აფხაზეთის ომის ფინალური ქრონიკა: 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერი (ნაწილი II)

0

ვერსია II - „ქობალია, სხვათა შორის, ეგრეთ წოდებული სამთავრობო ჯარის ნაწილებმა მიატოვეს მარჯვენა ფლანგიდან...“

ფელიქს ტყებუჩავა (ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების კავშირგაბმულობის მინისტრი, აფხაზეთის ომის დროს –სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი): „ სინდისი სუფთა მაქვს, იმიტომ რომ ყველას ვაფრთხილებდი, სოხუმში არ დაბრუნებულიყვნენ 1993 წლის სექტემბერში, რადგან ხალხი, ფაქტობრივად, ხაფანგში მიდიოდა. ვამბობდი, რომ მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, ხოლო ისინი, ვისაც სოხუმის დაცვა შეეძლო, იქ უნდა დარჩენილიყვნენ. ის ათი დღე, რომლის განმავლობაშიც სოხუმი ვითომდაც თავს იცავდა, სინამდვილეში იყო გათამაშებული. ის ნაწილები, რომლებიც იმ დროს სოხუმში იმყოფებოდნენ, ათი დღის განმავლობაში ქალაქს ვერ დაიცავდნენ. ეს იყო გაკეთებული იმისათვის, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ მტერი შეესია სოხუმს და მოწინააღმდეგემ ომით აიღო ქალაქი. ამიტომაც დაარქვეს ამას სოხუმის დაცემა, რათა არ გამოჩენილიყო ის გაუგონარი ვერაგობა, რომ განიარაღებულ ქალაქს დაეცა მოწინააღმდეგე და გაჟლიტა მოსახლეობა. ასეთი გახლდათ მხარეებს შორის შეთანხმება, რაოდენ საშინლადაც უნდა ჟღერდეს ეს სიტყვები. ეს ისტორიის ერთ-ერთი ფურცელია. სწორედ ამან მისცა შევარდნაძეს საშუალება, გაფრენილიყო სოხუმში და თავი გმირად გამოეცხადებინა — რომ ათი დღის განმავლობაში, თურმე, ის სხვებთან ერთად სოხუმს იცავდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო... 16 სექტემბერს ჩვენი მთავრობა ზუგდიდში იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმწამსვე გავიგეთ, რომ სოხუმზე შეტევა დაიწყო და ჩვენი ნაწილები მაშინვე დაიძვრნენ სოხუმის დასახმარებლად, მაგრამ სწორედ მაშინ შეასრულა ტყვარჩელმა ფატალური როლი. იქ ხომ მოწინააღმდეგის ბაზა იყო?! სწორედ ტყვარჩელიდან ჩამოსულმა შეიარაღებულმა რაზმებმა გადაკეტეს სოხუმი-ოჩამჩირის გზა. მართალია, ჩვენმა რაზმებმა მაინც შესძლეს ტამიშამდე მისვლა, იქ ერთი პერიოდი თითქოს დაიწყო კიდეც ერთგვარი თანამშრომლობაც, ყველამ დაინახა, რომ საერთო უბედურება იყო კარს მომდგარი და გამომდინარე აქედან, ეგრეთ წოდებულმა სამთავრობო ჯარმა და ჩვენმა ნაწილებმა ოჩამჩირეში ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს; ქობალიამ შეასრულა კიდეც მასზე დაკისრებული ამოცანა და, სხვათა შორის, ყარყარაშვილმა, მართლაც, შეიყვანა ორასი კაცი სოხუმში, მაგრამ მან ეს გააკეთა ქობალიას დახმარებით, ვინაიდან ქობალიამ შეასრულა თავისი ამოცანა. მაგრამ ამას უკვე არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან წაგებულის მოგება უკვე შეუძლებელი იყო. ქობალია, სხვათა შორის, ეგრეთ წოდებული სამთავრობო ჯარის ნაწილებმა მიატოვეს მარჯვენა ფლანგიდან და დღეს ამის არც რცხვენიათ, პირიქით, აცხადებენ — ჩვენ, ქართველები მშიშრები ვართო. იმ დროს ჩვენი შეიარაღებული