0
არქეოლოგიის მუზეუმი - თბილისური აკროპოლისი დიღმის მასივში, თრელიგორების ნასახლარის ერთ-ერთ ბორცვზე დგას მონუმენტური შენობა, რომელიც აკროპოლისივით თავზე დაჰყურებს აღმაშენებლის ხეივანს - ეს არქეოლოგიური მუზეუმია... მუზეუმი, რომელშიც გაცოცხლებულია თბილისის ისტორიული წარსული და დედაქალაქის მრავალსაუკუნოვანი კულტურული ცხოვრება. თრელიგორების ნასახლარის ბორცვიდან იშლება ფართო ჰორიზონტი და იკვეთება კონტრასტები თბილისის ისტორიასა და დღევანდელობას შორის. აქ მყოფს გიჩნდება განცდა, რომ მოშლილია სივრცით-დროითი საზღვარი და ერთდროულად ეკუთვნები დედაქალაქის აწმყოსაც და წარსულსაც - ქვემოთ სამარშრუტო ტაქსები მოძრაობენ, ავტომობილები ბენზინგასამართ-სადგურებთან ჩერდებიან, ადამიანები სუპერ-მარკეტებში შედიან და გამოდიან, მაღალსართულიანი კორპუსები კი ბეტონის ჯუნგლებს ქმნიან... ერთი სიტყვით, აქედან კარგად ჩანს ინდუსტრიული თბილისის ყველა ის შტრიხი და მახასიათებელი, რომელიც ჩვენი ყოფითი ცხოვრების ქრონიკებს ქმნის. თუმცაღა, საკმარისია ზურგი ვაქციოთ ურბანულ სივრცეს და ჩვენს თვალწინ დედაქალაქის 6000-წლიაანი უწყვეტი დასახლების მატიანე გადაიშლება. არქეოლოგიური მუზეუმი ფორმითა და მოცულობით თბილისის ბუნებრივ ლანდშაფტსა და რელიეფს კარგად არის მორგებული. ნაგებობა გამოირჩევა ორიგინალური სტილით, სიმეტრიის მაღალი გრძნობითა და არქიტექტურულ-იდეური დანიშნულებით. აქ ცხადად იგრძნობა მისწრაფება მონუმენტურობის, პომპეზურობისა და ნაგებობის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხაზგასმისკენ. შენობა საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს და მის კონსტრუქციაში კარგადაა ასახული საბჭოეთის ლტოლვა მეგალომანიისა და სიდიადისკენ. შენობის წინა ნაწილი წარმოდგენილია მონოლითური ოთკუთხედით, რომელიც გაფორმებულია ბარელიეფური გამოსახულებითა და წარწერით - არქეოლოგია. მუზეუმი 1988 წელს დაარსდა ცნობილი ქართველი არქეოლოგის, თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის - როსტომ აბრამიშვილის ინიციატივით. მუზეუმში დაცულია 10 000-ზე მეტი ექსპონანტი. აქ შეხვდებით თბილისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ძეგლებს, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. V ათასწლეულიდან ფეოდალური ხანის ჩათვლით. იხილავთ ადრეული მოკალული ბრინჯაოს ნივთებს “დელისის ნამოსახლარიდან”, სამეფო სამარხების მრავალფეროვანსა და მრავალრიცხოვან ინვენტარს, ვერცხლით ინკუსტრირებულ ბრინჯაოს მხედრის გამოსახულებას, ბრინჯაოსა და თიხის მცირე სკულპტურის ნიმუშებს, სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ სამკაულებს, კერამიკისა და მინის ნაწარმს. აღსანიშნავია, რომ არქეოლოგიის მუზეუმს კიდევ უფრო მისტიკურსა და ამაღლებულს ხდის მის წინ აღმართული წმინდა ნინოს მონუმენტი. სწორედ წმინდა ნინოს გამოსახულება, არქეოლოგიის მუზეუმი და იქვე ახლოს მდგომი დავით აღმაშენებლის ძეგლი ქმნიან იმ შთამბეჭდავ ტრიადას, რომელშიც განივთებულია საქართველოსა და თბილისის ისტორიული წარსული.
#თბილისი
#არქეოლოგიისმუზეუმი
#არქეოლოგია
#მუზეუმი
#ნიმუშები
#ისტორია
#tbilisidaily
#goodplaces
0