WHO ქვეყნებს სთხოვს კორონავირუსს მაქსიმალური ძალებით ებრძოლონ

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს განაცხადა, რომ , შესაძლოა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სრულყოფილი ვაქცინა ვერ შეიქმნას და ამასთან, ჩვეულ ცხოვრებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, სხვადასხვა ქვეყნებმა კი სტრატეგიები უნდა შეცვალონ. მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვი 18, 4 მილიონს აღემატება, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები კი 688, 080-ია. ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარებოდა, თუმცა ახლა ინფიცირებათა რიცხვი ყოველ დღე მნიშვნელოვნად იზრდება. WHO-ს დირექტორი საზოგადოებას წესების დაცვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამჟამად ვაქცინის ცდები მესამე, კლინიკურ ფაზაშია და ისინი იმედოვნებენ, რომ უმოკლეს დროში რამდენიმე ეფექტური ვაქცინა შეიძლება შეიქმნას, რომელიც ადამიანებს ინფიცირებისაგან დაიცავს. მიუხედავად ამისა, აღინიშნა ისიც, რომ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი არსებობს და, შესაძლოა, ვერასდროს იარსებოს. მანამ, სანამ კლინიკური ცდები არ დასრულდება, ამაზე ზუსტი პასუხი არ გვეცოდინება. მაიკლ რაიანის თქმით, ქვეყნები, სადაც გავრცელების დონე მაღალია, ბრაზილიისა და ინდოეთის ჩათვლით, დიდი ბრძოლისათვის უნდა მოემზადონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, გამომძიებელთა ჯგუფმა შეაგროვა გარკვეული ინფორმაცია და მოამზადა საფუძველი იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების საწყისები ზუსტად დადგინდეს. აღსანიშნავია, რომ მომავალში იგეგმება საერთაშორისო ექსპერტებისა და WHO-ს გუნდის ერთობლივი ჩართულობა ამ პროცესში. კვლევა ქალაქ ვუჰანსაც მოიცავს, საიდანაც ვირუსი პირველად გავრცელდა. მაიკლ რაიანის ცნობით, ჩინეთმა მათ უკვე გადასცა გარკვეული ინფორმაცია, თუმცა მიუხედავად ამისა გაურკვევლობები კონკრეტულ საკითხებზე მაინც არსებობს. წყარო: Reuters სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #coronavirus #WHO #კორონავირუსი
0