23 votes
0 comments
0 shares
Save
184 views
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 5 months ago

”ცოლ-ქმარმა ერთად გაატარა 60 წელი. მათ ერთმანეთისგან არაფერი გააჩნდათ დაფარული. მხოლოდ ერთი საიდუმლო ჰქონდა ცოლს. მისი კარადის ზედა თაროზე იდო ფეხსაცმლის ყუთი, რომელშიც ქმარს არასოდეს არ ჩაუხედავს.

როდესაც ქალს წლები მოერია და ლოგინად ჩავარდა, გადაწყვიტა გაემხილა თავისი საიდუმლო და სთხოვა ქმარს, ჩამოეღო თაროდან ყუთი...

ქმარმა მოუტანა ყუთი და როდესაც გახსნა, დაინახა იქ ორი ძალიან ლამაზი მოქსოვილი თოჯინა და ფულის დასტა - 25 ათასი დოლარი.

-ეს რა არის? - ჰკითხა გაკვირვებულმა.

- იცი, ჩვენი ქორწილის წინ ჩემმა საყვარელმა ბებიამ გამანდო ოჯახური ბედნიერების საიდუმლო. მან მითხრა: ”როდესაც ქმარზე გაბრაზდები, არასოდეს არ შეეკამათო, წადი უჩუმრად და მოქსოვე ერთი თოჯინა”.

ქმარს თვალებზე ცრემლები მოადგა - ყუთში ხომ მხოლოდ ორი თოჯინა იდო! მან ჰკითხა მეუღლეს:

- კარგი და...ეს რაღა ფულია - შენ ხომ არასოდეს გადაგინახავს თანხა, ჩვენ ხომ ყველაფერს ოჯახს ვახარჯებდით?

- ეგ ფული თოჯინების გაყიდვით დამიგროვდა!”

მორალი: ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე, როდესაც ადამიანებს შორის კრიზისული პერიოდი დგება, ამ დროს ზომიერი მოთმინება ბედნიერების საწინდარია.

#goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 5 months ago
Similar Posts
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 week ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
Zugdidelebi. Ge
Batumi · 3 weeks ago
პატარა ამბები დიდ კაკა ჟვანიაზე
“მე კოლხი ვარ, ასი წელი ვარწიე, ქვეყნისათვის ბევრი ჯაფა გავწიე, ვხარობ, ვტკბები დღეს ზუგდიდის მშვენებით, რომ დასჭირდეს კედელს ჩავეშენები, ვერ დავდივარ, ვეღარ ვეალერსები, მის მიწაში მაინც მიდგას ფესვები, ძალას ვიკრებ, ერთხელ კიდევ ვეცდები, ვეამბორები მშობელ ქალაქს ლექსებით”, – ეს სიტყვები კაკა ჟვანიას უთქვამს ზუგდიდისთვის. ზუგდიდის კოლორიტზე, მშვენიერი მელექსეზე, “ვეფხისტყაოსნის” მეგრულად მთარგმნელზე, ფოლკლორის დიდ ამაგდარზე, უბადლო თამადაზე და ულამაზესი თვალთტანადობის, სიცოცხლეშივე ლამის ლეგენდადქცეულ კაკა ჟვანიაზე “ზუგდიდელები” მისი შვილიშვილის მურმან ჟვანიას მოგონებას გთავაზობთ. მურმან ჟვანია: -ბაბუა 1875 წელს დაიბადა ზუგდიდში, აზნაურ დიმიტრი ჟვანიას ოჯახში. როგორც მისგან გადმოცემით ვიცი, მამამისი, დიმიტრი ჟვანია იმ დროისათვის მეტად განათლებული და სახელოვანი პიროვნება ყოფილა, რომელსაც სწავლა-აღზრდა ეკატერინე და დავით დადიანების სასახლის კარზე ჰქონია მიღებული. მინდა ერთი საინტერესო დეტალი გავიხსენო, რომელსაც ბაბუა სიამაყით მიყვებოდა ხოლმე: ეკატერინე დავითს რომ შეურთავს და სამეგრელოში ჩამოუყვანიათ, “დიარაზე” მის პატივსაცემად “მარულა” გაუმართავთ-ზუგდიდიდან ცაიშამდე და ცაიშიდან ზუგდიდამდე. ეკატერინეს ერთი ცხენი და მისი 10-12 წლის მხედარი გამოურჩევია სხვებისგან, რომელზედაც ფსონს ჩამოსულა. მომხდარა ისე, რომ სწორედ იმ ცხენსა და მხედარს უმარჯვნია და პირველობა აუღია. ის მხედარი კი კაკას მამა, მაშინ პატარა ბიჭი, დიმიტრი ჟვანია ყოფილა. ეკატერინეს მოსწონებია ეს ბავშვი, აუყვანია სასახლეში და თურმე, თავისი ზედამხედველობით იზრდებოდა… ისე ჟვანიები, ჩვენი შტო, მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყედან ვართ წარმოშობით. წოდებით-ტახტის აზნაურები. გუტი ჟვანია-დიმიტრის მამა და კაკი ბაბუა, რუსეთის იმპერატორი, ნიკოლოზ I რომ ჩამობრძანდა, გრიგოლ დადიანს ახლდა, თურმე. გოლიათური აღნაგობის გუტი იმპერატორს “დამხვდურებში” გამოურჩევია და მისი ვინაობა უკითხავს დადიანისთვის. გუტი ჟვანიას ცალი ჩექმა მარტვილის მუზეუმშია შენახული და ნორმალურ კაცს წელამდე წვდება, იმხელაა. ბაბუა ამაყობდა თავისი გვარითა და წინაპრებით. ხშირად ახსენებდა ანტონ ჟვანიძეს, რომელიც XVI საუკუნეში ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტის ხარისხის პირველი მატარებელი იყო და ბედიის ტაძარშია დასაფლავებული. -თვითონ კაკას რა განათლება ჰქონდა მიღებული? – ბაბუა იყო რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო პეტერბურგში-სამხედრო სასწავლებელი, რომელშიც უჩა დადიანი უწყობდა ხელს. წლების განმავლობაში, ის მეფის ოფიცერი იყო. პირველი მსოფლიო ომში მან “შტაბსკაპიტნის” წოდებაც მიიღო და უამრავი ჩინ-მედლით დაჯილდოვდა. რუმინეთში ტყვედ ჩავარდა, ათას უბედურებაგამოვლილი, ნაწვალები დაბრუნდა შინ. მანამდე, 1903 წელს ზუგდიდში გახსნილ პირველ სამრევლო სკოლას ედგა სათავეში და აქედან წავიდა ის პირველ მსოფლიო ომში. კარგად არ ვიცი, პეტერბურგში თუ სოხუმში მას პედაგოგიკის კურსები ჰქონდა დამთავრებული. მისი ნამოწაფარები იყვნენ სახელგანთქმული ლოტბარი კიწი გეგეჭკორი (რომელიც ბაბუას ენათესავებოდა და ბაბუას დედა, მატა გაგუა ზრდიდა). სერაპიონ შენგელაია, იასონ კვარაცხელია, დავით ფონია, ჭვატია ყალიჩავა. -არ გიყვებოდათ, ტყვეობას თავი როგორ დააღწია? -ო, ეს დიდი ისტორიაა, რუმინეთში “ბომბიროვკაში” მოხვედრილა, კონტუზია დამართნია და ტყვედ ჩავარდნილა- -ოჯახმა კი მიიღო ხელმწიფის წერილი, შავი ქაღალდი-მისი დაღუპვის შესახებ. უჩა დადიანი სამეგრელოში ყოფილა მაშინ. დაუტირიათ კაკა. როგორც ჩვენთან იყო მიღებული გამოუფენიათ “ნიშანი”, შეუსუდრავთ უკუღმაშეკაზმული ცხენი და გადაუხდიათ ქელეხი. მიწის ბორცვზე მის სახელზე ჯვარი აღუმართავთ, ქელეხის და ორმოცის ხარჯები უჩა დადიანს გაუღია, როგორც კაკას უფროს მეგობარსა და ახლობელს. ამის შემდეგ გადის დრო, ახლოვდება გარდაცვალების წლისთავი და ხდება ისე, რომ ქუთაისში მიმავალი უჩა დადიანი თავისი მხლებელი “ძიძიშვილებით” ხობის დუქანში ჩერდება დასანაყრებლად და მუხლის ჩასახრელად. მათ მყუდროებას მოულოდნელად დილიჟანსის ხმაური არღვევს. უჩა მხლებლებს გზავნის ამბის გასაგებად. თუ ვინ “დიდი კაცი” მოადგა ხობს “დილიჟანსით”. მათ ამბავი მოაქვთ, მიცვალებული კაკა ჟვანიას “გაცოცხლების” თაობაზე. უჩა არ იჯერებს ამას და ძიძიშვილებს შეუტევს, ორმა ჭიქა ღვინომ ისე როგორ დაგათროთ, რომ მკვდარი გელანდებათო. მას ეჭვი არ ეპარება ხელმწიფის ქაღალდის სისწორეში. ამასობაში კაკა, ჩინ-მედლებით მკერდდახუნძლული, უახლოვდება დუქანს, ნახავს უჩას და მუხლს მოიყრის მის წინაშე. გახარებული, გაოცებული უჩა წამოაყენებს კაკას ზეზე, ძმურად გადაეხვევა და შემდეგ სიტყვებს ეტყვის: შინ რომ მიხვალ, დედაშენს ჩემს მაგივრად მკერდზე აკოცე. შენ შენი ვაჟკაცობითა და მამაცობით დაიმსახურე ეს ჩინ-მედლები. მე კი მხოლოდ ერთი მაქვს-გიორგის ჯვარი და ისიც იმიტომ მომცეს, რომ დადიანი ვარო… ასე რომ, მან ერთი წლის მერე ტყვეობას თავი დააღწია. -დიდი იყო მისი სამეგობრო წრე… -ამით სულდგმულობდა. უაღრესად განსწავლული, ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის მცოდნე, მეგობრობდა შალვა დადიანთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან. ლეო ქიაჩელთან, ალიო მირცხულავასთან, აკაკი ხორავასთან. მე არა, მაგრამ ზუგდიდში ჯერ კიდევ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ ხეივანში მოსეირნე დიდი კონსტანტინე და ბაბუაჩემი… მან ავადმყოფი ბაბუა სიკვდილამდე 10 დღით ადრე ინახულა. -როდის დაიწყო “ვეფხისტყაოსნის” თარგმნა, თუ იცით, როგორ თარგმნიდა? -რვა წელი თარგმნიდა ბაბუა “ვეფხისტყაოსანს”. ორმოცდათვრამეტში დაიწყო და 1966 წელს დაამთავრა. წინ ედო 1712 წელს გამოცემული ვახტანგისეული “ვეფხისტყაოსანი” და შალვა ნუცუბიძისეული რუსული თარგმანი. ერთმანეთს უდარებდა მათ, სწონიდა თითოეულ სიტყვას… არჩევდა, უკეთეს ვარიანტს ეძებდა. მან ეს ტიტანური ნამუშევარი რუსთაველის 800 წლისთავს მიუძღვნა, რომელიც ზუგდიდმაც აღნიშნა შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში. ბაბუა მაშინ ლოგინად იყო ჩავარდნილი. ამ საღამოზე წარმოთქვა ბაბუას მისამართით, ბატონმა აკაკი შანიძემ ის ცნობილი სიტყვა, რომელიც შემდეგ არაერთგზის დაბეჭდილა პრესაში: “მარტო ის რად ღირს, რომ ზუგდიდის ჭადრების ხეივანში გაივლის კაკა ჟვანია და თავის დათაფლული მეგრულით აამეტყველებს გენიოს შოთასო”. -ამბობენ, ნიჭიერების გარდა, ულამაზესი კაციც იყოო… -ბიბლიური გარეგნობისა იყო. ენითართქმული სილამაზის. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. 58-ში სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში უმაღლესში ჩასარიცხად ჩასულს ბაბუა გამომყვა. სხვათაშორის, ვერცხლის მედალოსანი ვიყავი. ჩემმა დამ, ნუნუ ჟვანიამაც ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. ჩვენ მამა ადრე გარდაგვეცვალა. მთელი 10 წელი გლოვობდა ბაბუა მას, მართალია, დედა ძალიან ზრუნავდა ჩვენს აღზრდა-განათლებაზე, მაგრამ მედალოსნობაში ბაბუას ლომის წილიც იდო. ბევრს გვთხოვდა და არაფრით გვაპატიებდა უცოდინრობას, წარმოიდგინეთ, “ვეფხისტყაოსანი” ქართულად, რუსულად და მეგრულად თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდა… სათქმელს გადავუხვიე. ბაბუას ფეხით სეირნობა უყვარდა რუსთაველზე. მთელი რუსთაველი, მელიქიშვილით დაწყებული ფეხით ჩამომასეირნა. უკან ცნობისმოყვარეთა არმია მოსდევდა ეროვნულ ტანსაცმელში გამოწკეპილ ასხეპილი ტანის მოხუცს. “ზარია ვოსტოკას” და “კომუნისტის” რედაქციასთან კორესპონდენტები დაგვესივნენ, მე გვერდით მიმაყენეს და აჩხაკუნეს და აჩხაკუნეს აპარატები. ზემელზე, წლობით ჰქონდათ მისი ფოტოები სტენდზე. – ბევრს ყვებიან მისი და გვანჯი ჩიქვანის მეგობრობაზე, ენაკვიმატობაზე, შაირობაზე… – განუყრელები იყვნენ. ბაბუ გვანჯის ჩვენებურად, მეგრულად “ქოვარის” (ქო-ვარიში გამგები-კი და არას გამგები) ეძახდა. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ენაკვიმატობით, სიყვარულით, რა თქმა უნდა, ერთმანეთს “ამწარებდნენ”. ერთხელ ჩვეულებრივად მისეირნობდნენ გვანჯი და კაკა. გვანჯი ნაცნობს გაესაუბრა. კაკა კი რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩა მათ. საუბრის დამთავრების შემდეგ გვანჯიმ მოხედა ბაბუას და დაუძახა,-კაკა წამოდი, რაღა ხბოსავით სულ უკან მრჩებიო… ძროხებს ხბოები უკან მისდევენო, უპასუხა სხარტად ბაბუამ. ერთხელ კიდევ ბაბუამ მანქანისთვის საბურავები სთხოვა რაიკომის პირველ მდივანს. მდივანმა ის საწყობის უფროსთან, ვინმე ტოტოშასთან გაგზავნა. ტოტოშამ ერთიოჯერ დაიბარა ბაბუა, მაგრამ არ დახვდა, ტყუილი გამოუვიდა. მომდევნო შეხვედრაზე რაიკომის მდივანმა ჰკითხა კაკას, მოგცეს თუ არა საბურავებიო. კაკამ, თურმე, ექსპრომტად უპასუხა: “მუჟამ ვორდინ, კოჩ ვორდია, დღას ვენომხუნ კოტოშა, მარა შურო კოჩ ვაყოფე, თქვან ნაცქვეფ ტოტოშა”. 20-იანი წლებია, ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახში კაკა თამადაა. მოპასუხე კი, პატარძლის მაყრიდან ვინმე საბაიაა, სოფელ ბარღებიდან საბაია შაირს ეუბნება ბაბუს: “დუდუმაყარე გოხოლუქ, საბაია ბარღებელი, ხვალე მოფრთინ ვაიჩქუდან, ართო ვორეთ არყებული” კაკა პასუხობს: “ვითი ხოჯი დოპილით, ხოლო ვარე ბაღებული, არძა ართო მუს მიშით, დუდი რყოფუნა არდებული”. -რამდენიმე სიტყვა შთამომავლობაზე… -კაკას 5 ვაჟი ჰყავდა: შალვა, დავითი, ირაკლი, ლეონიდი, ვაჟა და ხუთივეს უმაღლესი განათლება მიაღებინა. 14 შვილიშვილი, 27 შვილთაშვილი, 11 შვილთაშვილის შვილი დარჩა ბაბუს. ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით, ჩვენი ცხოვრების წესით, ბაბუას სახელი, დიდი კაკა ჟვანიას სახელი არ შევარცხვინოთ. წყარო: ჟურნალი “ზუგდიდელები”
