0
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში 8 ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 927 732 539 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 961 714 845 ლარი იყო. ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის 4 კვარტალში ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 392 114 132 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 596 428 969 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 34 375 366 ლარი შეადგინა. მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც 4 კვარტლის მონაცემებით, 390 435 262 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 576 018 626 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა - 46 215 608 ლარი გადაიხადა. წმინდა მოგების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება „კრედო ბანკი“, რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 27 699 088 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ლიბერთი ბანკი“ და „ბაზისბანკი“ იკავებენ. მათმა წმინდა მოგებამ გასულ წელს, შესაბამისად, 26 832 117 და 24 830 002 ლარი შეადგინა. „ბაზისბანკს“ მცირედით ჩამორჩება „პროკრედიტ ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამაც წინა წელს 23 131 243 ლარი შეადგინა, მას 22 449 122 ლარიანი წმინდა მოგებით - „ბანკი ქართუ“ მოსდევს. მას მცირედით ჩამორჩება - „ტერა ბანკი“, რომლის წმინდა მოგებაც გასულ წელს 20 241 573 ლარი იყო. სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება კი ამ შვიდთან შედარებით განსხვავებული და მცირეა. ავტორი: თაია არდოტელი სტატია არ გვეკუთვნის ჩვენ. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge მიერ. https://www.bpn.ge/article/65050-8-qvelaze-momgebiani-banki-sakartveloshi-vin-liderobs-chamonatvalshi
#business
0