შენაერთები და ასევე სამთავრობო ნაწილებიც ოჩამჩირეში იმყოფებოდნენ. ვითარებას კრიტიკულს ხდიდა ის, რომ, ერთი მხრივ, ეს გახლდათ ტრაგედია, რადგანაც მტერი უკვე სოხუმში იყო და მეორე, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჯერ კიდევ შეიძლებოდა მდგომარეობის გამოსწორება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შენაერთები ოჩამჩირეში ერთმანეთს შეხვდნენ, არ არსებობდა ერთიანი გეგმა და ყველა ბატივით იყო დაბნეული. ხოლო ჯარი, რომელსაც არ ჰყავს ხელმძღვანელობა, არის ბრბო, როგორებიც არ უნდა იყვნენ ჯარისკაცები. სამთავრობო ჯარს, მართლაც, არ ჰყავდა ხელმძღვანელობა. ამდენად, საჭირო იყო ერთიანი ხელმძღვანელობა, რათა ჯარს სცოდნოდა, რომ ემორჩილება ერთ სარდალს. ამიტომაც ჩავიდა ბატონი ზვიადი ოჩამჩირეში. მას არ აუღია თავის ხელში სამხედრო სარდლობა, მაგრამ ჯარს უნდა სცოდნოდა, რომ ეყოლებოდა ხელმძღვანელი და სწორედ ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნული ხელმძღვანელობა უნდა ყოფილიყო გაერთიანებული ჯარების მეთაური. ყოველ შემთხვევაში, მთავარი იყო, ყველას კოორდინირებულად ემოქმედა. და უნდა ითქვას, რომ ის ხალხი, შევარდნაძის ჯარის ნაწილებს ვგულისხმობ, ვინც გაიგო ვითარების ტრაგიკულობა, რომ განგებ მიჰყავთ ომი წაგებისკენ, დათანხმდა ერთიან სარდლობაზე და იმაზეც, რომ ეცნოთ ზვიად გამსახურდია უმაღლეს მთავარსარდლად. მაგრამ, სამწუხაროდ, აქედან არაფერი გამოვიდა, იმდენად კარგად იყო ომის წაგება დაგეგმილი, რომ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი იყო ჯარების იმ ნაწილით, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. როდესაც ჩვენი სამხედრო შენაერთები მზად იყვნენ ნებისმიერი სამხედრო ამოცანის შესასრულებლად და შეასრულეს კიდეც, სამთავრობო ჯარმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ამოცანა. ჩვენი შენაერთები უნდა წასულიყვნენ მარცხენა ფლანგზე, ზღვის მიმართულებით და შესულიყვნენ ტამიშ-კინდღამდე, სხვები კი მარჯვენა ფლანგით უნდა წამოსულიყვნენ, შეერთებოდნენ ქობალიას ხალხს კინდღთან და ერთობლივად შეეტიათ სოხუმისთვის. მაგრამ რეალურად, ეგრეთ წოდებული სამთავრობო ჯარების შენაერთები არ მივიდნენ კინდღამდე. ახლა ისინი ერთმანეთს აბრალებენ და აცხადებენ, რომ თითქოს მოულოდნელად ლოთი ქობალიას მხრიდან მათი პოზიციები დაიბომბა, რამაც გამოიწვია არეულობა და ასე შემდეგ. რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი ბატებივით იყვნენ დაბნეული, დატოვეს თავიანთი პოზიციები, ამასთან, მიატოვეს ლოთი ქობალიას ნაწილებიც, რის შედეგადაც მოწინააღმდეგეს თავისუფლად შეეძლო მათი ალყაში მოქცევა. მართლაც, შეთანხმებულად რომ ემოქმედათ, შესაძლებელი იყო ოჩამჩირე-სოხუმის გზის გახსნა და კიდევ ვიმეორებ, ეს პრობლემაც იმიტომ შეიქმნა, რომ ტყვარჩელის პლაცდარმი თავის დროზე არ იყო განადგურებული. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, ბოლო მომენტშიც კი შეიძლებოდა სიტუაციის ნაწილობრივ გამოსწორება მაინც. მაგრამ ისინი დღეს აღიარებენ, რომ კურდღლებივით გამოიქცნენ.

