როგორ იქცა ელენ დეჯენერესი 2020 წლის უარყოფით გმირად

0
თუ სატელევიზიო სივრცეში კეთილგანწყობილი წამყვანების გახსენებას შევეცდებით, ერთ-ერთი პირველი ელენ დეჯენერესი გაგვახსენდება. თუმცა, ამის შემდეგ, ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით - გაგვახსენდებოდა, რადგან ელენ დეჯენერესი ბოლო დროს საკმაოდ დიდ სკანდალში გაეხვა და 2020 წლის უარყოფითი გმირის სტატუსიც დაიმსახურა. როგორც აღმოჩნდა, სელებრითი სტუმრების საყვარელი წამყვანი და აუდიტორიის რჩეული სატალევიზიო სახე სულაც არ არის ისეთი კეთილგანწყობილი, როგორც აქამდე გვეგონა. ყოველ შემთხვევაში, სოციალურ მედიაში გავრცელებული გარკვეული განცხადებების ავტორები ამბობენ, რომ ელენი ეკრანზე და ელენი რეალურ ცხოვრებაში სრულად განსხვავდება ერთმანეთისაგან. დეჯენერესის და მისი საავტორო გადაცემის ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა, მხილებების სერიამ სამუშაო გარემოს შესახებ ოფიციალური გამოძიების დაწყებას მისცა ბიძგი, საბოლოოდ კი გავრცელდა ხმები, რომ შოუ იხურება. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელ ინფორმაციას პროდიუსერები უარყოფენ, მრავალწლიანი გამოცდილებით შეგვიძლია ერთი რამ ნამდვილად ვთქვათ - რაზეც საერთაშორისო მედია ასე აქტიურად საუბრობს, ადრე თუ გვიან სიმართლე აღმოჩნდება ხოლმე.
იმისათვის რომ სრული სურათი წარმოვიდგინოთ, დეტალურად მივყვეთ მოვლენებს, რომლებიც ელენ დეჯენერესის, მისი შოუს ირგვლივ განვითარდა და რამაც ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო ვარსკვლავის სტატუსი და შესაძლოა კარიერაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

Nikkie de Jager-ის სტუმრობა ელენის შოუში

სანამ თანამშრომლების ბრალდბებზე გადავიდოდეთ, უნდა შევეხოთ Beauty ვლოგერის Nikkie de Jager-ის The Ellen DeGeneres Show-ში სტუმრობას. Nikkie de Jager სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული პერსონაა, youtube-ზე მის არხს - NikkieTutorials-ს 13, 5 მილიონი გამომწერი ჰყავს. სწორედ Nikkie გახდა ის ცნობილი ადამიანი, რომელმაც ელენი საჯაროდ ამხილა ცუდ მოპყრობაში. პოპულარული ვლოგერი ელენმა შოუში იანვარის თვეში მას შემდეგ მიიწვია, რაც Nikkie-მ საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. მოგვიანებით ნიკიმ აღნიშნა, რომ ყველასათვის ნაცნობი ფამილიარული, თბილი, მეგობრული და კეთილი ელენის მაგივრად, სტუმრობისას ცივი და უხეში ადამიანი დახვდა წამყვანად. მარტში, ნიდერლანდებში ერთ-ერთ პოპულარულ თოქ შოუში სტუმრობისას ნიკიმ დეტალურად ისაუბრა ელენის შოუში მიღებულ გამოცდილებაზე: „პირველ რიგში გეტყვით, რომ დიდი განსხვავებაა საზოგადოებისათვის ნაცნობ და რეალურ ელენს შორის! მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაცემაში სტუმრობა ჩემთვის დიდი პატივია, ეს მომენტი საკმაოდ უსიამოვნო და არაკომფორტული აღმოჩნდა. ის კეთილგანწყობილი გარემო, რასაც ეკრანიდან ვხედავთ, რეალობას სრულებით არ ასახავს. შეიძლება ნაივური დამოკიდებულება იყო ჩემი მხრიდან, თუმცა, ველოდი რომ ყველა თბილად დამხვდებოდა. ამის მაგივრად, შემხვდა გაბრაზებული სტაჟიორი, რომელიც სავარაუდოდ ზედმეტი მუშაობისგან იყო გაღიზიანებული” . Nikkie-მ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ვერ მიიღი ის სერვისები, რასაც ამ შოუში როგორც წესი, სხვა სელებრითებს სთავაზობენ. მათ შორის, მაგალითად, პირადი საპირფარეშო, რომლის გამოყენებაზე უარი უთხრეს. მიზეზი კი იყო შემდეგი - პირადი საპირფარეშო Jonas brothers-ისათვის იყო დაჯავშნული.

გავრცელებული ისტორიები twitter-ში

აპრილში კომიკოსმა Kevin T. Porter-მა ტვიტერის მომხმარებლებს იმ ისტორიების გაზიარება შესთავაზა, რომლებიც ელენის ნამდვილ, არაკეთილგანწყობილ პიროვნებას დაამტკიცებდა. Kevin T. Porter-მა ისტორიების სანავლოდ სოციალური ქსელის მომხმარებლებს 2 დოლარიანი დონატიც კი შესთავაზა. საბოლოოდ პოსტს ათასობით გამოხმაურება მოჰყვა - ყოფილი ფანები, მაყურებლები და ჩაწერებზე დამსწრე ადამიანები ელენის შესახებ საკმაოდ უსიამოვნო ფაქტებს ჰყვებოდნენ. ძირითადი ისტორიები აჩვენებდა, თუ როგორი უხეშია ელენი საკუთარი აუდოტორიისადმი კამერის მიღმა. ტვიტერში გავრცელებული ისტორიები იმასაც აღწერდა, თუ როგორ მკაცრად და დისკრიმინაციულად ეპყობოდა ელენი ხელქვეითებს.

