"კრემლს ჩემი მოკვლა სურს!" - გრიგორი როდჩენკოვმა ცნობილი დოპინგსკანდალის დეტალებზე ისაუბრა

0
გრიგორი როდჩენკოვი მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი და რუსეთის ყველაზე დიდი დოპინგსკანდალის მთავარი მოწმეა. რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სადოპინგე ოპერაცია ძალიან კარგად დაგეგმილი იყო და ამიტომაც წარმატებით დასრულდა. მოსკოვმა ამგვარი გზით და მრავალი ტყუილის მეშვეობით საერთაშორისო ჩემპიონატებზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა. მათ შორისაა 2012 წელს ჩატარებული ლონდონის ოლიმპიადაც, რომელსაც როდჩენკოვი ისტორიაში ყველაზე ბინძურ საქმედ იხსენებს. კითხვაზე, თუ რა იცოდა რუსეთის პრეზიდენტმა ამ ყველაფრის შესახებ, როდჩენკოვი პასუხობს, რომ ძალიან ბევრი რამ. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა იცოდა ამ ოპერაციების შესახებ, იგი რეგულარულად იღებდა ინფორმაციებს. მისი აზრით, სახელმწიფოს როლი ამ ყველაფერში აშკარაა. გრიგორი როდჩენკოვი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიას ასწავლიდა. 1980-იან წლებში კი საბჭოთა კავჭირის დოპინგის კონტროლის ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა. იგი აღიარებს, რომ საკუთარი კარიერის განმავლობაში ასობით დოპინგის შედეგები გაუყალბებია, მათ შორის იყვნენ „ვარსკვლავი“ სპორტსმენებიც. მისი თქმით, ამ ოპერაციებს იგი პოლიტიკოსებთან და თანამდებობის პირებთან ერთად ახორციელებდა. როდჩენკოვმა პუტინის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში იგი აღიქმებოდა, როგორც პრეზიდენტი, რომელიც რუსეთს უდიდეს ძალად ჩამოაყალიბებდა. სპორტულ არენაზე კი მოვლენები სხვაგვარად ვითარდებოდა. 2010 წელს პუტინი იმედგაცრუებული იყო ზამთრის ოლიმპიადაზე რუსული გუნდის წარუმატებლობის გამო, სადაც მათ მხოლოდ სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. პუტინმა გასცა ბრძანებები, რომ რუსეთის მდგომარეობა ამ მხრივ სასწრაფოდ უნდა გაუმჯობესებულიყო. სოჭის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, მოსკოვმა სადოპინგე ოპერაციები თავბრუდამხვევ შედეგებამდე მიიყვანა. პუტინმა „ეფ-ეს-ბე“-ს საიდუმლო აგენტები გაგზავნა ადგილზე. მათ ასევე აღმოაჩინეს როგორ გაეხსნათ ის ბოთლები, რომლებსაც ტესტის გაკეთებისას იყენებდნენ. შედეგად, დადებითი შედეგის მქონე ტესტებს უარყოფითით ჩაანაცვლებდნენ. როდჩენკოვის პრობლემები 2015 წელს დაიწყო, როდესაც გერმანიამ იგი სადოპინგე ოპერაციების ხელმძღვანელობაში დაადანაშაულა. მან გაანალიზა, რომ იგი ძალიან საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და რუსეთი დატოვა. თან წაიღო კომპიუტერი, სადაც კრემლის დანაშაულების სამხილებს ინახავდა. მას შემდეგ, რაც როდჩენკოვი ამერიკაში ჩავიდა მან ყველაფერი აღიარა და რუსეთის ტყუილების, დანაშაულის დაფარვებისა და სახელმწიფოს ყოვლისშემძლე როლის შესახებ ისაუბრა. ხუთი წლის შემდეგ ის დღესაც ფიქრობს, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა. პუტინი, რა თქმა უნდა, ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ დასავლეთის მიერ შეთხზულს უწოდებს. წყარო: The Guardian სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ.
0