0
ქუჩის ცენზურა“- კედლების დაუცველი ხმა. თბილისის ურბანულ კულტურაში ქუჩის ხელოვნების (Street Art) როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა და იგი თანდათან სამოქალაქო-პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა. თუმცა, სტრიტ-არტის სამიზნე აუდიტორიის გაფართოებამ ამ მიმდინარეობის მიმართ მტრული დამოკიდებულების მქონე ადამიანთა რიცხვიც საგრძნობლად გაზარდა. მხატვართა დიდი ნაწილის აზრით, პრობლემური თემების აქტიურმა ვიზუალიზაციამ გამოკვეთა შემდეგი ტენდენცია: რაც უფრო მწვავეა ნახატის თემატიკა, მით უფრო ცოტა ხნით რჩება იგი კედელზე - ნამუშევარი ვერ უძლებს , , ქუჩის ცენზურას “ და უმეტეს შემთხვევაში, დღის სინათლის ხილვასთან ერთად იშლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქუჩის ხელოვნებას არცთუ დიდი ხნის ისტორია აქვს. თავდაპირველად თბილისის ურბანული კულტურა შორს იდგა ხელოვნების ელემენტებისგან და იგი საკუთარი სახელებით აჭრელებული შენებობის კედლებთან, მიწისქვეშა გადასასვლელებთან თუ სადარბაზოებთან ასოცირდებოდა. ამას მოჰყვა რომანტიკული ეპითეტებისა და ფრაზების მთელი სერია, რომელსაც კონკრეტული ადრესატი ჰყავდა და ნაკლებად იყო მიმართული საზოგადოებისაკენ. მსგავსი ტიპის „უწყინარი“ წარწერები არ მოიცავდა იდეურად ძლიერ, საპროტესტო მესიჯებს, შესაბამისად, მათი არსებობაც არავისთვის წარმოადგენდა პრობლემას. თანდათანობით დედაქალაქის ურბანული სურათი შეიცვალა. ქუჩის მხატვრობამ შეიძინა ესთეტიკურ-იდეური დანიშნულება და არტისტთა ხელში პროტესტის გამომხატველ, რევოლუციურ იარაღად ჩამოყალიბდა. დაიხვეწა გრაფიტის ტექნიკა და კონცეფცია. მან მეტად თამამი, გაბედული და კატეგორიული ტონი შეიძინა. სოციალური და პოლიტიკური პრობლემების სიჭარბემ დედაქალაქს საკუთარი კვალი დაამჩნია და ქუჩის არტისტთა ნამუშევრების თემატიკამაც ერთფეროვანი სტილი დაძლია – მხატვრებმა პრობლემებიდან გამომდინარე ფანტაზიას მეტი გასაქანი მისცეს და სტრიტ-არტიც ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილად იქცა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის ქუჩებში გამოჩნდა გრაფიტები და სტენსილები, რომლებიც მიზნად ისახავდა სტერეოტიპების დამსხვრევას, იცავდა უმცირესობებს, შეიცავდა მოწოდებას მოქმედებისკენ, აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ხაზს უსვამდა სოციალურ-პოლიტიკურ ღირებულებებს და უბიძგებდა ხალხს ურთიერთგაგებისკენ. განსაკუთრებით აქტუალური გახდა გენდერულ და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. გაჩნდა გრაფიტები, რომლებიც ეხმაურებოდა შრომის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მიმართული იყო უმცირესობის ჩაგვრის წინააღმდეგ, აკრიტიკებდა ხელისუფალთა გადაწყვეტილებებს. მსგავსი ნამუშევრები კი შინაარსის გამო ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სტენლისი და გრაფიტი ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციების განუყოფელ ატრიბუტადაც იქცა. დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდა წარწერები _ „ბიძინას ბოსტანი“, „სინდისის სასაფლაო“ „სისხლიან 9+8 წელი“, „ნუ მაბრმავებ“, „ამ ცხოვრების დედაც“ „გახარია, წადი“ და სხვა. ეს სტენსილები ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პროცესებს ეხმაურება და საზოგადოების პროტესტს გამოხატავს, თუმცა, მათი დიდი ნაწილი მალევე ვანდალების(და არამარტო ვანდალების) მიერ მალევე იქნა წაშლილი. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 150-ე მუხლის მიხედვით, სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატის, სიმბოლოს თვითნებური შესრულება მარეგულირებელი ორგანოს ნებართვის გარეშე კანონდარღვევად ითვლება და ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას, თუმცა, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ნადგურდება ქუჩის ნახატების უმრავლესობა მაშინ, როდესაც არავითარ კანონდარღვევას არ აქვს ადგილი?! ვის ინტერესებში შედის ნახატების გადაღებვა და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს , , ცენზორი”? ქუჩის მხატვრები აღნიშნავენ, რომ ყველაზე ხშირად ნადგურდება პროტესტის გამომხატველი და რეაქციონერული ნამუშევრები, „ცენზორი” კი შეიძლება აღმოჩნდეს ყველა: სახელმწიფო, საპატრიარქო, მოქალაქე აქტივისტი ან უბრალოდ გამვლელი, რომელმაც სტენსილსა თუ გრაფიტში მისთვის მიუღებელი გზავნილი ამოიკითხა. შეიძლება ითქვას, რომ ნახატებითა და სიმბოლოებით ადამიანებთან კომუნიკაცია შედგა - საზოგადოებამ კედლებიდან სოციალური მესიჯები მიიღო და სტრიტ-არტიც თანდათან თავისუფალ ხმად ჩამოყალიბდა, თუმცა თავისუფალ ხმას კონკრეტული პირების, ჯგუფებისა თუ ინსტიტუტებისთვის უსიამოვნო ჟღერადობა აქვს. ქუჩის არტისტთა დიდი ნაწილისთვის კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კვლავაც ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება.
#თბილისი
#tbilisi
#სტრიტარტი
#street
#art
#tbilisidaily
#opinion
0