0
ლობისტური აიწონა-დაიწონა საქართველოში, ანუ რაში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი... ლობიზმი აშშ-ში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა და კონგრესმენთა ხმების , , ყიდვის’’ აღნიშნავდა, თუმცა მოგვიანებით დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმაციისა და პოლიტიკური პროცესების დახვეწის ფონზე ტერმინის შინაარსი სრულად გარდაიქმნა. ლობიზმი დემოკრატიულ სამყაროში პოლიტიკური პროცესების ეფექტურად წარმართვის აუცილებელ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა. შეიქმნა ლობისტური კომპანიები და კორპორაციები, რომლებიც დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ხელს უწყობენ მოვლენათა სასურველი სცენარით წარმართვას. ლობისტები გახლავთ პროფესიონალი შუამდგომლები, რომლებიც მუშაობენ პოლიტიკასა და პოლიტიკური რეკომენდაციების სფეროში, აქვთ გავლენები და ფართო კონტაქტები, იყენებენ ურთიერთთანშრომლობის მოქნილ საშუალებებს, ამ ყველაფრის ფონზე კი ზეგავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. საქართველოში კანონი ლობისტური საქმიანობის შესახებ 1998 წლიდან ამოქმედდა, შესაბამისად, მცდარია გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლობიზმი არალეგალური საქმიანობის ფორმაა. საქართველოსა და აშშ-ს შორის ლობისტური პარტნიორობა 1991 წლიდან დაიწყო. პირველი კონტრაქტი მოიცავდა დახმარებას ვაჭრობის, ტურიზმის, მარკეტინგისა და სხვა სფეროებში. გაწეული მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობამ კომპანიას 1991 წლის დეკემბერში 132, 000 აშშ დოლარი გადაუხადა. ლობიზმის პრაქტიკა კიდევ უფრო გამყარდა შემდგომ წლებში. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიხეილ სააკაშვილი და ენმ ეფექტურად იყენებდნენ ლობისტთა ინსტიტუტს და აყალიბებდნენ კონტაქტებს ამერიკულ პოლიტიკურ წრეებთან. აშშ-ში არსებული ლობისტური კომპანიის, , , Orion Strategies” მომსახურებით საქართველოს მთავრობა 2003-2012 წლებში აქტიურად სარგებლობდა. მასთან გაფორმებული 11 ხელშეკრულება საქართველოს ბიუჯეტს $2 145 000 დაუჯდა. აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა , , ნაციონალურ მოძრაობას” არც ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ შეუწყვეტია. აღსანიშნავია, რომ ლობისტური მომსახურება განსაკუთრებით აქტუალური ხდება საარჩევნო კამპანიის დროს. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნებისთვის აშშ-ის 5 ლობისტური კომპანიის მომსახურებაში დაახლოებით $6 მლნ გადაიხადა. თუმცა, ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ , , ქართულ ოცნებას” ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან ახალი კონტრაქტები აღარ გაუფორმებია. ამერიკულ პოლიტიკურ ტრადიციაში ლობიზმი იმდენად მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომ ქვეყნებს შორის ოფიციალური ურთიერთობები, დიპლომატიური არხები, საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტაქტები, საელჩო და წარმომადგენლობები, ეფექტური კომუნიკაციის საწარმოებლად საკმარისი შესაძლოა საერთოდაც არ იყოს. ბოლო პერიოდში აშშ-ს კონგრესიდან და სენატიდან კრიტიკული წერილების ტალღა წამოვიდა. ხელისუფლებამ ეს ოპოზიციის ლობისტურ მანიპულაციითა და მის მიერ ამერიკელი პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ახსნა. ამ ფონზე რამდენიმე დღის წინ , , ქართულმა ოცნებამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან გააფორმა კონტრაქტი. პარტია კომპანიას ერთი წლის განმავლობაში თვეში $75000-ს გადაუხდის. დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ კიდევ ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group AZ, L.L.C.-სთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელსაც თვეში $33 333-ს გადაუხდის. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სარეგისტრაციო დოკუმენტში წერია, რომ კომპანიამ პარტია , , ქართული ოცნება” უნდა წარმოაჩინოს, როგორც სანდო, პრაგმატული, დასავლეთის ლიბერალური იდეალებისა და დემოკრატიის ერთგული პარტნიორი. ამგვარად, ენმ-სა და ოპოზიციის ლობისტური ძალისხმევა ვაშინგტონში მიმართულია იმისკენ, რომ ამერიკელ პარტნიორებში გაჩნდეს ეჭვი „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ. თავის მხრივ, , , ქართულ ოცნებას” სურს დაარწმუნოს აშშ, რომ საქართველო კლავაც ურყევად დგას დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ ლობისტურ აიწონა-დაიწონაში ვინ გადასწონის, ამას მოვლენათა განვითარება აჩვენებს, იქამდე კი ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით დოლარი გაედინება.
#საქართველო
#პარტია
#ქართულიოცნება
#ენმ
#ლობიზმი
#ლობისტები
#tbilisidaily
#politics
0