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 month ago
სტალინის და ტროცკის დაპირისპირება
1932 წელს მოსკოვში, იოსებ სტალინის დაუძინებელი მტრის - ლევ ტროცკის ბინაში "მოულოდნელად" ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი განადგურდა. იმხანად ლევ ტროცკი უკვე საზღვარგარეთ იყო გაქცეული, მაგრამ სტალინის წინააღმდეგ იქიდანაც ინტრიგებს ხლართავდა. დიდი დიქტატორი, ჩვეულებისამებრ, ძალზე შეუბრალებლად ექცეოდა მტრებს და ბუნებრივია, არც ტროცკის მიმართ გამოიჩენდა ლმობიერებას - მით უმეტეს, რომ მასთან პირადი საქმეების გამოც გართულებული ურთიერთობა ჰქონდა და დანდობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. საბჭოთა ოფიციოზმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ტროცკის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი სრულიად შემთხვევით გაუჩნდა - დარაჯს, რომელსაც გათბობის რეგულირებაც ევალებოდა, საქვაბეში შესვლა გადაავიწყდა, ჩაეძინა და გახურებული საქვაბის აფეთქებამ ცეცხლი გააჩინა. სინამდვილეში ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის შინსახკომის მიერ იყო მოწყობილი, მაგრამ ამას ვერავინ იტყოდა - დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა, სხვა მოწმე კი არ არსებობდა. ლევ ტროცკიმ, რომელიც მაშინ თურქეთში იმყოფებოდა, კარგად იცოდა, რომ იოსებ სტალინს, რომ იტყვიან, "გრძელი ხელები ჰქონდა" და სტამბოლში სულაც არ გაუჭირდებოდა მტრის გაქრობა. ამიტომაც, როგორც კი მოსკოვური სახლის დაწვის შესახებ შეიტყო, თავშესაფარი ოფიციალურად საფრანგეთს სთხოვა - იგი სასტუმრო "ორიანტიდანაც" (დღევანდელი სასტუმრო "თაქსიმი" სტამბოლში), მალე საცხოვრებლად საფრანგეთის საელჩოში გადავიდა. საფრანგეთის ელჩს თურქეთში ლევ ტროცკისთვის საცხოვრებლის გამოყოფაზე უარი არ უთქვამს; პარიზმა კი სტალინის დაუძინებელი მტერი კარგა ხანს ალოდინა - ლევ ტროცკის თავშესაფარი მაშინღა აღირსეს, როდესაც 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და საბჭოთა კავშირმა აშკარად დაუჭირა მხარი ესპანეთის კომუნისტურ პარტიას. ესპანეთში მის გარდა არსებობდა ასევე "მარქსისტული ერთიანობის მუშურ-გლეხური პარტია" ანუ "პოუმ", რომელიც ტროცკის იდეებს იზიარებდა. პარიზში დაფუძნებული ტროცკი, ვისაც საფრანგეთის მთავრობა პოლიტიკურ აქტიურობას არც კი უკრძალავდა, ესპანეთის ამბებში თხემით ტერფამდე ჩაეფლო - ის "პოუმ"-სა და ანარქისტებს დაუკავშირდა და ესპანელი კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლას შეუდგა. პარალელურად, რაღა თქმა უნდა, მონარქისტებსაც უპირისპირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლევ ტროცკის 1932 წელსვე ჩამოართვეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა და დაუსწრებლად მიუსაჯეს დახვრეტა. კრემლის მესვეურები არ ახმაურებდნენ იმ ფაქტს, რომ სტალინის მეუღლე - ნადეჟდა ალილუევა ტროცკის დავალებით იყო მოწამლული. ამას ემატებოდა ისიც, რომ ფრანგულ პრესაში (მაშინ ფრანგული პრესის პრესტიჟი წარმოუდგენლად მაღალი იყო) ხშირად ქვეყნდებოდა წერილები სტალინის პიროვნების შესახებ და დიდი დიქტატორი მათი წაკითხვის შემდეგ გიჟს ჰგავდა - დეტალები, რომლებზეც იქ ეწერა, მართლაც, სინამდვილეს შეესაბამებოდა; არადა, მათ შესახებ მხოლოდ სტალინის ოჯახის ახლობლებს უნდა სცოდნოდათ. 1937 წელს, ესპანეთში სამოქალაქო ომი რესპუბლიკელთა სასტიკი დამარცხებით დასრულდა. ამას წინ უძღოდა ერთი მეტად შთამბეჭდავი ტერაქტი, რომელიც იმავე წლის დასაწყისში, ბარსელონაში (ეს ქალაქი რესპუბლიკელების ძირითად საყრდენ ბაზას წარმოადგენდა) ესპანეთის კომუნისტური პარტიის ტერორისტებმა მოკლეს ტროცკის მომხრე "პოუმ"-ის ლიდერი ანდრეუ რინი. ამან კი დიდი არეულობა შეიტანა რესპუბლიკელთა რიგებში - კომუნისტურ პარტიას "პოუმ"-ისა და ანარქისტული პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ. ფრანსისკო ფრანკო ბაამონდემ კი, რომელიც იმ დროს ანტირესპუბლიკურ ფრონტს ხელმძღვანელობდა, დრო იხელთა და უეცარი შეტევებით მოსპო რესპუბლიკელთა არმია; მერე ბარსელონაც აიღო და ყველაფერი მოაგვარა. ესპანელ რესპუბლიკელთა დამარცხება სტალინმა და ტროცკიმ საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთს გადააბრალეს - დიდი დიქტატორი კრახმა იმ დონეზე კი გააცოფა, რომ ტროცკის პოლემიკაში აჰყვა; არადა, მანამდე ეს არასოდეს უქნია. მან "პრავდაში" სტატიების მთელი სერია გამოაქვეყნა საერთო სათაურით - "მსოფლიო პროლეტარიატის ნომერი პირველი მტერი"; ტროცკიმ კი, ტრადიციულად, ფრანგული პრესის ფურცლებიდან გასცა არანაკლებ მწვავე პასუხი, თანაც საჯაროდ განაცხადა, რომ იწყებდა მუშაობას დიდტანიან ბიოგრაფიულ ნაშრომზე - "სტალინი". რამდენადაც სტალინ-ტროცკის დაპირისპირებამ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გადაინაცვლა, პარიზმა ტროცკის თავშესაფრის ქონის უფლება შეუწყვიტა და მალე ქვეყნის დატოვებაც მოსთხოვა. რა თქმა უნდა, საფრანგეთის მესვეურები სტალინის გაღიზიანებას ერიდებოდნენ - მით უმეტეს, რომ უკვე 1937 წელი იდგა და დიდი დიქტატორი მტრების მუსვრით იყო დაკავებული. სწორედ მაშინ თქვა ტროცკიმ: "მე მტრების არ მეშინია, მაგრამ უნდა გავერიდო მათ, რადგან გრძელი ხელები აქვთ". 1937 წელსვე, IV ინტერნაციონალის (რომელიც მაშინ აშშ-ში იყო ბაზირებული) არაოფიციალური მიწვევით, ლევ ტროცკი მექსიკაში ჩავიდა. იმხანად მექსიკას საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა და საბჭოთა დაზვერვასაც იქ ხელი არ მიუწვდებოდა - ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ თავად ლევ ტროცკისა და მის თანამოაზრეებს, IV ინტერნაციონალიდან. მექსიკის ხელისუფლებაზე სტალინი მართლა ვერ მოახდენდა გავლენას, თუმცა ლევ ტროცკის ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად აღარ იყო ისეთი, რომ ოკეანის გაღმიდან სტალინისთვის რაიმე დაეკლო - ჯერ კიდევ 1936 წელს, პარიზში ყოფნისას, ტროცკი იძულებული გახდა, თავისი არქივის ნაწილი ამსტერდამის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის ადგილობრივი ფილიალისათვის მიეყიდა; აღებული ფულით კი ვალები გადაიხადა. ასე რომ, მექსიკაში ჩამოსვლისას, ლევ ტროცკის ჯიბეში გროშიც არ უჭყაოდა და იძულებული გახდა, პოლიტიკური მოღვაწეობა დროებით შეეწყვიტა - მან მეხიკოს გარეუბან კოიოაკანში კურდღლების ფერმა აიღო გირაოდ და ფერმერობას შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში მყოფი ტროცკი აღარ აქტიურობდა, კრემლში სტალინი მაინც შეშფოთებული იყო და თავისი დაუძინებელი მტრის ლიკვიდაციაზე უფრო ხშირად ფიქრობდა. დიდმა დიქტატორმა იცოდა, რომ ტროცკი არ გაჩერდებოდა; არადა, სტალინს ევროპის "გაწითლება" ეწადა და თუ მტერს თავიდან არ მოიშორებდა, ჩანაფიქრს ვერ აასრულებდა - ევროპელ მემარცხენეთა შორის ხომ ტროცკის ძალიან ბევრი მომხრე ჰყავდა და მათ ხალხის დარაზმვა შეეძლოთ. 1940 წლის თებერვალში, იოსებ სტალინმა საბოლოოდ გადაწყვიტა, ტროცკისთვის ბოლო მოეღო. მაშინ საბჭოთა კავშირი ფინეთთან ომს აწარმოებდა და ერთი შეხედვით, ამის დრო არ იყო, მაგრამ დიდი დიქტატორი მაინც მიიჩნევდა, რომ ომის მიუხედავად, ტროცკის ლიკვიდაცია აუცილებელი იყო. აქვე იმასაც დავძენთ, რომ დასავლეთელი ისტორიკოსები ლევ ტროცკის მკვლელობაზე საუბრისას, ყოველთვის მიუთითებენ, რომ სტალინი მაშინ II მსოფლიო ომის წამოწყებას გეგმავდა და კატეგორიულად არ სურდა, რომ იმ მომენტისთვის ტროცკი ცოცხალი ყოფილიყო. ეს თვალსაზრისი მართლაც შეეფერება სიმართლეს, რადგანაც სწორედ ტროცკის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო II მსოფლიო ომი - გერმანია და საბჭოთა კავშირი ერთდროულად შეიჭრნენ პოლონეთში. თებერვლის ერთ თოვლიან დღეს, სტალინმა თავის კაბინეტში ლავრენტი ბერია იხმო. პენსნეიანი კაცი დროულად გამოცხადდა მასთან. დიდმა დიქტატორმა, რომელიც კარისაკენ ზურგით, ფანჯარასთან იდგა, კარის ჭრიალზე მოიხედა და ჩაეღიმა: "აჰაა, მოხვედი, ლავრენტი?... რაღაც მინდა დაგავალო", - ჩაილაპარაკა მერე და სტუმარს იქვე, სავარძელზე უხმოდ მიუთითა. ლავრენტი ბერია დინჯად დაჯდა, პენსნე მოიხსნა, გაწმინდა და მერე ქართულად იკითხა: "რა ამბავია, ვისარიონიჩ?" იმავე საღამოს, თავის კაბინეტში მჯდარმა ლავრენტი ბერიამ შიკრიკს ტროცკის საქმე და კიდევ რამდენიმე სხვა საქაღალდე მოატანინა, მდივან ქალს კი ერთი ჭიქა ჩაის ადუღება სთხოვა. თხოვნა რომ შეუსრულეს, თვალები მოჭუტა, ქალს მადლობა გადაუხადა და მოულოდნელად ჰკითხა: "ფროსია, ვინ გვყავს ჩვენ ისეთი, ესპანური რომ იცოდეს?" მდივანი ქალი წამით დაიბნა, მერე კი უპასუხა: "რაღა თქმა უნდა, ნაუმ ეიტინგონი, ლავრენტი პავლოვიჩ!" საბჭოთა უშიშროების ოფიცერი, ნაუმ ეიტინგონი, რომელსაც ესპანეთის ომის დროს საბჭოთა კავშირიდან რესპუბლიკელთა კონტროლირებად ტერიტორიებზე მოხალისეთა შენაერთების გადაყვანა ევალებოდა, მართლაც შესანიშნავად ფლობდა ესპანურ ენას. სხვათა შორის, ის თბილისში გაზრდილი რუსი ებრაელი იყო და ბერია კარგად იცნობდა. ამიტომ, პენსნეიან კაცს აღარც უყოყმანია - ეიტინგონი თავისთან იხმო და ვითარება გააცნო. ნაუმ ეიტინგონი, რომელსაც "ტროცკის საქმეში" მეტსახელად "ფილიპე" უწოდეს, თავდაპირველად დაეჭვდა, შეძლებდა თუ არა საბჭოთა აგენტურა მექსიკაში ისე შეღწევას, რომ არავინ ჩავარდნილიყო: "ჩვენი ბიჭები არწივები არიან, მაგრამ მექსიკა ჩვენთვის მაინც სპეციფიკურია... ცდად კი ღირს!" - უთხრა მან ბერიას. პენსნეიანმა კაცმა ავად ჩაიღიმა და წყნარად თქვა: "სრულ თავისუფლებას გაძლევთ, იმუშავეთ და საქმე გააკეთეთ... იცოდეთ, ყველაფერი აგვისტოში უნდა მორჩეს... ჰო, მართლა - მე ნუ მიპატაკებთ, რადგან ეგ საქმე ამხანაგ პაველ სუდოპლატოვს დააწერეს!" ეიტინგონისთვის ყველაფერი ცხადი გახდა, ამიტომ დაზუსტება არ მოუთხოვია, ისე დაემშვიდობა ბერიას და კაბინეტიდან გავიდა. მან იმავე დღეს ინახულა პაველ სუდოპლატოვიც - გამოცდილი საბჭოთა "ჩეკისტი", რომელმაც სახელი უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის, ევგენი კონოვალეცის ორიგინალური ლიკვიდაციის მერე გაითქვა: კონოვალეცს ძალიან უყვარდა შოკოლადი; სუდოპლატოვმა, რომელიც მას "ჩეკას" დავალებით ამსტერდამში შეხვდა, უკრაინელ ლიდერს მოწამლული "ბონბონიერი" მიართვა. მიუხედავად ამგვარი გამოცდილებისა, მექსიკაში სუდოპლატოვი ვეღარაფერს იზამდა, რადგან ესპანური არ იცოდა და გარდა ამისა, სლავური გარეგნობა ჰქონდა. ამიტომ ის ზედმეტი ფორმალობის გარეშე ენდო ეიტინგონს, რომელმაც აღუთქვა, რომ პრობლემას მალევე მოაგვარებდა. 