1993 წელი, სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის დასაწყისი, ოჩამჩირე. ვერსია III - „ბრძანება მოვიდა: რუსებს უკან დაუბრუნეთ წართმეული ტექნიკა!“

ელგუჯა თოხაძე, ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის მეთაური (24-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულება არ შეეხო, რადგან ის ადგილობრივი მოსახლეობისგან იყო დაკომპლექტებული, თუმცა მძიმე შეიარაღება მათაც ჩამოართვეს): „ ოფიციალურად მივწერეთ ყველა ინსტანციას, რომ, თუკი საქართველოს ჯარები გადიან, ჩვენ, რა, არ ვართ ქართველები, მაშინ ჩვენც გაგვიყვანეთ, ოღონდ, ჩვენი ტექნიკიანადო. სხვათა შორის, ამ გზით ერთი კვირა მოვიგეთ, ანუ, როდესაც გენო ადამიას ბრიგადა განაიარაღეს, ჩვენ კიდევ ერთი კვირა დავრჩით შეიარაღებულები. წარმოიდგინეთ, ამდენი ხნის განმავლობაში ერთმანეთს ვესროდით და შემდეგ უცებ განგვაიარაღეს, ადამიანი კი არა, ძაღლიც იგრძნობდა ინსტინქტით, რაც შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა და ცუდად რომ იქნებოდა საქმე. რად უნდა იმას თქმა, რომ შინაგანად ვგრძნობდით საშიშროებას, როდესაც ძალები დააშორიშორეს და დამკვირვებლები ჩააყენეს. ეს დამკვირვებლები რუსები იყვნენ და ზედმიწევნითი სიზუსტით წერდნენ, ვინ რა დააშავა, რა გადამალა, როგორ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ასე შემდეგ... ჩვენს ბრიგადას ერთი დარღვევაც კი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა გადამალული გვქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელშეკრულების გაფორმებიდან რაღაც დროის შემდეგ, ადამიანებმა დაიჯერეს, რომ, მართლაც, სასიკეთოდ შემოტრიალდა ყველაფერი, რომ ზემოთ მორიგდნენ და საბოლოოდ დამყარდა მშვიდობა. სხვათა შორის, რუსების ერთი ბრიგადა იდგა პორტში, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ასევე კარგი ურთიერთობა გვქონდა რუსების სასაზღვრო რაზმთან. ერთი სიტყვით, რუსების ორი ნაწილი იდგა ოჩამჩირეში ომის დროს. საბჭოთა დროს თურქეთის მთელ საზღვარს სწორედ ოჩამჩირის სამხედრო ნაწილიდან აკონტროლებდნენ რუსები. ოჩამჩირის პორტში ისეთი რაოდენობის ძალა და ტექნიკა იყო გალაგებული, რომ მათ, ბუნებრივია, ძალით ვერ მოვერეოდით, მაგრამ ვეშმაკობდით; ხან წყალს გადავუკეტავდით, ხან პურს აღარ ვაწვდიდით, მათ გარშემო ხომ ჩვენი ბატალიონები იდგა?! ხანაც, სიგარეტები მიგვქონდა. ერთი სიტყვით, ასე თუ ისე, მაინც ჩვენზე იყვნენ დამოკიდებული, რადგან რუსეთიდან მომარაგებას ვერ იღებდნენ. 16 სექეტმბერს იყო ღალატი... რუსებმა და აფხაზებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და, მართლაც, მუხანათურად დაგვესხნენ თავს. სხვათა შორის, რუსი დამკვირვებლებიც, რომლებიც ოჩამჩირეში იყვნენ, არ ელოდნენ ამას, ფერი არ ედოთ სახეზე, როდესაც შეიტყვეს, რომ სოხუმზე შეტევა დაიწყო. 