეთებას, სულ რაღაც, ათი წუთი სჭირდებოდა. ჯვარედინ ცეცხლში ხტუნვა-ხტუნვით გადავჭერი ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი. მინისტრთა საბჭოს შენობის კიბეზე გურამ ჯანიაშვილი იდგა რამდენიმე მეომართან ერთად. ხელი დავუქნიე. შვიდი კაცი გარღვევაზე წამოვიდა. ბატონმა ჟიულიმ და დანარჩენებმა ვერ შეძლეს, რომ მათ გამოჰყოლოდნენ. ასე მოვწყდით ძირითად ჯგუფს და გეზი კომენდატურისკენ ავიღეთ. კომენდატურაში სამი კაცი დაგვხვდა. გვითხრეს, რომ წითელ ხიდთან გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა და კომენდანტი მერაბ გამზალია იქ იყო გამაგრებული. როდესაც გამოვედი, გურამ ჯანიაშვილი და მისი ჯგუფი იქ აღარ დამხვდა და მარტო წავედი წითელი ხიდისკენ. მთელ ქალაქში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. ამასობაში შევეყარეთ მერაბ გამზარდიას, ნუგზარ ქოიავასა და კოტე ზაქარაიას. ერთად წავედით წითელი ხიდისკენ... გზაზე მივადექით რუსეთის სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ბაზას, ვაჩვენეთ საბუთები და ვთხოვეთ, რომ გავეტარებინეთ, მაგრამ უარი მივიღეთ. მოვნახეთ ვიწრო ბილიკი და შევუერთდით გენერალ ვალერი ქვარაიას ჯგუფს. ავუხსენი მდგომარეობა და გადავეცი კოორდინატები, თუ რა მიმართულებით უნდა ემოძრავა მძიმე ტექნიკას, რათა გაკეთებულიყო დერეფანი და მინისტრთა საბჭოში დარჩენილი ხალხი გამოგვეყვანა. ამის შემდეგ გადავედი სინოპში, სადაც გია ყარყარაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი ვნახე. ვუთხარი, რომ მინისტრთა საბჭო ალყაში იყო მოქცეული. დამპირდნენ, რომ ყველაფერს იღონებდნენ ალყის გასარღვევად. გია ყარყარაშვილს, მართლაც, გაუგზავნია ერთი ავტობუსით მეომრები, მაგრამ წითელ ხიდზე ვერ გადასულან. ვიცოდი, რომ პრეზიდენტი აგუძერაში იმყოფებოდა, ამიტომაც მისკენ გავემართე, რომ მთავარსარდლისთვის ვითარება მომეხსენებინა. პრეზიდენტი მარტო იყო შენობაში. მან მითხრა, რომ დაურეკა ბორის პასტუხოვს და იგი დაჰპირდა, რომ საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებს შეაგზავნიდა და ასე გამოიყვანდა ბატონ ჟიული შარტავასა და მის თანმხლებ პირებს. დავმშვიდდი. ვირწმუნე, რომ პასტუხოვი სიტყვას შეასრულებდა, მით უფრო, რომ კომკავშირული და პარტიული წარსულიდან გამომდინარე, იგი თავს ბატონი ჟიულის მეგობრად აცხადებდა... კოდორის ხეობაში წავედი, რათა 100 კაციანი ჯგუფი მაინც წამომეყვანა, რომ მდინარე მაჭარაზე გავმაგრებულიყავით. მეორე დღეს, როდესაც გასვლას ვაპირებდით, ჩვენ გავხდით ქართველთა იძულებითი უკუქცევის მოწმენი. ისეთი სიჩქარით მოდიოდა მძიმე ტექნიკა, რომ ფეხით მომავალ მოსახლეობას ასწრებდა. სისხლგამშრალი ვიდექი და ვუყურებდი ჯარს: სად იყვნენ ისინი 27-ში? სად იყო ეს მძიმე ტექნიკა სოხუმის დაცემის დღეს? 27 სექტემბერს სოხუმი ცარიელი იყო... კოდორის ხეობაში გავიგე შემზარავი ამბავი: ბორის პასტუხოვმა სიტყვა არ შეასრულა. მიუხედავად ჩემი ამდენი მცდელობისა, ვერ მოიძებნა ერთი ტანკი თუ ჯავშანტრანსპორტიორი, რომ ეს კაცი-ლეგენდა გამოეყვანათ ალყიდან. მტრის ბატალიონებმა მინისტრთა საბჭოს შენობა აიღეს. ტყვედაყვანილები ორ ჯგუფად გაყვეს და ორი ავტობუსით გაიყვანეს შენობიდან... ბატონი ჟიული დახვრიტეს უახლოეს და ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან. იგივე ბედი ეწია მეორე ჯგუფსაც... მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა — იური გაავა, იგი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. იური გაავა მისმა აფხაზმა მეომრებმა იხსნეს, რომლებიც მტრის მხარეს იბრძოდა. ჟიული შარტავაზე ზეგავლენა ვერ მოახდინა ვერც ერთმა მაფიოზურმა კლანმა, იგი არაფერს ცნობდა, გარდა თავისი სამშობლოსი. ბატონმა ჟიულიმ ძალიან ბევრი რამ იცოდა აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ; იბრძოდა ბოლომდე და აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით. ავტორი: მიხეილ ბოლქვაძე წყარო: for.ge ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ომი
#პოლიტიკა
#ოკუპაცია
#sokhumidaily
0