1940 წლის მარტში ნაუმ ეიტინგონი და მისი საყვარელი - ესპანელი კომუნისტი ქალი კარიდად მერკადერი მოსკოვიდან ჯერ პარიზში, შემდეგ კი მეხიკოში ჩაფრინდნენ. ეიტინგონს ჯიბეში ფრანგული პასპორტი ედო, ვინმე ფილიპე ებრალიძის სახელზე. მეხიკოში წყვილს კარიდადის შვილი - 23 წლის რამონი ელოდა. საბჭოთა მზვერავების მასპინძელი მექსიკის დედაქალაქში ცნობილი მხატვარი და კომუნისტი - დავიდ ალფარო სიკეიროსი იყო, რომელმაც ყველაფერი ადრევე იცოდა და მზადაც გახლდათ დავალების შესასრულებლად. მას ჰყავდა მებრძოლთა ათკაციანი რაზმი, რომელიც საკმაოდ კარგად იყო გაწვრთნილი და გამოცდილებაც დიდი ჰქონდა. სიკეიროსი საბჭოთა უშიშროებისგან სოლიდურ ანაზღაურებას ელოდა და მზად იყო, რისკზე წასულიყო - ლევ ტროცკის სახლს დღე-ღამის განმავლობაში იცავდნენ IV ინტერნაციონალის მიერ დაქირავებული დაცვის წევრები - ძირითადად, ამერიკელები, რომლებიც საკმაოდ კარგად იყვნენ შეიარაღებული. ნაუმ ეიტინგონი და რამონ მერკადერი მარტიდან აგვისტომდე ლევ ტროცკის გარემოცვის შესწავლას მოუნდნენ. პარალელურად კი, მერკადერი - სიკეიროსის და მისი ნაცნობების მეშვეობით - ერთ-ერთ ადგილობრივ მემარცხენე გაზეთში ჟურნალისტად გაფორმდა. ერთი სიტყვით, მზვერავებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ლევ ტროცკის გარემოცვაში ბუნებრივად - ზედმეტი ეჭვის გარეშე შეეღწიათ. ასე დადგა 1940 წლის 20 აგვისტო. იმ დღეს მეხიკოში უჩვეულოდ მოღრუბლული ამინდი დაემთხვა, რაც მზვერავებს ხელს აძლევდათ - ქუჩაში ბევრი ხალხი არ იქნებოდა და ისინი უხმაუროდ მიმალვას შეძლებდნენ. სხვათა შორის, ლევ ტროცკის ეჭვი ჰქონდა, რომ უთვალთვალებდნენ. ამიტომაც სახლიდან თითქმის არ გადიოდა და ჟურნალისტებსაც იშვიათად ეკონტაქტებოდა. იმ დღეს, რატომღაც, სხვაგვარად მოიქცა - ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტს, რომელიც ხუან დე კასტროდ გაეცნო, უარი არ უთხრა და სახლში მიიწვია. შესვლისას, ხუან დე კასტრო, რომელსაც ხელში მსხვილბუნიკიანი, ძველმოდური ტროსტი ეჭირა, დაცვამ საფუძვლიანად გაჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი უპოვა. რა თქმა უნდა, დე კასტრო მერკადერი იყო და მკვლელობის იარაღად ტროსტი უნდა გამოეყენებინა. GzaPressადგილობრივი დროით 17:30 საათზე მერკადერმა ინტერვიუს ჩაწერა დაიწყო. ტროცკის მან რამდენიმე კითხვა დაუსვა და შესაბამისად, პასუხებიც მიიღო. ლევ ტროცკის ბევრი ლაპარაკი უყვარდა და ვინაიდან დიაბეტიც ჰქონდა, შიგადაშიგ შაქრიან წყალს სვამდა. ერთ-ერთი ასეთი შესვენების დროს, ის ადგა, კომოდთან მივიდა, რომელზეც წყლიანი ჭიქა იდგა. მერკადერი სწორედ ამას უცდიდა - მან მთელი ძალით მოიქნია ტროსტი და კეფაში სთხლიშა მსხვერპლს. ტროცკი იქვე უგონოდ ჩაიკეცა, თუმცაღა არ მომკვდარა. მერკადერმა კიდევ ერთხელ ჩაარტყა ტროსტი მას, მერე კი კარისკენ გაიქცა. ამ დროს, გარედან ტროცკის სახლს სიკეიროსის ხალხმა ალყა შემოარტყა და ცეცხლიც გახსნა. დაიღუპა დაცვის რამდენიმე წევრი, რამონ მერკადერმა კი სახლიდან უვნებლად გამოღწევა ვერ შეძლო - ის დაცვამ დაჭრა და დააკავა. ამ ყველაფერს ნაუმ ეიტინგონი და კარიდად მერკადერი ქუჩაში გაჩერებული მანქანიდან ადევნებდნენ თვალყურს. ეიტინგონმა და კარიდად მერკადერმა იმავე დღეს დატოვეს მექსიკა და კუბის გავლით ჯერ პარიზში, მერე კი მოსკოვში ჩაფრინდნენ. იქ ორივენი ოქროს მედლით დააჯილდოეს; სტალინმა მათ პირადად გადასცა ჯილდოები და მერე ქართული აქცენტით უთხრა: "ახლა კი ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ყველაზე ძლიერია მთელ მსოფლიოში, ეს კი თქვენი დამსახურებაა!" წყარომიხეილ ლაბაძე "გზა", 2012 წელი
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 days ago
კრიმინალი ქუთაისში, კასრში ჩაბეტონებული 15 წლის ბიჭის თავი იპოვეს
წლების განმავლობაში, ქუთაისი საქართველოს ყველაზე „ქურდული“ ქალაქი იყო. 90-იან წლებში, თითო კორპუსში, რამდენიმე „კანონიერი ქურდი“ ცხოვრობდა და შეიძლება ითქვას, მთელი ქალაქი „ქურდული წესებით“ ათენებდა და აღამებდა. ქუთაისში ქურდების სიმრავლე, განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიმჩნეოდა, მაგრამ „უპატრონოდ“, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი არც კომუნისტების დროს იყო. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჩანდეს, რაც უფრო მეტი „კანონიერი ქურდი“ იყო ქუთაისშo, მით ნაკლები დანაშაული ხდებოდა. „კრიმინალური სამყაროს მამები“ კისერზე, ძირითადად, საქმოსნებს აწვნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ქალაქში კრიმინალის დონე დაბალი ყოფილიყო, რათა სამართალდამცავებს თავი არ გამოედოთ და მათი მშვიდი ცხოვრება არ დაერღვიათ.1981 წელს, ქუთაისის გარეუბანში, ე.წ. ბარაკების აღება და ახალი კორპუსებისთვის ტერიტორიის მოსუფთავება დაიწყეს. ერთ-ერთ „ბარაკში“, რომელიც მოხუც ქალბატონს ეკუთვნოდა, ცემენტით სავსე რკინის კასრი იდგა. მშენებლები ვერ მიხვდნენ, რაში დასჭირდა მოხუცს კასრის ცემენტით გავსება, მაგრამ რაღას იზამდნენ, უნდა გადაეგდოთ. ამწე კასრს ვერ უდგებოდა და გადაწყდა, მისთვის ურო დაერტყათ, რათა ბეტონი დამტვრეულიყო და სწორედ ნატეხები შეეყარათ სატვირთოზე. მესამე დარტყმის შემდეგ, კასრიდან ბეტონის მოზრდილი ნაჭერი გადმოვარდა. მუშებმა უკან დაიხიეს - ბეტონის ნაჭერში აშკარად ჩანდა ადამიანის თავის ქალა. რაღა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ. ყველა მუშას ხელწერილი ჩამოართვეს გაუთქმელობაზე - არ იყო აუცილებელი, მთელ ქალაქს სცოდნოდა, რა იპოვეს მშენებლებმა და, მით უმეტეს, ექსპერტების წინასწარი დასკვნით, თავის ქალა მინიმუმ, ხუთი წლის წინანდელი იყო. ძვლებისგან ბეტონის მოცილების პროცესმა ორ კვირაზე მეტი წაიღო. სამართალდამცავებს საქმის გახსნის იმედი არ ჰქონდათ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ გამორიცხული იყო, ექსპერტებს გარდაცვალების ზუსტი თარიღი ეთქვათ, თუმცა საქმე თავდაყირა დადგა. გვამი, დაახლოებით, 15-17 წლის ბიჭს ეკუთვნოდა. მას სიცოცხლეში, მარცხენა ფეხზე ნეკა თითი აკლდა, გვამი კი 1975 წელს იყო დაბეტონებული. დამნაშავემ გვამი ტანსაცმლიანად დააბეტონა, თუმცა ბიჭს ჯიბეში ხურდა ფული აღმოაჩნდა, რომელზეც წლები იყო მითითებული. მართალია, ეს ხურდა, შესაძლოა, წინა წელს ყოფილიყო მოჭრილი, მაგრამ ბეტონში იპოვეს ფეხსაცმლის ნარჩენებიც. იმ ტიპის ფეხსაცმელი კი, სწორედ 1975 წელს მიიღო ქუთაისის მაღაზიამ და რაც მთავარია, რეზინის ძირს ეტყობოდა, რომ მის მფლობელს დიდი ხნის განმავლობაში არ ეცვა ანუ პრაქტიკულად, ახალი იყო. აღნიშნული დეტალები გარდაცვლილის ვინაობის დასადგენ წრეს საკმაოდ ავიწროვებდა. სამართალდამცავებმა არქივი გადაქექეს და სასურველ კვალზეც გავიდნენ - 1975 წელს, ქუთაისის ერთ-ერთი მაცხოვრებელი წერდა, რომ მისი გერი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ტანსაცმლის აღწერაში, სწორედ აღნიშნული ფეხსაცმელი იყო მითითებული და რაც მთავარია, დედინაცვალი იმასაც უთითებდა, რომ ბიჭს ფეხზე ნეკა თითი აკლდა. იმის მიუხედავად, რომ დედინაცვალი ორი წლის გარდაცვლილი იყო, სამართალდამცავებმა მაინც გაარკვიეს - ბიჭის დედა მშობიარობას გადაჰყვა, დედინაცვალი ბავშვს დიდად არ სწყალობდა, მამის სიკვდილის შემდეგ კი, საერთოდ ყურადღებას არ აქცევდა. შესაბამისად, ბავშვი ქუჩაში იზრდებოდა და ხშირად იმეორებდა, ცოტაც და საქართველოდან წავალ, რუსეთში ვიცხოვრებო. შესაბამისად, როცა დედინაცვალმა, მოვალეობის მოხდის მიზნით, ბავშვის გაუჩინარებაზე განცხადება დაწერა, სამართალდამცავებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ, ჩათვალეს, რომ ის საქართველოდან წავიდა. დიდ რუსეთში კი მის ძებნას აზრი არ ჰქონდა. რაც შეეხება კასრს, სადაც ჩონჩხი აღმოაჩინეს, ის ბიჭის საცხოვრებლიდან, დაახლოებით, კილომეტრით იყო მოშორებული და მოხუც ქალს ეკუთვნოდა. ასაკის გამო, მოხუცს გაფანტული გონება ჰქონდა და მისი საუბრიდან აზრის გამოტანა შეუძლებელი გახლდათ. ექიმების ჩარევისა და დაკითხვის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა მოხუცზე ხელი ჩაიქნიეს - მისგან ვერაფერს გაიგებდნენ. სამაგიეროდ, ქუთაისში მოიძებნა არაერთი ადამიანი, რომლებსაც ბიჭი კარგად ახსოვდათ და ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა, მასთან მხოლოდ ერთი ბიჭი, მისივე თანაკლასელი მეგობრობდა და თუ ვინმეს რამე ეცოდინება, ეგ იქნებაო. აკრძალვის მიუხედავად, ლამის მთელმა ქალაქმა იცოდა, რომ სამართალდამცავებმა ჩონჩხს მიაგნეს. გარდაცვლილის მეგობარი გამოკითხვაზე დაიბარეს. მეგობარი თავიდან არაფრის თქმას არ აპირებდა, უბრალოდ, ხალხში გავრცელებული ვერსია დაადასტურა, რუსეთში წასვლას აპირებდა, მეტი არაფერი ვიციო, თუმცა სამართალდამცავებმა შეატყვეს, რომ რაღაცას მალავდა, გაუშვეს და მოსაფიქრებლად დრო მისცეს. რაღა თქმა უნდა, მასზე თვალთვალიც დაწესდა. განყოფილებიდან წასული ახალგაზრდა კაცი სასადილოში შევიდა, სასმელი მოითხოვა და არაყს მიეძალა. გვარიანად ნასვამი, სასადილოდან გამოვიდა, იმ მოხუცის სახლისკენ გაემართა, სადაც თავის ქალა იპოვეს, ჩამოჯდა და ხმამაღლა, მოთქმით ტირილი დაიწყო. პოლიციელები, რომლებიც უთვალთვალებდნენ, ახლოს მივიდნენ, ჯერ უხმოდ უყურეს, შემდეგ კი გარდაცვლილის მეგობარი გაჩუმდა და მოყოლა არეულად დაიწყო. „ამ მოხუცს არავინ ჰყავდა, გარდა ერთი მეგობარი ქალისა, რომელიც რუსეთიდან ჩამოდიოდა ხოლმე ზაფხულობით სტუმრად და თან ჩვენზე 5-6 წლით უფროსი შვილი მოჰყვებოდა. მაშინ, როცა ჩვენ 15 წლის გავხდით, ისევ ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ფულის იოლად შოვნას გვასწავლიდა. ასე დავიწყეთ წვრილმანი ქურდობა, ხან სასადილოს საწყობი დავაცარიელეთ, ხან - ვიღაცის ბინა, მაგრამ ყოველთვის ცოტა თანხა მიგვქონდა. ეს თანხა ცოტა ზოგადად იყო, თორემ ჩვენთვის, 15 წლის ბავშვებისთვის, დიდი ფული გახლდათ. ჩამოსული იმასაც დაგვპირდა, რუსეთში წაგიყვანთ და ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებთო. მე წასვლა არ მინდოდა, აი, ჩემი მეგობარი კი სულ თვალებში შესციცინებდა, ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა ნანატრი დღე. ჩუმად ფულსაც ვაგროვებდით და ასე, 500 მანეთამდე გვქონდა. უფროსმა მეგობარმა გვითხრა, რომ სამ დღეში, დედამისთან ერთად, რუსეთში მიდიოდა, დედას ესაუბრა და დაითანხმა, რომ ჩემს მეგობარსაც დაიმგზავრებდა. წინა ღამით, ჩემი მეგობარი მათთან უნდა დარჩენილიყო - დილით ადრე მიდიოდნენ სადგურზე. მთელი ღამე არ დამეძინა, დილით ადრე გასაცილებლად მივედი, მაგრამ დედა-შვილი მარტო გავიდნენ სახლიდან. გავოცდი და ჩამოსულმა მითხრა, შენი მეგობარი ღამით გაიპარა, ალბათ, ვერ გარისკა წამოსვლაო. არ დავიჯერე, ის ხომ ამაზე ოცნებობდა და არსად გაიპარებოდა-მეთქი. მივხვდი, რაღაც მოხდა, მაგრამ რა, არ ვიცოდი, თანაც ჩამოსული დამემუქრა, თუ რამეს გაიგებენ, ყველას ციხეში ამოგვალპობენ, ამიტომ თუ რამე გკითხეს, დაადასტურე, რომ რუსეთში გაპარვას აპირებდაო. მეტი არაფერი ვიცი, უბრალოდ, მეგობარი დავკარგე, ის ბიჭი კი მას შემდეგ კიდევ ორჯერ იყო ჩამოსული, მაგრამ შიშით ახლოს არ გავკარებივარ“, - ეს იყო მისი მონაყოლი. გამოძიებამ სტუმრის ვინაობა მალე დაადგინა და მოთხოვნა რუსეთში გააგზავნა. როგორც გაირკვა, ქართული გამოძიებისთვის საინტერესო პირი, საკმაოდ ცნობილი კრიმინალი იყო და ქურდობისთვის სასჯელიც ჰქონდა მოხდილი, თუმცა სასამართლომ დაინდო და მხოლოდ 3 წელი მიუსაჯა. რუს სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ის არაერთ დანაშაულს სჩადიოდა, მაგრამ ფაქტზე ვერ იჭერდნენ. ქართული მხარის მოთხოვნით, ის დააკავეს და უშიშროების იზოლატორში დაკითხეს. სწორედ იქ აღიარა 15 წლის ბიჭის მკვლელობა, მიზეზად კი ის 500 მანეთი დაასახელა, რომელიც მოზარდს რუსეთში წასასვლელად ჰქონდა შეგროვებული. სასამართლომ მომხდარი ჯეროვნად შეაფასა და დამნაშავეს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა. განაჩენი, დაახლოებით, ექვს თვეში, საქართველოში აღასრულეს.