24–ე ბრიგადა, ბუნებრივია, განიარაღებული იყო და ჩვენი კუთვნილი იარაღის საკეტები ოჩამჩირის პორტში ჰქონდათ რუსებს. არადა, სერგეი, მათი მეთაური, რომელიც ჩვენთან მეგობრობდა, თურმე, წინა ღამით გადაუყვანიათ და მის ნაცვლად, მისი პირველი მოადგილე, უბედურის ერთი, დაუნიშნავთ. ჩვენ, ბუნებრივია, ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. არადა, იმედი მქონდა, რამე რომ მომხდარიყო, სწორედ ის დამიბრუნებდა საკეტებს და, შესაბამისად, ჩვენს ტექნიკასაც დავიბრუნებდით. 16 სექტემბერს, დილით, დაგვიკავშირდნენ შტაბში და გვითხრეს, რომ სოხუმზე შეტევა დაიწყო, ცაგერა უკვე აიღო მოწინააღმდეგემ და უკვე არადუშიც შემოიჭრნენო. მაშინვე პორტში გავიქეცი საკეტების დაბრუნების იმედით. მივედი, მაგრამ სერგეი აღარ დამხვდა და, საერთოდაც, არ შემიშვეს პორტის ტერიტორიაზე. მივხვდი, რომ საქმე ცუდადაა: ან უნდა გავიქცეთ, ან უნდა შევაკლათ თავი. არადა, ჩვენი ტექნიკა აქვეა... როგორც იქნა, მოვახერხეთ და შევედით პორტის ტერიტორიაზე. მე და ნაურმა, ჩემმა პირველმა მოადგილემ ასეთი რამ გავითამაშეთ: ერთი „გრადი“ გაგვაჩნდა, რომელსაც, მართალია, ყველაფერი მოხსნილი ჰქონდა და ბრძოლაში ვერ გამოიყენებდი, მაგრამ ბიჭებმა მოახერხეს და ისეთ მდგომარეობაში მოიყვანეს, რომ ერთი მიმართულებით გასროლა მაინც შეეძლო. ანუ „გრადი“ გამართული იყო. არც კი ვიცი, როგორ გამორჩათ რუს დამკვირვებლებს. ერთი სიტყვით, სწორედ ეს „გრადი“ დავუმიზნეთ პორტს. ამას გარდა, სერგეის დროს რუსების შტაბიდან ჩვენს შტაბამდე სპეციალური კაბელი გავიყვანეთ, რათა პირდაპირ დავკავშირებოდით ერთმანეთს, თუკი რამე დაგვჭირდებოდა, სერგეის მოადგილე ამის შესახებ არაფერი სცოდნია. როდესაც შევედი მასთან და მოვთხოვე საკეტები, ცხადია, მათ გადმოცემაზე უარი მითხრა. მაშინვე დავავლე ხელი ტელეფონს, ნაური გამოვიდა ხაზზე, გადავეცი ყურმილი რუსს და ვუთხარი, ეს არის ჩემი არტილერიის უფროსი და უსმინე, რასაც გეტყვის–მეთქი. ნაურ ჯიქიამ უთხრა, რომ „გრადი“ პორტზეა დამიზნებული, პორტში კი უამრავი იარაღია და ერთი გასროლა იქნებოდა საკმარისი და ჰაერში ავიწეოდით ყველა. ამ დროს ჩემი პისტოლეტიც დავუდე მაგიდაზე, რადგან დასაკარგი უკვე არაფერი მქონდა. რუსის მეთაურმა ნაურის უთხრა, ამის გაკეთებას ვერ შეძლებთო. ეს ჩემი საქმეა, როგორც გავაკეთებო, უპასუხა ნაურმა... ერთი სიტყვით, წავართვით საკეტები. მაგრამ ჩვენი ტექნიკაც პორტის ტერიტორიაზე იდგა, ხომ გინდა გაყვანა?! არადა, ჩვენს მანქანებს იქ არ შეუშვებდნენ, ამიტომ პორტის შესასვლელთან მივაყენეთ „ურალები“ და იქ მივაყვანინეთ ჩვენი ტანკები. ამასთან, საკეტი უამრავია და ზუსტად არ ვიცით, რომელი რომლისაა. დრო კი მიდის... არც საწვავია ტანკებში... ხალხს ვედროებით მოჰქონდა, რის მოტანაც შეეძლო... მძიმე ტექნიკაც დავიბრუნეთ და დღის ორი საათისთვის დაკარგულ ტერიტორიებსაც უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით. იმ ბრძოლებში 32 მებრძოლი დაგვეღუპა და 72 დაგვეჭრა... გვირეკავენ თბილისიდან, გვილოცავენ... ჯილდოც შემომთავაზეს, უარი ვთქვი; გენერლის ჩინიც — მასზეც უარი ვთქვი... სოხუმიდან დაგვიკავშირდნენ შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი, ვითხოვე კონტრშეტევაზე გადასვლა. დამთანხმდნენ, ოღონდ, შორს არ მისდიოთ, არ შეგიტყუონ და არტილერიით დაბომბეთ მათი პოზიციები, შენს საზღვრებს ნუ გასცდებიო.  შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი... ამ დროს კი, გულუა და ადამია კოდორის ხიდთან იბრძვიან და მათ საერთოდ არ ჰყავთ ტექნიკა. ამასობაში ჩვენ დავაპატიმრეთ რუსების „დშბ“–ის ბატალიონი, ბატალიონი ერქვა, თორემ, გენერალი არენიხინი იყო მათი მისი მეთაური, რომელიც ახლა, სხვათა შორის, კოლესნიკოვის მოადგილეა, იმის თქმა მინდა, რომ დააწინაურეს, მაშინ, როდესაც ჩვენ პირიქით, ერთმანეთს ვჭამთ... ერთი სიტყვით, რუსებს ჩვენი ტექნიკაც წავართვით და მათიც, მოვაქციეთ ალყაში და ვუთხარით - აბა, ბიჭებო, თუ წყნარად იქნებით, ცოცხლებიც დარჩებით, და დავურეკე პრეზიდენტს სოხუმში. ვეუბნები, რომ მყავს ტექნიკა და ვეკითხები, როგორ ვასარგებლო ამ ტექნიკით სოხუმი. ამას გარდა, რუსებთან ერთად ტყვედ ავიყვანე ცხრა აფხაზი დამკვირვებელი, ტყვარჩელში კი ჩვენი დამკვირვებლები იყვნენ და ამიტომ იცოდნენ აფხაზებმა, იმათთვის რომ რამე დაეშავებინათ, მე მათი ცხრა კაცი მყავდა. რუსი კი, თავის მხრივ, ხედავდა, რომ გამოჭერილი იყო, რადგან არ იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა, არანაირი ბრძანება არ ჰქონდა... მოკლედ, დიდ ტექნიკასა და საუკეთესო შეიარაღებაზე იყო ლაპარაკი. ეს ყველაფერი ვუთხარი შევარდნაძეს. ერთ საათში გეტყვი, როგორ უნდა მოიქცეო, მიპასუხა... ბრძანება მოვიდა - რუსებს უკან დაუბრუნეთ წართმეული ტექნიკა, არადა, ბიჭებს უკვე დანაწილებულიც კი ჰქონდათ რუსების ერთი მანქანა გამექცა, ვითომ სოხუმისკენ წავიდა, მაგრამ, ხომ ვიცი, რომ გზაზე ჩვენები არიან. დავურეკე გულუას და ადამიას და ვუთხარი, რომ მათი მიმართულებით მიდიოდა შეიარაღებით სავსე მანქანა და დაეკავებინათ. მართლაც, გააჩერეს და წაართვეს მთელი შეიარაღება. ერთი დღე და ღამე იმ შეიარაღებით ებრძოდნენ აფხაზებს. ერთ საათში მოვიდა შევარდნაძის ბრძანება, რომ პორტში მიგვეცილებინა რუსები, იქ შემოვიდოდა გემი და ამ ტექნიკას წაიღებდა. მე ბრძანება შევასრულე. რაღაც ფანტასტიკური გემი მოადგა ოჩამჩირის სანაპიროს, საჰაერო ბალიშები ჰქონდა, პირდაპირ ნაპირზე ამოვიდა, ჩატვირთეს მთელი ის ტექნიკა და, ალბათ, სოხუმისკენ წაიღეს. სამი „კრაკადილის“ ტიპის ვერტმფრენი აცილებდა... ჩვენს ბრიგადას ტამიშამდე ეკავა პოზიციები, ტამიშს იქით პირველი კორპუსი იდგა, კინდღიდან კი — 23-ე ბრიგადა. როდესაც გუჯარ ყურაშვილი