მაყურებლების კრიტიკა

დეჯენერესმა კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგაც, როცა თვითიზოლაციის პირობებში ონლაინ გადაცემისას თქვა, რომ სახლში ყოფნა ციხეში გამოკეტვას ჰგავს. ამ ფრაზას სოციალური ქსელების მომხმარებლებისგან უარყოფითი რეაქციბი მოჰყვა - მაყურებლებმა ელენს შეახსენეს, რომ ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეალურად იხოცებოდნენ covid19-ის ვირუსით, მაშინ, როცა ის მრავალმილიონიან ვილაში კომფორტულად ცხოვრობდა და შეუფერებელ ხუმრობებს ამბობდა.

თანამშრომლების ბრალდებები

მთავარი სკანდალი კი აპრილში ატყდა, როცა ელენი და მისი გადაცემის შემოქმედებითი გუნდის ხელმძღვანელები ტოქსიკური სამუშაო გარემოს შექმნაში ამხილეს. Variety-ის გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი წერდა, რომ შოუს ხელმძღვანელები ხელქვეითებს სტრესულ გარემოში ამყოფებდნენ. პანდემიის პირობებში შექმნილი სიტუაციისას, თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საკუთარ სამუშაო საათებზე, ანაზღაურებაზე და ზოგადად იმ შრომითი უფლებების უზრუნველყოფაზე, რასაც მათი ხელშეკრულება ითვალისწინებდა. გარდა ამისა, ანონიმურმა წყაროებმა ელენის შოუს პროდიუსერები რასისტულ და სხვადასხვა შინაარსის დისკრიმინაციულ მოპყრობაშიც ამხილეს.
ასევე აპრილში, ელენის ყოფილმა დაცვამ Fox news-თან საუბრისას გაიხსენა მისი გამოცდილება პოპულარულ ტელეწამყვანთან მუშაობისას. 2014 წლის ოსკარის ცერემონიისას, ელენმა ტომ მაჯერსეკი დაიქირავა. როგორც ტომი იხსენებს, ელენი ერთ-ერთი ის სელებრითია, რომელიც დაქირავებულ ადამიანებს არაფრად აგდებს და გამარჯობასაც არ ეუბნება.
ელენი ზედმეტად ამბიციურ ადამიანად მოიხსენია მისმა ყოფილმა პროდიუსერმა. მისი თქმით, დეჯენერესი არის ადამიანი რომელიც მუდამ იყენებს თავის პრივილეგიებს. ამის საილუსტრაციოდ მაგალითიც გაიხსენა - “ერთხელ ელენმა სათვალეები დაკარგა და თავის აიფონზე შემოსულ ტექსტურ შეტყობინებებს ვერ კითხულობდა. ის ადგა და სტივ ჯობს დაურეკა, რათა აიფონის ფონტის ზომაზე საყვედური ეთქვა. შეწყვიტა ყველანაირი საქმე და ჯობსს დაურეკა, მე არ ვიცი მათი საუბრის შინაარსი და რა უპასუხა სტივმა, მხოლოდ გავიგე მისი ხმა - “გამარჯობა, ელენ”.
სხვადასხვა მამხილებელმა ინფორმაციამ და უპირველეს ყოვლისა, ყოფილი თანამშრომლების მხრიდან დისკრიმინაციის მაგალითებმა WarnerMedia-ს საბოლოოდ გამოძიების დაწყებისაკენ უბიძგა. ინფორმაცია ოფიციალურად ივლისში გავრცელდა. ამის შემდეგ, წამყვანმა პირველად გააკეთა საჯარო კომენტარი და თანამშრომლებს ბოდიში მოუხადა. როგორც განცხადებაში ის ამბობდა, შოუს შესახებ არსებული პრეტენზიები და მხილებები სამწუხაროა, რადგან რეალურად ელენს ბედნიერი გარემოს შექმნა სურდა. “როგორც ჩანს, ყველა არ ასრულებდა თავის საქმეს სათანადოდ” - განხილვის საგანი შეიძლება გახდეს ეს ბოდიში - არის ეს ელენის მხრიდან სწორი ნაბიჯი, თუ წამყვანმა პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანა.
ერთ-ერთი უახლესი ამბავი კი, რომელიც საერთაშორისო მედიაში გავრცელდა, როგორც უკვე აღინიშნა, The Ellen DeGeneres Show-ს დახურვას შეეხება. საერთაშორისო მედია და ფორუმების მომხმარებლები წერდნენ იმასაც, რომ ელენს ახალი სატელევიზიო სახე - ჯეიმს კორდენი ჩაანაცვლებდა. უკანასკნელი ინფორმაციით, “ელენის შოუს” აღმასრულებელმა პროდიუსერმა ეს გავრცელებული ხმები კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ The Ellen DeGeneres Show-ს დახურვა არ იგეგმება.
0