Kutaisi Daily
Kutaisi · 3 days ago
ქუთაისში, კასრში ჩაბეტონებული 15 წლის ბიჭის თავი იპოვეს
წლების განმავლობაში, ქუთაისი საქართველოს ყველაზე „ქურდული“ ქალაქი იყო. 90-იან წლებში, თითო კორპუსში, რამდენიმე „კანონიერი ქურდი“ ცხოვრობდა და შეიძლება ითქვას, მთელი ქალაქი „ქურდული წესებით“ ათენებდა და აღამებდა. 1981 წელს, ქუთაისის გარეუბანში, ე.წ. ბარაკების აღება და ახალი კორპუსებისთვის ტერიტორიის მოსუფთავება დაიწყეს. ერთ-ერთ „ბარაკში“, რომელიც მოხუც ქალბატონს ეკუთვნოდა, ცემენტით სავსე რკინის კასრი იდგა. მშენებლები ვერ მიხვდნენ, რაში დასჭირდა მოხუცს კასრის ცემენტით გავსება, მაგრამ რაღას იზამდნენ, უნდა გადაეგდოთ. ამწე კასრს ვერ უდგებოდა და გადაწყდა, მისთვის ურო დაერტყათ, რათა ბეტონი დამტვრეულიყო და სწორედ ნატეხები შეეყარათ სატვირთოზე. მესამე დარტყმის შემდეგ, კასრიდან ბეტონის მოზრდილი ნაჭერი გადმოვარდა. მუშებმა უკან დაიხიეს - ბეტონის ნაჭერში აშკარად ჩანდა ადამიანის თავის ქალა. რაღა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ. ყველა მუშას ხელწერილი ჩამოართვეს გაუთქმელობაზე - არ იყო აუცილებელი, მთელ ქალაქს სცოდნოდა, რა იპოვეს მშენებლებმა და, მით უმეტეს, ექსპერტების წინასწარი დასკვნით, თავის ქალა მინიმუმ, ხუთი წლის წინანდელი იყო. ძვლებისგან ბეტონის მოცილების პროცესმა ორ კვირაზე მეტი წაიღო. სამართალდამცავებს საქმის გახსნის იმედი არ ჰქონდათ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ გამორიცხული იყო, ექსპერტებს გარდაცვალების ზუსტი თარიღი ეთქვათ, თუმცა საქმე თავდაყირა დადგა. გვამი, დაახლოებით, 15-17 წლის ბიჭს ეკუთვნოდა. მას სიცოცხლეში, მარცხენა ფეხზე ნეკა თითი აკლდა, გვამი კი 1975 წელს იყო დაბეტონებული. დამნაშავემ გვამი ტანსაცმლიანად დააბეტონა, თუმცა ბიჭს ჯიბეში ხურდა ფული აღმოაჩნდა, რომელზეც წლები იყო მითითებული. მართალია, ეს ხურდა, შესაძლოა, წინა წელს ყოფილიყო მოჭრილი, მაგრამ ბეტონში იპოვეს ფეხსაცმლის ნარჩენებიც. იმ ტიპის ფეხსაცმელი კი, სწორედ 1975 წელს მიიღო ქუთაისის მაღაზიამ და რაც მთავარია, რეზინის ძირს ეტყობოდა, რომ მის მფლობელს დიდი ხნის განმავლობაში არ ეცვა ანუ პრაქტიკულად, ახალი იყო. აღნიშნული დეტალები გარდაცვლილის ვინაობის დასადგენ წრეს საკმაოდ ავიწროვებდა. სამართალდამცავებმა არქივი გადაქექეს და სასურველ კვალზეც გავიდნენ - 1975 წელს, ქუთაისის ერთ-ერთი მაცხოვრებელი წერდა, რომ მისი გერი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ტანსაცმლის აღწერაში, სწორედ აღნიშნული ფეხსაცმელი იყო მითითებული და რაც მთავარია, დედინაცვალი იმასაც უთითებდა, რომ ბიჭს ფეხზე ნეკა თითი აკლდა. იმის მიუხედავად, რომ დედინაცვალი ორი წლის გარდაცვლილი იყო, სამართალდამცავებმა მაინც გაარკვიეს - ბიჭის დედა მშობიარობას გადაჰყვა, დედინაცვალი ბავშვს დიდად არ სწყალობდა, მამის სიკვდილის შემდეგ კი, საერთოდ ყურადღებას არ აქცევდა. შესაბამისად, ბავშვი ქუჩაში იზრდებოდა და ხშირად იმეორებდა, ცოტაც და საქართველოდან წავალ, რუსეთში ვიცხოვრებო. შესაბამისად, როცა დედინაცვალმა, მოვალეობის მოხდის მიზნით, ბავშვის გაუჩინარებაზე განცხადება დაწერა, სამართალდამცავებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ, ჩათვალეს, რომ ის საქართველოდან წავიდა. დიდ რუსეთში კი მის ძებნას აზრი არ ჰქონდა. რაც შეეხება კასრს, სადაც ჩონჩხი აღმოაჩინეს, ის ბიჭის საცხოვრებლიდან, დაახლოებით, კილომეტრით იყო მოშორებული და მოხუც ქალს ეკუთვნოდა. ასაკის გამო, მოხუცს გაფანტული გონება ჰქონდა და მისი საუბრიდან აზრის გამოტანა შეუძლებელი გახლდათ. ექიმების ჩარევისა და დაკითხვის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა მოხუცზე ხელი ჩაიქნიეს - მისგან ვერაფერს გაიგებდნენ. სამაგიეროდ, ქუთაისში მოიძებნა არაერთი ადამიანი, რომლებსაც ბიჭი კარგად ახსოვდათ და ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა, მასთან მხოლოდ ერთი ბიჭი, მისივე თანაკლასელი მეგობრობდა და თუ ვინმეს რამე ეცოდინება, ეგ იქნებაო. აკრძალვის მიუხედავად, ლამის მთელმა ქალაქმა იცოდა, რომ სამართალდამცავებმა ჩონჩხს მიაგნეს. გარდაცვლილის მეგობარი გამოკითხვაზე დაიბარეს. მეგობარი თავიდან არაფრის თქმას არ აპირებდა, უბრალოდ, ხალხში გავრცელებული ვერსია დაადასტურა, რუსეთში წასვლას აპირებდა, მეტი არაფერი ვიციო, თუმცა სამართალდამცავებმა შეატყვეს, რომ რაღაცას მალავდა, გაუშვეს და მოსაფიქრებლად დრო მისცეს. რაღა თქმა უნდა, მასზე თვალთვალიც დაწესდა. განყოფილებიდან წასული ახალგაზრდა კაცი სასადილოში შევიდა, სასმელი მოითხოვა და არაყს მიეძალა. გვარიანად ნასვამი, სასადილოდან გამოვიდა, იმ მოხუცის სახლისკენ გაემართა, სადაც თავის ქალა იპოვეს, ჩამოჯდა და ხმამაღლა, მოთქმით ტირილი დაიწყო. პოლიციელები, რომლებიც უთვალთვალებდნენ, ახლოს მივიდნენ, ჯერ უხმოდ უყურეს, შემდეგ კი გარდაცვლილის მეგობარი გაჩუმდა და მოყოლა არეულად დაიწყო. „ამ მოხუცს არავინ ჰყავდა, გარდა ერთი მეგობარი ქალისა, რომელიც რუსეთიდან ჩამოდიოდა ხოლმე ზაფხულობით სტუმრად და თან ჩვენზე 5-6 წლით უფროსი შვილი მოჰყვებოდა. მაშინ, როცა ჩვენ 15 წლის გავხდით, ისევ ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ფულის იოლად შოვნას გვასწავლიდა. ასე დავიწყეთ წვრილმანი ქურდობა, ხან სასადილოს საწყობი დავაცარიელეთ, ხან - ვიღაცის ბინა, მაგრამ ყოველთვის ცოტა თანხა მიგვქონდა. ეს თანხა ცოტა ზოგადად იყო, თორემ ჩვენთვის, 15 წლის ბავშვებისთვის, დიდი ფული გახლდათ. ჩამოსული იმასაც დაგვპირდა, რუსეთში წაგიყვანთ და ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებთო. მე წასვლა არ მინდოდა, აი, ჩემი მეგობარი კი სულ თვალებში შესციცინებდა, ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა ნანატრი დღე. ჩუმად ფულსაც ვაგროვებდით და ასე, 500 მანეთამდე გვქონდა. უფროსმა მეგობარმა გვითხრა, რომ სამ დღეში, დედამისთან ერთად, რუსეთში მიდიოდა, დედას ესაუბრა და დაითანხმა, რომ ჩემს მეგობარსაც დაიმგზავრებდა. წინა ღამით, ჩემი მეგობარი მათთან უნდა დარჩენილიყო - დილით ადრე მიდიოდნენ სადგურზე. მთელი ღამე არ დამეძინა, დილით ადრე გასაცილებლად მივედი, მაგრამ დედა-შვილი მარტო გავიდნენ სახლიდან. გავოცდი და ჩამოსულმა მითხრა, შენი მეგობარი ღამით გაიპარა, ალბათ, ვერ გარისკა წამოსვლაო. არ დავიჯერე, ის ხომ ამაზე ოცნებობდა და არსად გაიპარებოდა-მეთქი. მივხვდი, რაღაც მოხდა, მაგრამ რა, არ ვიცოდი, თანაც ჩამოსული დამემუქრა, თუ რამეს გაიგებენ, ყველას ციხეში ამოგვალპობენ, ამიტომ თუ რამე გკითხეს, დაადასტურე, რომ რუსეთში გაპარვას აპირებდაო. მეტი არაფერი ვიცი, უბრალოდ, მეგობარი დავკარგე, ის ბიჭი კი მას შემდეგ კიდევ ორჯერ იყო ჩამოსული, მაგრამ შიშით ახლოს არ გავკარებივარ“, - ეს იყო მისი მონაყოლი. გამოძიებამ სტუმრის ვინაობა მალე დაადგინა და მოთხოვნა რუსეთში გააგზავნა. როგორც გაირკვა, ქართული გამოძიებისთვის საინტერესო პირი, საკმაოდ ცნობილი კრიმინალი იყო და ქურდობისთვის სასჯელიც ჰქონდა მოხდილი, თუმცა სასამართლომ დაინდო და მხოლოდ 3 წელი მიუსაჯა. რუს სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ის არაერთ დანაშაულს სჩადიოდა, მაგრამ ფაქტზე ვერ იჭერდნენ. ქართული მხარის მოთხოვნით, ის დააკავეს და უშიშროების იზოლატორში დაკითხეს. სწორედ იქ აღიარა 15 წლის ბიჭის მკვლელობა, მიზეზად კი ის 500 მანეთი დაასახელა, რომელიც მოზარდს რუსეთში წასასვლელად ჰქონდა შეგროვებული. სასამართლომ მომხდარი ჯეროვნად შეაფასა და დამნაშავეს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა. განაჩენი, დაახლოებით, ექვს თვეში, საქართველოში აღასრულეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com წყარო - გაზეთი ,,ვერსია"#საინტერესო #ისტორია #კრიმინალი #kutaisidaily
Kutaisi Daily
Zeda Simoneti · 2 months ago
"ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო" - აკა მორჩილაძის ქუთაისი
რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მწერალმა აკა მორჩილაძემ ვრცელი ბლოგი დაწერა, სადაც ის ქუთაისის ისტორიაზე ყვება და ამ ქალაქის ღირებულებებს იხსენებს. გთავაზობთ ბლოგს: ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს. ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო. შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება. ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით. არსებობს ახლა ძველი შესასვლელი? ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი. ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა. მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის. ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები. იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა. 1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება. ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ. ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა. არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ. რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური. ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები. ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა. სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება. ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა. მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო. დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის. ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა. ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა. სულ სხვა რამის დაწერა მინდა. სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო. პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო. ბავშვობისა რა მახსოვს და, ადრიან დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პაწაწინა სახლში მამიდაჩემი ცხელ ხაჭაპურს ჭრის და ჩაის ძველებურ ჭიქაში ბლომად ალუბლის მურაბას მიყრის. ვფიქრობდი, რანაირია ნეტა ეს ქუთაისი-თქო. არ ვიცოდი, ვიცოდი მხოლოდ ეს სახლი. ჩვენები ომამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, კაი დიდი სახლი ჰქონდათ გორაზე. მერე ომმა არია ცხოვრება. ბაბუაჩემი დაიძრა. ეს გრძელი ისტორიაა და უცხოს არ დააინტერესებს. სინამდვილეში სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა. აი, ვუტრიალებ და ვერ ვახერხებ. რაღაც ნაკუწებს ვკრეფ და მგონი, საბოლოოდ რამე გამომივა. მე რა უნდა დავწერო ქუთაისზე. ბავშვობიდან ვყოფილვარ იქ. ქუთაისის სადგურში დიდთოვლობას გაჩხერილ მატარებელშიც ვმჯდარვარ, სათაფლიას დუქანშიც ვყოფილვარ, გელათის ამბავსაც მივხვედრილვარ, მგონი, და ბაგრატის ტაძრის თაღში რომ ლეღვის ხე იყო შეზრდილი, ისიც დამამახსოვრდა. შიგ ჩიტები ფრთხიალებდნენ. ლეღვი იყო, მგონი. ვერ ვცნობდი მაშინ, პატარა ვიყავი. საოცარი რამ კი იყო. ახლა აღარ არისო, - მითხრეს. ბაგრატი უნდა აშენდესო, მგონი, ამასაც ამბობდნენ. ის თაღში ამოზრდილი ტოტები და შიგ შეფრთხიალებული ჩიტი, მგონი, ყველაზე ლამაზი რამ არი, რაც ცხოვრებაში მინახავს.კიბეც გადასარევია. გახსოვთ, "საბუდარელ ჭაბუკში" ჩხუბი როა ამ კიბეზე? ცუდი უშანგი და კარგი გოგიტა რო ჩხუბობენ? ქუთაისი სურათებია. სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე? რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ნაგლეჯები: რესტორანი ქვაშავაზე. ძველი გოგისვანიძეები. დავით აღმაშენებელი. მოწამეთა. მამაო გაგი თავისი სამკურნალო ბალახებით. ყველა მაინც გაგის ეძახდა. ბიკენტიას წყვილი ქაბაბი. ნიკო ნიკოლაძის დები. აკაკი აივანზე. ბოჩკები. ქუთეისელი ქურდები. ქუთეისელი ბუფეტჩიკები. ტუა. ბუნჩულა. რა ვიცი. სულ სურათებია, რომლებსაც ბავშვობიდან ვხედავდი გაკვრით ან არ ვხედავდი, ყურს მოვკრავდი და წარმოვიდგენდი. რა ინდუსტრიის მშენებელი ეგ იყო. გალაკტიონი. ქუთაისის გიმნაზია. ცისფერი ყანწის ბიჭები. დახვრეტილი ბარონ ბიბინეიშვილის მოგონებები ქუთაისის შესახებ. საოცარი მოგონებები, სხვათა შორის. ქუთაისის ციხე. აწ გამქრალი. სტალინის კამერა. გიჟუას ნახტომი. თხაწვერა გოგია. პოეზია. ქუთაისის თეატრი. ის, ძველი, ჭიჭიკია და ბიჭიკია. იმათი ძაღლი. ბისკვიტია. პიანი ბაზარი. მწვანე ბაზარი. კვაჭი კვაჭანტირაძე, კაცი დაბადებული სამტრედიასა და ხონს შუა, ქუთაისში გაგიმნაზისტებული. სულ მომწონდა ქუთაისის უბნების სახელები. თბილისისა როგორღაც უფრო დამჯდარი და პირქუში იყო. მწვანეყვავილა. სასაფლაოს უკეთესი სახელი მე არ გამიგონია. ასე რომ ჟღერდეს. სამსონ თოფურია. სამსონ თოფურიას ლეგენდარული ბიუსტი. სად არის იგი? გინახავთ სამსონ თოფურიას ფოტო? ექიმი, ადესაში მტვირთავად ნამუშევარი. სხვა იერის კაცი. აკაკის გადამრჩენი, არაერთხელ. ექიმი ასევე, ივანე გომართელი. სოციალისტი, მგონი. წერდა გაუთავებლად. გარეგნობა-საუკეთესო სასიძო. რიონის წვერა. რიონის ქვები. კომუნისტებმა გაისროლეს რიონი ქუთაისიდან. დააწყალმარჩხეს. დარჩა ქვები. თეთრი. ქუთაისის ხიდები... შეიძლება, რომ ყველაფერი ასე სახელიანი იყოს? ასე გამოკვეთილი? ჯაჭვის ხიდი. სანამ ვნახავდი, ბავშვობაში უშველებელი წარმომედგინა. მერე გადავიარეთ. პატარა ხიდია. მაინც განუმეორებელი. არაფერი და ყველაფერი. როგორ მირბის ზედ, რევოლვერმომარჯვებული კონსტანტინე დადეშქელიანი, რომელმაც ეს წუთია მოჰკლა გუბერნატორი. ამპრეტუზო მედუზო. პიკასოს ბიჭი. ლადო მესხიშვილი, ხმა ჩახლეჩილი, ფრანც მოორის როლში, კინაღამ მართლა რომ ჩამოიხრჩო თავი. პიპინია მიქელაძე ახტა სცენაზე, ხმლით გადასჭრა თოკი. დარჩა ხმა გაბზარული. ქუთაისის ხმა. სერგია ერისთავი. გიცანი, სერგია გიცანიიი? რიონს რო მივქონდე და მეძახდე, გიცნობო, ასეა საქართველოს ამბავიო. სერგია ერისთავი. ქუთაისური ხუმრობა. დღეს, მგონი, ოდნავ ნაძალადევი, სერგიაზე და სხვათა კლასიკაზე აწყობილი. ოთარ მამფორიაზე, რასაკვირველია.[pagebreak] მინახავს მოხუცებული ბუღალტრები, შავი ჰალსტუხებით, ტილოს პიჯაკებში, გარეთა ჯიბეში სამი-სამი ავტორუჩკით, შლაპებით. ბაღში. მოვესწარი ამის შემჩნევას. ბაღისკიდეც მახსოვს. ცოტა ლუპენული ხუმრობებისკენ მიდრეკილად წერდნენ მის შესახებ. ბულვარი, გულვარდი. ასე უნდა სწორედ სიტყვის მორგება და გადაკეთება. დანიელა ურია. ქუთაისის ებრაელობა. ქუთაისის რუსობა და ქუთაისის პოლონელობა. მოკრივე ბოჭოლია. ნამდვილი ვარსკვლავის კი არა, შოუ და რაღაცა. ძველი ქუთაისელი ძელეცები. ერთხელ, ბავშვობაში, ქუჩაზე დამახსოვრებული კაცი. ეს ვინაა, იცი? იობიძეა, ათასკაციანი ქორწილი რო გადოუხადა შვილს და რო დეიჭირეს. დაჭერები. პიერ, პიერ. მე მილიციაში ვმუშაობ და ქორწილებში თუ ვუბაგუნე დოლს... ქუთეისია, უნდა უბაგუნო. ჩემი მეგობარი ნოდარი. ტიტე ვაჩაძე. ტორპედო. ქუთაისის ტორპედო. თავისი მთელი ამბებით. იუზა ლოსაბერიძის გოლი კიევის კარში, სისინა ქარის თანხლებით. ომი ქუთაისის სტადიონზე, სიკვდილი. სახალხო მღელვარება. დაღუპული ბიჭი. ბადრი ფარულავა, დურმიშხან ქვირია, ლეგენდა - ჯემალ ხერხაძე. კარგია, როცა ყველაფერი შენი გაქვს. მე მომწონს, სხვისი არ ვიცი. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე, რაც არ უთქვამთ და რაც თავიანთ გულში არ გაუტარებიათ? მართლა მაისში იყო მაგარი. ქარები იცის, ოხრული ქარები. მიდი, მოდი, თეთრო ხიდო, ოღასკურა, საფიჩხია... შალიკო ხვინგიაძე. სინამდვილეში გიგიაძე. შეხვედრები ჰიტლერთან. დათეშიძის გორა. აგული ერისთავი, სასაფლაოთა მიქელანჯელო. პერსონაჟები და რეალური ადამიანები სრულიად ერთად, ყოველგვარი გამოცალკევების გარეშე. ქუთაისური გვარები. მიქელაძე-მიქელთაძე. რომელ ქალაქში დაარქმევენ შვილს შედანს ჩვენს დროში? შედან ჭილაძე, მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი მსმელი. ჰოდა, არქმევენ. კოლია ქვარიანი. კოლია ქვარიანი! გოლიათი, ამერიკულ ფილმებში. გადახვეწილი. დიდი და მელოტი კოლია ქვარიანი. ზანგ ხულიგნებთან ჩხუბში დაღუპული სამოცდაჩვიდმეტი წლის დევი. დღემდე კლასიკა, ჭიდაობის სურათი, ჩახედეთ იუთუბს, ჯინ სტენლი-კოლია ქვარიანი. სიმონ ქვარიანი,ისტორიული რომანი... მამაჩემის მოგონება: ჩამოვედი მატარებლიდან, გავიარე სადგური, დილაა, ვიტრინიდან ხელს მიქნევენ ბოჭოლია და გენდრიმოვიჩი, წინ უდგათ არყის ბოთლები და ლუდის კათხები. უნდა დაგვეწიო, თითო ბოთლი დაცლილი გვაქ უკვეო. რავარი დასაწევია. პერაშკი ჩააყოლე, პერაშკი. რიონის წვერა. გინახავთ, ჩხირებზე აგებული? ეს ორი ვარია შოუშვი ისრიმ მაყვალში... მწვანილი, ქუთაისის მწვანილობის ეპოქა... მგონი, რაღაც ვთქვი და რაღაცას მოვყევი, იქ არმცხოვრები კაცის პირობაზე, თორემ მე რას უნდა მოვყვე ქუთაისზე. მე ვინ ვარ ამ საქმეშიი? ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ცოტათი მაინც. მთავარი კი არ მითქვამს. დიდი ქუთაისური ლიტერატურა. დიდზე დიდი. პირადად ჩემთვის სრულიად გადამწყვეტი და განუმეორებელი დღევანდელი ჩვენი მწერლობისთვის. ეგ რომ არ ყოფილიყო... არ ვიცი, აზრებს ძნელად გამოვთქვამ ხოლმე ფილოლოგიურად. ასე დაცლილმა, ასე გადასხვაფერებულმა, გულგამოღებულმა, მაინც მოახერხა და ამდენი გააკეთა. ამდენი კი არა, მე რო მკითხო... ჩემს გონებაში ქუთაისი, როგორც სისტემა დაიწყო რეზო ჭეიშვილის მოთხრობით, სადაც წყალტუბოს არქივში მომუშავე მწერლის ცხოვრება იყო აღწერილი და სადაც მოთხრობილ იყო მოკრივე ბაჭიას სიკვდილზე ავტოკატასტროფაში. ალბათ ბაჭია მაშინვე დავუკავშირე, ადრევე გაგონილ ბოჭოლიას და ალბათ იმასაც მივხვდი, რომ ეს ერთი და იგივე კაცია. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეგებ სულაც არასწორად ვამბობ ოდესღაც გაგონილ სახელებს. მაგრამ მახსოვს წვიმა იმ მოთხრობაში და ძველი ქუთაისელი ძელეცები რესტორანში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოთხრობამ ჩემზე სრულიად განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად გარკვევით ვხედავდი იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მიმოდიოდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაცები და ვიღაცები უკვე მენახა ქუთაისში. არ ვიცი. მაგრამ ასე კი იყო და ახლაც ასეა. მერე წავიკითხე მისივე "მუსიკა ქარში". ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია. მოხდება ხოლმე ასე. მგონი, არ უნდა შევყოლოდი ამ ლაპარაკს. ვეღარ დავამთავრებ. ანდა დაუნდობლად უნდა მოვკვეცო. ჩემი ქუთაისური წიგნები კი რასაკვირველია ჩემთან დარჩება. ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, - ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ.ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი. ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო. კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო. ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა.. . ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს. მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე. მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა. მოვიგეთ, ფეოლა... გაგიჭირდებოდათ. მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ." #ქუთაისი #აკამორჩილაძე #KUTAISIDAILY
კონემიკა საგანმანათლებლო
Chokhatauri · 2 months ago
Pietà - ფილმის განხილვა