ჩამოვიდა, მითხრა, ხომ იცი, თბილისიდან გამომგზავნეს და უნდა დამემორჩილოთო. იმ დროსვე შემოიყვანეს ლოთი ქობალიას ნაწილებიც, ესე იგი, გამოვიდა, რომ ერთსა და იმავე ადგილას და დროს იყო ორი გვარდია და გვარდიის ორი სარდალი: ძველი და ახალი — ქობალია და ჭუმბურიძე. გუჯარი მეუბნება, ახლა არ დაიწყოთ იმის გარკვევა, ვინ ზვიადისტია და ვინ — არაო. არადა, ჩვენ, ოჩამჩირლებს ეს პრობლემა არასდროს გვქონია, ჩვენ არც ვყოფილვართ ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებულნი, არც იარაღი აგვიღია ხელში ერთმანეთის წინააღმდეგ; ან ვინ მეკითხებოდა მე, ქობალიას ოჩამჩირეში შემოშვებას?! ერთი სიტყვით, ქობალიას ნაწილები კინდღში დადგნენ. ყურაშვილმა მითხრა: აგერ არის ლოთი, მე ჭუმბურიძის გვარდია მყავს, თქვენ ოჩამჩირეში იდექითო. ვუთხარი, რომ ჩემს ორ ბატალიონს სოხუმში წასვლის სურვილი აქვთ-მეთქი, რადგან ვიცოდი, რომ ბიჭები არ გაჩერდებოდნენ. არავითარ შემთხვევაშიო, - მიპასუხა. დაიწერა ყველაფერი, ვის რა ვალდებულება ჰქონდა, რა ამოცანა უნდა შეესრულებინა. შტაბი ცაგერაში გვქონდა. ერთი სიტყვით, ბრძანების თანახმად - 24–ე ბრიგადას ინგირის ხიდიდან ცაგერამდე პერიმეტრი უნდა გაგვეკონტროლებინა (ეს ზურგი იყო); ცხენისწყლიდან კოდორამდე — პასუხისმგებელი იყო პოლკოვნიკი ბარბაქაძე; გარღვევაზე კი — ყურაშვილი, ქობალია და ჭუმბურიძე; ანუ თავის თავზეც დაწერა ბრძანება ყურაშვილმა. ყველას გვესმოდა, რა იყო ჩვენი ამოცანა, ისიც ვიცოდით, რა რაოდენობის რეზერვი გვყავდა და რა რაოდენობის ხალხის გაშვება შეგვეძლო სხვების დასახმარებლად. ამ დროს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა დათუაშვილიც ოჩამჩირეშია. დათუაშვილის ბრძანებით ვასრულებდი ყურაშვილის ბრძანებებს. ყურაშვილმა მოითხოვა, კავშირის ჩემი საშუალება მინდა მქონდესო და გამოვუყავით „სვიაზის“ მანქანა, „კაშეევკას“ რომ ეძახიან. მოითხოვა ერთი ბატარეა. სულ მცირე, ხუთასკაციანი რეზერვის გაგზავნა შეგვეძლო სოხუმში ვერც ჩემი ბიჭები ისვენებენ და ვერც ჩამოსულები, სოხუმისკენ მიიწევენ. განსაკუთრებით, ორი ბატალიონი - სოსო სილაგაძის, მიუხედავად იმისა, რომ იმჟამად დაჭრილი იყო და რუზგენ გოგოხიასი აქტიურობდნენ. სულ რვა ბატალიონი მყავდა. დათუაშვილის ბრძანებით, დავთვალეთ რეზერვი, რომ გაგვერკვია, საჭიროების შემთხვევაში რა ძალით შეგვეძლო მივშველებოდით სოხუმს. აღმოჩნდა, რომ 500–კაციან რეზერვს ვაგროვებდით. ყოველდღე იკრიბებოდა შტაბის წინ ეს ხალხი, თანაც, საუკეთესო შეიარაღება ჰქონდა და ელოდა ბრძანებას! როგორც იქნა, შევთანხმდით, ისიც დიდი ხვეწნა–მუდარის შემდეგ, იმაზე, რომ პოლკოვნიკ ალანიას 50, ზურაბ ძოწენიძის 47 და რუზგენის 160 კაცს ზღვიდან გადავსხამდით. ავტორი: მიხეილ ბოლქვაძე წყარო: for.ge ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ომი
#პოლიტიკა
#ოკუპაცია
#sokhumidaily
0