0
“ქუთაისის ნიშა” - ფოტოგრაფი ილო. ილო ხახიაშვილს ყველა თაობის ქუთაისელი იცნობს. იგი ქალაქის კოლორიტი და იმ დიდი ისტორიის ნაწილია, რომელსაც რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში თავადაც დიდი სიყვარულით ქმნიდა. ილო 1935 წელს, 16 აგვისტოს დაიბადა. სამწუხაროდ მისი ბიოგრაფიიდან მხოლოდ მცირედი ნაწილია ცნობილი. ვიცით, რომ იგი ძველი ებრაელი ფოტოგრაფის შეგირდი იყო. სამხედრო მოვალეობის მოხდის შემდეგ ქუთაისში დაბრუნებულმა 1970-80-იან წლებში ფოტოგრაფის კარიერას მოჰკიდა ხელი. ახლად დაღვინებული ფოტოგრაფი ქუთაისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაშინდელი ელიტარული საზოგადოების წევრები, პოეტები, მწერლები, მომღერლები და მსახიობები ფოტოგრაფის სტუდიაში ხშირად იკრიბებოდნენ. მათი ერთად ყოფნის სიამოვნებას კი მეტ ხიბლს სძენდა ილოს სხარტი და სახასიათო იუმორი, რომელსაც თავისთავად არგებდა ხოლმე შექმნილ სიტუაციებს. მისი კაცთმოყვარეობა არ ეფუძნებოდა წოდებას, ილო ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს ერთნაირი სიყვარულითა და სითბოთი ეგებებოდა. ჩვევად ჰქონდა განსაკუთრებულად ყურადღებიანი მომსახურება. ის ძირითადად პორტრეტებს ქმნიდა. დღეისთვის, მის მიერ აღბეჭდილი ფოტოები ბევრი ქუთაისელის ძველ ფოტო-ალბომს ამშვენებს. თუმცა, ცოტამ თუ იცის როგორ ირჯებოდა ილო მათ შესაქმნელად. დიდხანს ურჩევდა გადასაღებ ობიექტს შესაბამის პოზას, გადააადგილებდა განათებას. განსაკუთრებით აწვალებდა ფოტოაპარატის წინ მყოფებს, რომელთა მიმიკების გამოძერწვაც მისთვის ხელოვნების ცალკე სახეობა იყო. ბევრი კლიენტი მწყობრიდანაც კი გამოუყვანია თავისი პერფექციონისტული ახირებებით, თუმცა, მის საშემსრულებლო ოსტატობაში ეჭვი არასდროს შეუტანიათ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კარიერის დასრულებამდე იმ ძველი აპარატით მუშაობდა, რომელზეც ჯერ კიდევ სიყმაწვილეში ისწავლა ფოტოგრაფობა. თუმცა კი, ეს არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი ფაქტორი მისი შედევრების აღბეჭდვისთვის. პირიქით, ილოს ფოტოები რადიკალურად განსხვავდებოდა იმდროინდელი ფოტოგრაფების ნამუშევრებისგან. ილოს საკუთარი ოჯახი არასდროს ჰყოლია. ხმებიც დადიოდა, რომ რამდენჯერმე წაუყვანიათ სასიძოდ “გადასამოწმებლად”, თუმცა, უღელისაგან თავის დახსნისთვის ახალგაზრდა ფოტოგრაფი ხან თვალებს აელამებდა, ხანაც სხვა ხრიკებით იძვრენდა თავს. საბოლოოდ, მიხვდნენ, რომ მისი დამორჩილების მცდელობას აზრი არ ჰქონდა და თავიც გაანებეს. ილო ფოტოგრაფი 2002 წელს გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე მდებარე მის სახელოსნოში მისივე სახელობის მუზეუმი გახსნეს. დღეს იგივე დაწესებულება ხანძრისგან მიყენებული დაზიანებების გამო აღარ ფუნქციონირებს. სამაგიეროდ, ქალაქს კვლავ ამშვენებს “მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრისა” და ქალაქის გალერიის გზაგასაყარზე არსებული ძეგლი, საიდანაც ილო ხახიაშვილი ძველებური კეთილი მზერით ისევ თავაზიანად ესალმება გამვლელს.
#ქუთაისი
#ლეგენდები
#ისტორიები
#კოლირიტი
#ფოტოგრაფი
#ილო
#ხახიაშვილი
#ისტორია
#kutaisidaily
Kutaisi
0