❗შესაძლოა შეიცავდეს სპოილერებს Pietà რეჟისორ კიმ კი-დუკის მე-18 და ყველაზე ცნობილი ფილმი. აღსანიშნავია, რომ ‘’პიეტა’’ პირველი კორეული ფილმია, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი ‘’ოქროს ლომი’’ მოიპოვა. მოქმედება ვითარდება სეულის ერთ-ერთ დასახლებაში - ჩონგეჩონში. პიეტა მოწყელებას ან თანაგრძნობას ნიშნავს. იგი ასოცირდება ქალწული მარიამის მიერ მომაკვდავი ქრისტეს დატირებასთან. რეჟისორ კი-დუკის თქმით, მიქელანჯელოს ცნობილი, იმავე სახელწოდების მქონე ქანდაკების ნახვა გახდა შთაგონების მთავარი წყარო. ქანდაკებამ დღევანდელი საზოგადოების მძიმე სევდა და ტკივილი აგრძნობინა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ფილმისთვის ეს სახელი დაერქმია. მთავარი გმირია ლი კანგ-დო. 30 წლის მანკიერი კაცი, რომელიც მუშაობს მევახშეებისთვის და აგროვებს გასესხებულ თანხას, ხოლო მათ, ვინც თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სამუდამოდ ასახიჩრებს იმავე საშუალებებით, რითაც მთელი ცხოვრება თავს ირჩენდნენ. კანგდოს ყველა გაურბის, მისი ყველას ეშინია. სიმბოლურია, რომ ფილმი იწყება თვითმკვლელობის სცენით - კანგდოს ერთ-ერთი მსხვერპლი უიმედობისაგან იხრჩობს თავს და წერილს უტოვებს დედას. მსესხებლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან: ერთი უსუსურია, იმდენად, რომ ყველაფერს ცოლს აბრალებს. ხელმოჭრლის მუშაობა აღარ შეუძლია და ცოლის ვაჭრობით გააქვს თავი. მეორეს შურისძიების გრძნობა არ ასვენებს. ისიც იცის, რომ თავად ამას ვერ შეძლებს, ამიტომ თავის მცირეწლოვან ვაჟს ყოველ დღე ახსენებს, როგორ დაასახიჩრა კანგდომ. ბავშვი ძალადობას ადრეულ ასაკშივე ამჟღავნებს: ფანქრის წვერით ცდის კანგდოს დაჭრას. მესამე მათგანს კანგდოსი არ ეშინია, რადგან სიცოცხლე არ ადარდებს. ფული ისესხა, რათა დროებით ებედნიერა და შემდეგ მომკვდარიყო. მეოთხე ახალგაზრდა, ბავშვის გაჩენის მოლოდინში მყოფი მამაა, რომელიც მზადაა 30 ათასის სანაცვლოდ ორივე ხელი მოიჭრას. მეხუთე ინვალიდის ეტლში მჯდომი ბერია, რომელსაც ტაძრიდან გადმოხედვა და ბუნების საკუთარი თვალით დანახვაც არ შეუძლია... კანგდოსთვის ყოველდღიურობის ნაწილია ადამიანების დასახიჩრება, დაშინება, ფულით გამოცდა. იგი ყოველ დღე, ყოველი სასტიკი ქმედების წინ, ერთიდაიგივე ადგილას არჭობს დანას თავის ოთახში გამოკრულ ნახატზე. განსხვავებულია საუბრის სტილი. თავად რეჟისორის თქმით, მან უპირატესობა სალაპარაკო სტილზე მეტად ლიტერატურულს მიანიჭა, რაც თეატრალური სტილის შთაბეჭდილებას უტოვებს მაყურებელს. განსხვავდება გადაღებაც. ერთ მომენტში თუკი ჩანს ცა, მეორე მომენტში ვხედავთ იმ სასტიკ მანქანა-დანადგარებს, რომლებიც სამუდამოდ უმახინჯებს ცხოვრებას ადამიანებს. გადაღების ადგილი - ჩონგეჩონი, სავსეა მცირე ფაბრიკებით, რომლებიც ამუშავებს სხვადასხვა მანქანა-დანადგარებს. ფილმში გრაფიკული სცენები არ არის, მხოლოდ მანქანა-დანადგარების ჩვენებაც საკმარისია, მათ ძალადობასთან ასოცირებისათვის. ‘’მანქანები არ იმართება თავად, ადამიანები ვმართავთ მათ. საშინელებაა, არა? ჩემი აზრით, სწორედ ასეთია ჩვენი ცხოვრებაც. ამ მანქანებს გულისცემის ხმა აქვთ. ეს სცენები ცხოვრების ჩემი ფილოსოფიაა’’, ამბობს რეჟისორი. კანგდოს ცხოვრებაში უეცრად ჩნდება ქალი, რომელიც თავს მის დედად ასაღებს. 30 წლიანი მიტოვების შემდეგ, კანგდოსთვის რთულია დედის არსებობის დაჯერება. იგი თავიდან გიჟად რაცხავს ქალს, შემდეგ კი ყველანაირად ცდილობს მის დამცირებას და სიმართლეში გამოტეხვას: აიძულებს, შეაჭამოს თავისი ბარძაყის ხორცი, ‘’აქედან გამოვედი?’’, ეკითხება დედას, ‘’მაშინ შემიძლია ისევ უკან შევიდე?’’ და აუპატიურებს მას. კანგდოსა და ქალს შორის ურთიერთობა სტაბილურდება. დედობრივ სითბოს მოკლებული მალევე ეჩვევა უცხო ადამიანის მზრუნველობას. კანგდო დიდი ბავშვია. იგი ჯერ კიდევ ნახულობს ვულგარულ სიზმრებს, კლავს ცხოველებს, რადგან ბოროტების მეტი არაფერი იცის. დედასთან ერთად ქუჩაში პირველად გამოსული ერთობა ბუშტებით, ხელჩაკიდებული ათვალიერებს ყველაფერს, ელოდება, როდის დაამთავრებს დედა ლამაზი ზედის ქსოვას, უჩნდება კითხვები, რომელზე პასუხსაც დედისაგან მოითხოვს.( ‘’-რა არის ფული?’’ ‘’ფული? ყველაფრის დასაწყისიცა და დასასრულიც..სიყვარულის, პატივის, ძალადობის, რისხვის, სიძულვილის, სიხარბის, შურისძიების..სიკვდილის.’’) უჩნდება ღამით დედის მკლავებში დაძინების სურვილი და პირველად ეუფლება მარტოობის შიში. ‘’პიეტას’’ სამი მთავარი თემა გასდევს: ფული, ოჯახი და შეცდომის გამოსყიდვა, რომლებსაც მაყურებელი თავისებურად აღიქვამს. ფილმი განიხილება რელიგიურ ასპექტშიც, კიდუკის აზრით, კანგდო წააგავს ქრისტეს ფიგურას, მაგრამ არარელიგიური ადამიანისთვის იგი ცხოვრებასთან შერიგების სიმბოლოდ უფრო აღიქმება. მრავალი ფიქრობს, რომ ფილმი შურისძიების ისტორიაა. სინამდვილეში იგი წარმოგვაჩენს თითოეულ ჩვენგანს, როგორც დამნაშავეს, თანამზრახველსა და მსხვერპლს. საბოლოო სცენა პატიებაა: სასოწარკვეთილი დედის შენდობა, გულწრფელი სინანული და თანაგრძნობა. ფილმი შურისძიების კი არა, ორი შვილის დედის ისტორიაა. საბოლოოდ, კანგდოს დანაშაულის გრძნობა სიცოცხლის აზრს აკარგვინებს. ფილმის ბოლო კადრში ვხედავთ აღმართზე მიმავალ სატვირთოს, რომელიც ტოვებს სისხლიან კვალს. ‘’ეს არის ცხოვრება’’, ასე განმარტავს რეჟისორი ამ სცენას. ‘’ცხოვრება აღმართებითა და დაღმართებით’’. ‘’პიეტას’’ მთავარი მორალი სწორედ ისაა, რომ დანაშაულის გრძნობას შეიძლება უფრო სასტიკი ზეგავლენა ჰქონდეს, ვიდრე თავად ძალადობის აქტს. ------ Busan International Film Festival (October 11-12, 2012) Toronto Review: Kim Ki-duk’s ‘Pieta’ Beyond Hallyu: Korean Film in Review: “Pieta” Wikipedia - Pietà (film)
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
კარანტინში ექიმი გოგონებს ავიწროებდა? - რა დასკვნა დადო ომბუდსმენმა
საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, ქალის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა. საქმეში არსებული მასალების, მხარეების და მესამე პირების, მათ შორის, ექიმების გამოკითხვის და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ სექსუალური შევიწროება გამოვლინდა სამივე ფორმით სიტყვიერი, არასიტყვიერი და ფიზიკური ქცევით, რამაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა. სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს; ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგსა და ჯანდაცვის სამინისტროს გაითვალისწინონ სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკები და ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. საქმე რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს On.ge-მ სტატია 9 აპრილს მოამზადა. ქალი მარიამ ქ. ყვებოდა, რომ მარნეულის სასტუმროს კარანტინში გასინჯვის დროს ექიმმა იგი სექსუალურად შეავიწროვა. 29 წლის მარიამ ქ. საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გავლით 24 მარტს, დილით შემოვიდა. ის მარნეულის სასტუმროს კარანტინში მოათავსეს. მარიამი On.ge-სთან ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში არავის გაუსინჯავს და არც ტემპერატურა გაუზომეს, ექიმის კონსულტაცია კი ღამის საათებში შესთავაზეს. სპეციალისტი მის ნომერში საღამოს 10 საათისთვის შევიდა. თავდაპირველად კორონავირუსის სიმპტომების არსებობით დაინტერესდა, რაზეც მარიამმა უპასუხა, რომ არაფერი აწუხებდა. "საბაბი არ მიმიცია, რომ ჩემზე რამე განსაკუთრებული კვლევა ჩაეტარებინა. დაიწყო ყელის დათვალიერება, მერე სასუნთქი გზები უნდა გავსინჯოთო. გზადაგზა მეკითხებოდა, უი, რამდენი წლის ხარ, სად სწავლობ. ასე ღიად არ მაწვებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არა იყო. მერე მითხრა, ზედა უნდა გაიხადო, რომ სუნთქვა შევამოწმოთო. ეგ ჩვეულებრივ ამბად მივიჩნიე, მაგრამ თავი უკვე უხერხულად ვიგრძენი. ვუთხარი, ლიფს ჩავიცვამ და მოვალ-მეთქი", — ამბობს მარიამი. ის ჰყვება, რომ შემდეგ ექიმმა, გასინჯვის გაგრძელების მოტივით, ლოგინზე დაწოლა მოსთხოვა. მარიამის თქმით, კაცმა განუმარტა, რომ ზურგზე დაწოლა სახსრების შესამოწმებლად იყო საჭირო, რადგან სახსრების ტკივილი კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომია. "მაცვია უთხელესი ელასტიკი და მითხრა, რომ ეს ელასტიკიც უნდა გაიხადოო. ჩავიწიე ელასტიკი კოჭებამდე [...] შემოწმება დაიწყო ნეკნებიდან. ყველაზე დიდი ხანი საშოს არეში გაჩერდა. ზედ საშოზე ხელი არ დაუდია, მაგრამ ასე ჩაუყვა ბარძაყის გვერდებს. მერე გადმომატრიალა მუცელზე. საჯდომის ქვემოთაც ჩამიყო ხელები, მერე კოჭები და მუხლებიც გამისინჯა, ხელებზე არაფერი შეუმოწმებია. მითხრა, ღრმა სახსრების გამტარობაც გამოვიკვლიეთო", - ჰყვება მარიამი. მისივე თქმით, მთელი პროცესის განმავლობაში თავს უხერხულად გრძნობდა, ამიტომ აქეთ-იქით იყურებოდა და ელოდა, როდის დამთავრდებოდა შემოწმება. მარიამი იხსენებს, რომ ამის გამო ექიმმა ერთგვარი შენიშვნაც მისცა — უთხრა, რომ შემოწმების დროს მისთვის თვალებში შეეხედა და მზერა სხვა რამეზე არ გადაეტანა. მისივე თქმით, გასიჯნვის დროს ექიმმა რამდენჯერმა ჰკითხა, ცხოვრობდა თუ არა მარტო, რადგან იზოლაციაში გადასვლის შემდეგ მარტო უნდა ყოფილიყო: "ვუთხარი, რომ დედასთან ერთად ვცხოვრობდი და ის გადადიოდა. შემდეგ ნომერი ჩამაწერინა, როცა გინდა დამირეკე, გაწერილიც რომ იყოო. ბოლოს, ალბათ, ვერ მოითმინა და რომ გადიოდა, მითხრა, რომ მეუღლე ან შეყვარებული თუ გყავს, ხომ იცი, ორი კვირა არ უნდა ნახოო", — ამბობს მარიამი. მარიამი არ არის ერთადერთი, ვინც იგივე სასტუმროში, იმავე ექიმს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. On.ge ესაუბრა 17 წლის გოგოსაც, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს. არასრულწლოვანი ჰყვება, რომ ექიმი მასთან ღამის 11 საათზე, გაუფრთხილებლად მივიდა. ანას (სახელი შეცვლილია) თქმით, კაცი მთლიანად ეკიპირებული იყო და ნომერში შესვლის დროს სახელითა და გვარით არ გაცნობია. "მითხრა, რომ წელს ზემოთ ყველაფერი გამეხადა. თავიდან ყელი და სუნთქვა შემიმოწმა, შემდეგ მითხრა დაწექიო. შარვალი გაიხადეო. თავიდან ოდნავ ჩავიწიე, თუმცა მთლიანად გამახდევინა. ძალიან უხერხულად ვიყავი, რადგან ასეთი შემოწმება არსად გამიგია. მითხრა, სახსრები უნდა შეგიმოწმოთო, რადგან ევროპაში ეს გამოეპარათ და ჩვენ არ უნდა გამოგვეპაროსო. როცა მუცელზე დავწექი, კინაღამ გადამიწია საცვალი და ძალიან უხერხულად მეხებოდა. შემდეგ ფეხზე ჩაასრიალა ხელები, ძალიან უხერხულად ვიყავი. სულ ირონიულად მელაპარაკებოდა, რატომ ნერვიულობ და ეგეთები. წასვლის წინ მითხრა, შეყვარებული თუ გყავს, დაგელოდოს ათი დღეო. იცინოდა", - ყვება ანა. 17 წლის გოგო ამბობს, რომ თავიდან ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა, რადგან გასინჯვა დიდხანს არ გაგრძელებულა. "შემდეგ მეგობრებს ვკითხე, ვინც მსგავსი პროცესი გაიარა და ასეთი არავის გადახდენია. თავიდანვე მივხვდი, რომ არ იყო სწორი", - ამბობს ის. მარიამისგან და ანასგან განსხვავებულად გასინჯა იმავე ექიმმა სხვა პაციენტი. ნათია (სახელი შეცვლილია), რომელიც კარანტინში შვილთან ერთად იყო, On.ge-ს უყვება, რომ კაცს მისთვის სახსრები არ შეუმოწმებია და ფილტვების გასინჯვის დროს არც სამოსის გახდა მოუთხოვია. მისი თქმით, ექიმმა მხოლოდ კოჭები, მუხლები და ხელები შეუმოწმა. მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ეძინა, ექიმს საერთოდ არ გაუსინჯავს. მარიამ ქ. უკვე თბილისშია, თვითიზოლაციაში. მარნეულის სასტუმროდან დაბრუნების შემდეგ მან სახალხო დამცველს მიმართა. ომბუდსმენის აპარატში საკითხის მოკვლევა უკვე დაწყებულია და დაუკავშირდნენ ექიმსაც, თუმცა მისგან ოფიციალური პასუხის შესახებ ჯერ უცნობია. