„იქეთ-აქეთ მილიციონერი ეჯდა და შვილი გაიტაცეს“

0
დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბეგლარ ხოზრევანიძის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ბეგლარ ხოზრევანიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ხოზრევანიძის ახლობლები და ადვოკატი კი ამბობენ, რომ შეიარაღებულმა პოლიციელმა გია დოლიძემ იგი სცემა, გაიტაცა და რეალურად, მოქალაქეა დაზარალებული. საქმეში დევს ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს ორი კაცის ჩხუბი და რამდენიმე გამშველებელი. ამ ამბავს 10-15 ადამიანიც ადევნებს თვალს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ პოლიციელმა მანქანაში მყოფ ბეგლარ ხოზრევანიძეს ჯერ დედა შეაგინა, შემდეგ სახეში ჩაარტყა და ბოლოს მანქანიდან გადმოათრია. სწორედ ამის მერე მოუქნია ხელი პოლიციელს ბეგლარ ხოზრევანიძემ. ინციდენტის ადგილზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. თუმცა კადრები, რაც ჟურნალისტებს გვაჩვენეს, მხოლოდ იქედან იწყება, სადაც ბეგლარ ხოზრევანიძე და შეიარაღებული პოლიციელი ჩხუბობენ და მათ გაშველებას რამდენიმე ადამიანი ცდილობს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ბეგლარ ხოზრევანიძეს სახელმწიფო ბრალდება ედავება პოლიციელზე თავდასხმას, მაშინ, როდესაც ერთი თვის განმავლობაში დაცვის მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები, სადაც ვიდეოჩანაწერებით კარგად დასტურდება და ასევე მოწმეების ჩვენებებით, როგორ დაესხა პოლიციელი მოქალაქეს თავს. ჩამოიყვანა მანქანიდან და სცემა. სახელმწიფო ბრალდებამ კი მოქალაქეს წაუყენა ბრალი, თითქოს პოლიციელს დაესხა თავს მოქალაქე. ეს არის აბსურდი, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულებით საქმეში დასტურდება პოლიციელი როგორ სცემს მოქალაქეს, “ – უთხრა დაკავებულის ადვოკატმა, ზაზა პაპიძემ ჟურნალისტებს. ეს ინციდენტი 27 ივნისს მოხდა და ბეგლარ ხოზრევანიძე დღემდე წინასწარ პატიმრობაშია. ოჯახის ვერსიით, პოლიციელი გია დოლიძე აქამდეც იცნობდა ბეგლარ ხოზრევანიძეს. 27 ივნისის ინციდენტს ბეგლარ ხოზრევანიძის მამიდა, ეთერ ხოზრევანიძე ასე ხსნის. „ერთი წლის წინ ჩემს ძმისშვილს მოუვიდა რესტორანში შელაპარაკება. ადმინისტრაციული ჯარიმა როცა დააკისრეს, ბეგლარმა უთხრა ამ პოლიციელს – არ დამიწერო, უმუშევარი ვარ, შვილების პატრონი ვარ და ნუ დამიწერო. ჯარიმა მაინც დაუწერეს. ბეგლარმა ცოლს ოქრო შეხსნა, ჩააბარა ლომბარდში და ისე გადაიხადა ის ჯარიმა. შემთხვევის დღეს მამასთან ერთად იყო გადასული ბეგლარი ლომბარდში ამ ჯარიმის თანხის გადასახდელად. ლომბარდის კართან შეხვდა ეს პოლიციელი. ჩემს ძმისშვილს უთქვამს: ხომ გთხოვე არ გამწირო, აგერ დღესაც მაგ ვალს ვიხდიო… შევიდა ჩემი ძმისშვილი მამასთან ერთად, გადაიხადა თანხა ლომბარდში და დაჯდა მანქანაში. ამ დროს პოლიციელი მანქანას გადაუდგა და უთხრა არ დაძრა მანქანაო. ჩემს ძმას უთქვამს, დაგვანებე ახლა თავი, ხვალ შევხვდეთ, ვილაპარაკოთო. პოლიციელმა მძღოლის მხრიდან კარი ვერ გამოაღო, ამიტომ მივიდა მეორე მხრიდან, სადაც ბეგლარი იჯდა, გამოაღო კარი, ჩამოდიო და შეაგინა. მოხდა დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა, ჩაერია ხალხი და გააშველეს, “ – ჰყვება ეთერ ხოზრევანიძე. ბეგლარ ხოზრევანიძის მამა, მერაბ ხოზრევანიძე ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ პოლიციელებმა მისი შვილი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. „ოთხი საათი ვეძებდი. გატაცებული ჰყავდათ. ტაბიძეზეც მივედი პოლიციის განყოფილებაში, არსად არ იყო. მერე ვიპოვე მაკდონალდსთან მანქანაში ჰყავდათ, იქეთ-აქეთ მილიციონერი ეჯდა, შვილი გაიტაცეს. რა დააწერინეს, რა უთხრეს არ ვიცი, “ – ამბობს მერაბ ხოზრევანიძე. ბეგლარ ხოზრევანიძის ახლობლები ითხოვენ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და, მათი აზრით, უდანაშაულო მოქალაქე გაათავისუფლოს. „ჩვენ მართლა გვწამს და გვჯერა სასამართლოს ობიექტურობის. არ გაწირავს ახალგაზრდას და არ დატოვებს უმამოდ ბავშვებს. მოვითხოვთ, რომ სამართალმა იზეიმოს, რწმენა დაგვრჩეს ამ პოლიციის, ამ მთავრობის, ამ სასამართლოს ობიექტურობის რწმენა შევინარჩუნოთ. ჩვენ რწმენა ძალიან გვჭირდება, “ – თქვა ჟურნალისტებთან ბეგლარ ხოზრევანიძის მამიდამ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#ბათუმი
#batumidaily
წყარო - batumelebi.ge
#ახალიამბები
0