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე On.ge-სთან აღნიშნავს, რომ ექიმების მხრიდან პაციენტების სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართვიანობა იშვიათია. "ჩვენი მთავარი ტენდენცია მაინც სამუშაო სივრცეში სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება", - ამბობს ის. სხილაძე აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა მომართვიანობა ზოგადადაც დაბალია, მთავარ გამოწვევად კი კვლავ საზოგადოების დამოკიდებულება რჩება. ექიმის მხრიდან პაციენტის სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ კაცი სამინისტროს ან გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი არ არის, თუმცა არ აკონკრეტებენ, როგორ მოხვდა ის კარანტინის ზონაში. მათი ინფორმაციით, საქმეს აკვირდებიან და გამოძიების შემდეგ შესაბამისი რეაგირება ექნებათ. On.ge დაუკავშირდა ექიმს, რომელსაც ორი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ის ადასტურებს, რომ 24 მარტს მარნეულში მარიამ ქ. გასინჯა, თუმცა ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, გაიდლაინით იხელმძღვანელა და ყველა პაციენტი ერთნაირად შეამოწმა. 31 წლის კაცი მიუთითებს, რომ პაციენტს შეეძლო პროცედურაზე უარი ეთქვა. "სახსრებში შევამოწმე, ფილტვებში მოვუსმინე, ტემპერატურა გავუზომე, გამოვკითხე... სახსრებზე ხელით გავსინჯე, ერთი დადებით. დავადე, გტკივა? არა. "ვსიო". მეტი რა უფლება მაქვს ხელი მოვკიდო ზედმეტად... რაღაცაზე ხომ უნდა მომეჭირა ხელი, რომ მეთქვა? მე გავსინჯე მენჯ-ბარძაყის სახსარი, მუხლების სახსარი, ხელის სახსარი, თითის დადებით... ინტიმურ ადგილებში არ შევხებივარ, ინტიმურ ადგილებში არაა სახსარი", - ამბობს ექიმი. წყარო: On.ge ექიმი კარანტინი სექსუალურიშევიწროება TbilisiDaily
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 week ago
ჟიული შარტავა
ჟიული შარტავა აფხაზეთში სოხუმის დაცემა: აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს,1993 წლის ივნისში,რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირის მოქნე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარედ. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.მოგვიანებით შარტავას ცხედარი ქართლ მხარეს გადაეცა. 16 სექტემბერს,გამთენიისას,რუსეთი მორიგ ღალატს პირველი ტყვიებით ამცნობს სოხუმს. რუსული საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქს უსწრაფესად აიღებენ. ქრება „მითი“,თიტქოსდა სოხუმი ისეა გამაგრებული,რომ ჩიტიც ვერ შეფრინდება. 1993 წლის 27 სექტემბრის შტურმზე მისი უშუალო მონაწილე,მაშინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი გვესაუბრება და ამბობს,რომ მის თვალწინ წარიმართა ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე,რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც ინარჩუნებდა გარეგნულ სიმშვიდეს და XX საუკუნისმიწურულსგმირობისმაგალითიკიდევერთხელჩაწერასქართველოსისტორიაში. მზაკვრული ზავი აკაკი გასვიანი: „ქართულმა მხარემ კარგად იცოდა,რომ რუსეთის მზაკვრული ზავის ნოდბა არ შეიძლებოდა. ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით,თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ. მდგომარეობა დაძაბა ინფორმაციამ დივერსიის შესახებ, რის შედეგადაც გუმისთიდან თვითნებურად მოიხსნა ბატალიონები..ვისი ბრძანებით?-დღესაც უცნობია. შეიარაღებული ჯგუფები რკინიგზის სადგურთან გამოჩნდნენ, გარეუბნებში ქუჩის ბრძოლებიც დაიწყო. მდგომარეობა გართულდა. ზედიდეზ იკარგებოდა სოხუმის კვარტალები. მტერი თანდათან შემოდიოდა ქალაქში. 17 სექტემბერს,დილის 9 საათზე,მინისტრთა საბჭოში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. მესაუბრა. წასვლისას მითხრა: „მინისტრთა საბჭომ უნდა იმუშაოს, დაცვას გავაძლიერებთ დამატებითი ძალებით“. ათიოდე წუთში გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით, 32 „ავღანელი“ მოვიდა დასახმარებლად და სართულებზე განაწილდნენ. ათის ნახევარზე ჟიული შარტავაც მოვიდა და 11 საათზე მინისტრთა საბჭოს სხდომა გვაქვს დანიშნულიო,გვითხრა. მალე შემოგვიერთდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია, სამდივნოს თანამშრომლები: არიკ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი, მიშა კოკაია, მრეწველობის მინისტრი რაულ უშბა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, პრესსამსახურის უფროსი საშა ბერულავა. დაბომბვა კვლავ განახლდა. გუისთაზე ხაზი გაირღვა და მოწინააღმდეგემ თავისუფლად შემოაბიჯა ქალაქში. ქალაქში მხოლოდ მინისტრთა საბჭო და კომენდატურა ფუნქციონირებდა... ტელეფონის ზარზე, დაეტოვებინათ თუ არა ქალაქი მშვიდობიან მოსახლეობას,უკვე კატეგორიულად ვპასუხობდით- სასწრაფოდ გადით ქალაქიდან! ქართველი მეომრები თავგანწირულად იბრძოდნენ,მაგრამ ურიცხვ მტერთან გამკლავება გაჭრდა. სოხუმის შტურმით აღებას რუსი პოლკოვნიკი ანატოლი სიდორენკო ხელმძღვანელობდა.“ იერიში მთავრობის სახლზე „დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ნაღმსატყორცნებს. ბრძოლა ომოც წუთს გაგრძელდა. დღის პირველ საათზე,როდესაც სამხედრო მარაგი გვეწურებოდა,კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთან... გვპირდებოდნენ: “აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლა... ბრძანება გაცემულია... უკვე წამოვიდნენ”... მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა(?!). შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება... აშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ”. “გავდივართ!” ...სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება). როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: “გავდივართ!” აკაკი გასვიანი: “ჟიული შარტავასა და გურამ ჯანიაშვილის ბრძანებით გადაწყდა მცირე, 2-3-კაციან ჯგუფებად გავსულიყავით და ბოლომდე წინააღმდეგობა გაგვეწია მტრისთვის. კიბეზე დავეშვით. ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთიშვილი, იური გავა და სხვები ქუჩისკენ ჩამავალ კიბესთან შეჩერდნენ. ჟიული შარტავას თან ახლდნენ დაცვის ბიჭები: ავთანდილ დეკანოიძე, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია, თენგიზ აბსანძე, ელგუჯა შარტავა და მერაბ კვირიკაძე. ჩემი მანქანისკენ ვიხედები, იქნებ შევძლო იქამდე მისვლა... და ჟიული შარტავას გაყვანა. სანამ გამოსავალს ვეძებ, ტყვიის ზუზუნი მომესმა. ცხადლივ ვხედავ ტყვიის ირგვლივ წაგრძელებულ ტალღებს, უფლის ნებით, თავის გაწევას ვასწრებ... ეტყობა, სნაიპერმა ჩემს სვანურ ქუდს დაუმიზნა... ერთხელ თაღს ამოვეფარე, მაგრამ მეორე გასროლაზე მეომრების ჯგუფი მომაწვა და უკვე ღია სამიზნედ ვიქეცი. იქ დარჩენა არ შეიძლებოდა. ჩემს მცველს, ზურაბ სუბელიანს დავუწყე ძებნა, რამდენიმე ტყვია ისევ ამცდა. ამ დროს გურამ კვარაცხელიამ ჩამავლო ხელი, - ხომ ხედავ, შენ გესვრიან, კედლისკენ გავიდეთო. სკვერში გადავინაცვლეთ, იქ უარეს საფრთხეში აღმოვჩნდით. ფრუნზეს ქუჩიდან ტყვიამფრქვევები დაგვიშინეს. გურამი მიწაზე გაწვა, მე ხეებს ამოვეფარე და ნახტომ-ნახტომით მივაღწიე ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარამდე. ეგონათ, დაგვხოცეს და სროლა შეწყვიტეს. ქუჩის მესამედი გვქონდა გადასალახი და სროლა ისევ განახლდა. ჯვარედინ ცეცხლში მოვექეცი. ცოცხლად ჩემს აყვანას ვერ შეძლებენ, ხელყუმბარა და ბოლო ტყვია მქონდა გადანახული. ფრუნზეს ქუჩაზე, სამხატვრო სკოლასთან შემომიერთდნენ “ავღანელები”. იქ ათი წუთი დავყოვნდით. ავღანელთა ბატალიონის უფროსმა გურამ ჯანიაშვილმა დამამშვიდა, ჟიული შარტავა თავისი ჯგუფით ბოტანიკური ბაღის წინ გამავალ ქუჩას გაუყვაო. ვიფიქრე, როგორც დათქმული გვქონდა, კომენდატურას (წერეთლის ქუჩაზე, უნივერსიტეტის შენობაში) მიაშურეს-მეთქი. თუმცა, კომენდატურაში 2-3 კაციღა დამხვდა, შარტავა მათ შორის არ ყოფილა. წითელი ხიდისკენ წავედი, იქ ბრძოლები არ ყოფილა, გორაკებზე შემდგარი მაღლივი შენობებიდან მტერი გამვლელებს უშენდა ცეცხლს. იქ შევხვდი ქალაქის კომენდანტს მერაბ გამზარდიას, მის მოადგილეს - ნუგზარ ქოიავას და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს კოტე ზაქარაიას. მტერს შეუმჩნეველი არ დავრჩენილვართ, სროლა ატეხეს. ჭურვების თანხლებით პატარა ბაზრამდე მივაღწიეთ და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ობიექტის ჭიშკართან აღმოვჩნდით: “არ გაბედოთ შემოსვლა, თორემ გესვრით!” - ასეთი აგრესიული იყვნენ რუსი სამხედროები ჩვენ მიმართ. თავიანთ მშობლიურ ენაზე შევუკურთხე და იქაურობას გავეცალეთ. გენერალ ვალერი ქვარაიას მძიმე ტექნიკა ტურბაზასთან იდგა. ავუხსენი მდგომარეობა - თუნდაც ერთი ტანკი მოგვაშველეთ “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად-მეთქი. არც ამას დავჯერდი. თბილისის გზატკეცილით აგუძერაში, სამხედრო შტაბში ჩავედი. ავუხსენი, მთავრობის სახლს უჭირს, იგი ფაქტობრივად ალყაშია და იქიდან გამოსასვლელად მძიმე ტექნიკაა საჭირო-მეთქი. რამეს ვიღონებთო - აღმითქვეს. მიუხედავად შეპირებებისა, ჟიული შარტავას გამოსახსნელად მინისტრთა საბჭოს შენობამდე მაშველი ძალა არ მისულა(?!). ბოლო “ინსტანცია” ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. იგი გულრიფშში იყო. ვითარების გაცნობა არ გამჭირვებია, ყველაფერი იცოდა. საუბრის ბოლოს მითხრა: “ამჯერადაც გვიღალატეს რუსმა სამხედროებმა. ჩვენი დსთ-ში შესვლა არ აღმოჩნდა საკმარისი... ველაპარაკე ბორის პასტუხოვს, შემპირდა, ჟიული შარტავას და სხვებს ალყიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებით გამოგაყვანინებთო”... გული მაინც ცუდს მიგრძნობდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გურამ ჯანიაშვილის მეომრებმა “ცოცხალი კორიდორი” გააკეთეს. ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა რომ შეაზანზარა, შეძახილი გაისმა - ჩახოცეს ბიჭებიო. შეძახილი საბედისწერო გამოდგა. ორი “ავღანელი” სასიკვდილოდ დაიჭრა... ეგონათ, “ცოცხალი კორიდორი” აღარ არსებობდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: მოულოდნელად ჟიული შარტავამ გეზი ისევ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ აიღო. გადაწყდა, ებრძოლათ ბოლომდე, ვიდრე ტყვიები ეყოფოდათ. “ავღანელებს” ელგუჯა გორდაძე მეთაურობდა. დაცვის ბიჭებთან ერთად, ხელიდან ავტომატი არ გაუგდია ქალაქის მერს - გურამ გაბისკირიას. შეურიგებელი ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. მტერი პირდაპირ შარტავას კაბინეტს ესროდა, პირველად ხანძარი მის ოთახს მოედო... წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა... ჟიული შარტავა კრიტიკულ სიტუაციაშიც ამშვიდებდა მეომრებს, აფხაზებთან მოლაპარაკებას გავმართავო... უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, “ავღანელებთან” ერთად. - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! - პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (ოღონდ რა კითხვაზე - ჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული “შარტავას რაზმის” შეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენ... ეშაფოტისკენ! “შევარდნაძემ აფხაზეთი დათმო...” "უცნაურ ომს” უწოდებდა ბატონი ჟიული შარტავა აფხაზეთის ომს, რომელმაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. აფხაზეთის ომს ჰქონდა 3 სექტემბრის მზაკვრული “სამშვიდობო” ხელშეკრულება, რომელიც აფხაზთა მხრიდან დაირღვა და ცეცხლი განახლდა, რის შედეგად დაიკარგა გაგრა! აფხაზეთის ომს... არ უნდა ჰქონოდა 27 ივლისის ზავი, რომელმაც ქართული მხარის მძიმე ტექნიკის - ასეული კილომეტრით, აფხაზურის კი - რამდენიმე კილომეტრით დაშორება დააკანონა. ამავე ზავით, დანაშაული იყო აგრეთვე გუმისთაზე ბატალიონების მოხსნა. როდესაც სროლები განახლდა, სოხუმში დარჩენილი ის მეომრები, რომელთაც იარაღი გადამალეს, ორმაგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ საკუთარი ოჯახებიც უნდა დაეცვათ და მომხდურიც შეეჩერებინათ გუმისთასთან, რამაც ჯარისკაცებში დაბნეულობა გამოიწვია, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საბოლოოდ სოხუმის “თვითმკვლელობის” წინა პირობად იქცა!.. დაიკარგა არა მარტო სოხუმი და გაგრა, არამედ მთლიანად აფხაზეთი. ისმის კითხვა - ჰქონდა თუ არა ქვეყნის მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს ინფორმაცია აფხაზური მხრიდან მოსალოდნელი ცეცხლის განახლების შესახებ? საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ირაკლი ბათიაშვილმა ამ კითხვაზე ასე უპასუხა: “საქართველოს უშიშროებას ჰქონდა ყველა საჭირო ინფორმაცია მთელი ომის განმავლობაში აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს მასალები აუცილებლად დაიდებოდა მეთაურის მაგიდაზე. მთავარსარდალი ვერ აკონტროლებდა აფხაზეთში შექმნილ ქაოსურ სიტუაციას, მოწოდებულ ინფორმაციაზე ადეკვატურად არ რეაგირებდა. ასეთი სვლებით მთავარსარდალმა აფხაზეთი დათმო, უშიშროების მასალებს კი მისივე სამუშაო მაგიდაზე დაედო საიდუმლო გრიფი. მეთაურისგან ლიმიტირებული მასალები პროკურატურაში დღესაც საიდუმლოდ ინახება”. პასუხგაუცემელ კითხვებს შორისაა, ყველაზე მთავარი, - რატომ ვერ მიაშველა განწირულ ქალაქს მთავარსარდლობამ კოდორზე შეჩერებული საარმიო კორპუსები, რომელსაც სარდლობდნენ პაატა დათუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და დავით თევზაძე... რასთან გვაქვს საქმე, არაპროფესიონალიზმთან თუ შეგნებულ ღალატთან. შეიძლებოდა სოხუმის გადარჩენა? აკაკი გასვიანი: “შეიძლებოდა! ჩვენი მეომრები, მართალია, არ იყვნენ გაწვრთნილი სრული სამხედრო სტანდარტებით, მაგრამ მათ გამოავლინეს ჭეშმარიტად ქართული მეომრული სული, რამაც არაერთი ბრძოლა მოაგებინა (15-16 მარტს - ეშერის მისადგომებთან, ბრძოლა ტამიშთან, კამანთან). 12 დღის განმავლობაში ქართველმა მეომრებმა თავგანწირული ბრძოლებით არაქათი გამოაცალეს აფხაზი სეპარატისტების მიერ დაქირავებულ “ბოევიკებს”. კიდევ ორი საათი რომ გაგრძელებულიყო ბრძოლა, მტერი უკუიქცეოდა (რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ ეს თავად აღიარეს). 26 სექტემბერს, სამხედრო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო და ქალაქის ცენტრი შესაბამისად ორი ბატალიონით გაემაგრებინათ, სოხუმი გადარჩებოდა." სიკვდილამდე ცოტახნით ადრე ქალბატონი ლია ჯალაღონია-შარტავა წლების შემდეგ იმ დღეს გაიხსენებს, როდესაც მეუღლეს უკანასკნელად დაემშვიდობა: “დილის 5 საათი იყო. ყურმილი ავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი... ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს, განკარგულებებს. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, - ლია, მგონი ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად, დღის სამის ნახევარზე დაბრუნდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. მის სამუშაო ოთახში შევედი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა: “ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ოთახიდან გავედით. კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა: “ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”. ჟიული შარტავა მოახლოებულ აღსასრულს არა მარტო გრძნობდა, არამედ როგორც მწერალი ჯემალ აჯიაშვილი (ბატონი ჟიულის თანაკლასელი) იტყვის: “ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.“ საბედისწერო ნაბიჯი იყო? ამას ვერ ვიტყვი. ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა”. წყარო:blogpost.com#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 month ago
ქალის სექსუალობის ასპექტები - რევოლუცია თუ “ბუნებრივი” მდგომარეობა?
„დედის უფლებების დამხობა მდედრობითი სქესის მსოფლიოისტორიული დამარცხება იყო.“ - ფრიდრიხ ენგელსი „ქალი არის შექმნილი იმისათვის, რომ მამაკაცს მოსწონდეს.“- ჟან ჟაკ რუსო იმისათვის რომ გავიგოთ თუ რა განაპირობებდა ქალთა დისკრიმინაციას მინდა გაგაცნოთ ორი ფილოსოფოსის აზრი ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. (გაითვალისწინეთ ფილოსოფოსთა მოღვაწეობის პერიოდი) ფრიდრიხ ენგელსი ქალთა დისკრიმინაციას ეკონომიკასთან აკავშირებს, ხოლო ჟან ჟაკ რუსო ცდილობს თავის კითხვებზე პასუხი ბუნებით მდგომარეობაში იპოვოს. ფრიდრიხ ენგელსი, თავის ნაშრომში „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“ საუბრობს იმ გამომწვევ მიზეზებზე , რის გამოც ქალებმა დაკარგეს ძალაუფლება და რანგით მამაკაცზე დაბლა აღმოჩნდნენ. ენგელსი ამტკიცებს, რომ თავდაპირველად სამყაროში მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრების გამო ბავშვის ერთადერთი მშობელი დედა იყო, რადგან მხოლოდ დედამ იცოდა, რომ შვილი ნამდვილად მისი იყო. შესაბამისად ოჯახში და თემში ქალმა აიღო დამოუკიდებლობა. გვარში მემკვიდრეობაც მხოლოდ დედის ხაზით გადადიოდა და თემის უფროსიც დედის ხაზიდან ირჩეოდა. მაშასადამე მამაკაცთა აზრით, ეს სისტემა უნდა დამხობილიყო და დაემხო კიდეც. “ დედის უფლებების დამხობა მდედრობითი სქესის მსოფლიო - ისტორიული დამარცხება იყო.“ - ენგელსი ფრიდრიხ ენგელსი აკრიტიკებს ბურჟუაზიულ ოჯახს, რადგან ოჯახის ეს მოდელი ქალის ჩაგვრისა და ე.წ „პროსტიტუციის“ მთავარ მიზეზად მიაჩნია. ბურჟუაზიულ ოჯახში წარმოება, ბიუჯეტი, ფულის გამომუშავება მთლიანად მამაკაცზეა დამოკიდებული. ენგელსის აზრით, ბურჟუაზიამ გარყვნა საზოგადოება, რადგან ამ პირობებში ქორწინება გახდა „პროსტიტუცია“ ეკონომიკურად უფრო შემდგარ მამაკაცზე. ეს არის ქალის პირდაპირი დისკრიმინაცია. ამით გაჩნდა არამხოლოდ კლასობრივი, არამედ სქესობრივი ჩაგვრაც. ქორწინებაში მყოფი წყვილი იურიდიულად აფორმებს მოწმობას, იმის შესახებ, რომ თანასწორნი არიან თანაცხოვრების დროს, მაგრამ ეს იურიდიული დოკუმენტიც, მისი აზრით, ფარსი ხდება, რადგან ასე რომ იყოს, ქალს ყველაფერი ექნებოდა რასაც მოისურვებდა. ამის გადაჭრის გზას იგი ხედავს იმ ეპოქის რევოლუციაში, როდესაც მოისპობოდა ის მდგომარეობა, როდესაც ფინანსური მხარე მხოლოდ მამაკაცს ეჭირა ხელში, მისი აზრით, მათ ჩამოაყალიბეს ცრუ მონოგამია, რასაც თვითონ არ იცავენ, მათთვის ბუნებრივია ცოლ-ქმრული ღალატი, ხოლო ქალისათვის ეს ამორალური ქმედებაა. ეს ვითარება დაემხობა მაშინ, როდესაც ბურჟუაზია დაემხობა. წარმოების საშუალებების განვითარებასთან ერთად გაქრება მონოგამიის ბურჟუაზიული გაგება, აგრეთვე გაქრება, დაქირავებული შრომაც, პროლეტარიატიც, მაშასადამე იმის აუცილებლობაც, რომ ქალების გარკვეული რიცხვი, ფულის გამო გაჰყვება მამაკაცებს ცოლად. მონოგამია მოსპობის ნაცვლად, მამაკაცებს რეალობად მოევლინებათ. მამაკაცების მდგომარეობა ძალიან შეიცვლება. ამასთან ერთად, მისი აზრით, ყველა ქალის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, როცა წარმოების საშუალებანი საზოგადოებრივ საკუთრებაში გადავა, კერძო ოჯახური მეურნეობა საზოგადოებრივ მრეწველობად გადაიქცევა, ბავშვების მოვლა-პატრონობა და აღზრდაც საზოგადოებრივი საქმე გახდება; საზოგადოება ერთნაირად იზრუნებს ყველა ბავშვისთვის. ქალი დანებდება მისთვის სასურველ მამაკაცს. მისთვის ცხოვრება არა ფულის მონობა, არამედ თავისი სურვილით ცხოვრება გახდება. განსხვავებულ მოსაზრებას ავითარებს ჟან ჟაკ რუსო. იგი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბუნებრივ მდგობარეობას. თავის წიგნში „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ თავი 5 იგი აღწერს მამაკაცსა და ქალს შორის განსხვავებას. რუსოს აზრით, იმაში, რაც ადამიანებს აქვთ საერთო, ისინი თანასწორნი არიან , ხოლო იმაში რაც განსხვავებული "ვერც შევადარებთ". ქალსა და მამაკაცს ბუნებრივი მდგომარეობა, რუსოს მიხედვით სხვადასხვა აქვთ. მამაკაცი გაჩენილია იმისათვის რომ იყოს ძლიერი, გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებს, მოიპოვოს ნადავლი, იშრომოს, შექმნას ახალი ნაშრომები, იაზროვნოს. ხოლო ქალს ბუნებამ ეს თვისებები არ არგო, სამაგიეროდ მიანიჭა ბავშვის მუცლად ტარების და გაჩენის თვისება. ქალი შთამომავლობის გამგრძელებელია, ოჯახში სიმყუდროვის შემქმნელი, რუსოს მიხედვით, იგი არის კავშირი მამაკაცსა და შვილს შორის. მან უნდა იზრუნოს ოჯახში ჰარმონიულ დამოკიდებულებაზე. ქალს არ აქვს ის თვისებები, რითაც შეძლებს მამაკაცს გაუტოლდეს, თუნდაც გონებრივი და ფიზიკური, სწორედ ამიტომ ის თავის მდგომარეობაში უნდა იყოს ძლიერი , ხოლო მამაკაცი თავისაში. ძლიერი ქალი მისთვის არის ძლიერი მეოჯახე, თავისი ბუნებრივი მდგომარეობის ძლიერად დამცველი. რუსოს აზრით, ქალი გაჩენილია იმისათვის, რომ მამაკაცს მოსწონდეს. ამიტომ ის უნდა ეცადოს იყოს სასიამოვნო მამაკაცსითვის. ხოლო მამაკაცისთვის სასიამოვნო ქალი არის მოვლილი, ლამაზი, ნაზი, ადამიანი , რომელიც გამოირჩევა მეოჯახეობით, მორჩილებით. ქალი ფასობს იმდენად, რამდენადაც მას მამაკაცი აფასებს, მამაკაცის საზომი ქალში კი მისი სილამაზე და მეოჯახობაა. სწორედ ამიტომ ქალები ცდილობენ მაქსიმალურად მოსაწონნი გახდნენ მამაკაცებისათვის, მათ კრიტერიუმებს მოერგონ, მისი აზრით, ქალისა და მამაკაცის აღზრდაც სხვანაირად ხდება. ქალის განათლებაზე ყურადღება იმდენად არ არის გამახვილებული, რამდენადაც მის მოვლის საშუალებებზე. აუცილებელი არარის ქალმა პირველივე მამაკაცზე შეაჩეროს არჩევანი და მას "დანებდეს" ცხოვრების ბოლომდე, რუსოს აზრით, მას რასაკვირველია აქვს არჩევანის გაკეთების უფლება, მაგრამ საბოლოოდ მაინც მისი მამაკაცის უნდა იყოს. „ქალი მამაკაცზე დამოკიდებულია თავისი მოთხოვნილებებით და სურვილებით კაცი კი მხოლოდ სურვილებით.“ -რუსო.