ლიბანი ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე - ახლოაღმოსავლური სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევები

0
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარი უმძლავრესი აფეთქების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის დროს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და სპეცსამსახურებს არსებულ სიტუაციაზე სრული კონტროლის დამყარების შესაძლებლობა ეძლევათ. ბოლო მონაცემებით, მომხდარ შემთხვევას 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კიდევ 5 000 დაშავდა. სამაშველო სამსახური ამ დრომდე განაგრძობს ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მოქალაქეების ძებნის ოპერაციებს, რადგან ათეულობით ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება და სავარაუდოა, რომ ისინი დაღუპულები არიან. ოთხშაბათს, 5 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ იმ პირები, რომლებიც ნავსადგურის ფუნქციონირებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, გამოძიების დასრულებამდე შინაპატიმრობაში დარჩებიან. მათზე კონტროლს კი სამართალდამცავი ორგანოები განახორციელებენ. საკითხის გარშემო არსებულმა სპეციალურმა საგამოძიებო კომიტეტმა 5 დღის ვადაში უნდა დადოს დასკვნა, რომელიც შემდეგ სასამართლო ხელისუფლებას გადაეგზავნება. ლიბანის გენერალურმა პროკურორმა ღასან უიდათმა ქვეყნის სპეცსამსახურებს დაუყოვნებლივი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა, რათა შეგროვდეს პორტში დაცული ამონიუმის ნიტრატის (რომელიც აფეთქდა) გარშემო არსებული ყველა სახის მასალა და დადგინდეს იმ კონკრეტულ პირთა წრე, რომლებიც საცავის უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. სამშაბათს, 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქება დაახლოებით 3, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ექვივალენტი იყო და აღნიშნულით გამოწვეული ნგრევა იმდენად დამაზიანებელი გამოდგა, რომ აღნიშნული 1975-1990 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროსაც არ დაფიქსირებულა. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის 6 მლნ-იანი სახელმწიფო ამჟამად ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა - განადგურდა ბიზნესი, ათასობით ადამიანმა სამსახური დაკარგა და ადგილობრივი ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. კორონავირუსულმა პანდემიამ კი ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. ბეირუთის მხარის გუბერნატორის მარვან აბუდის შეფასებით, აფეთქებით გამოწვეული ზარალი $10-დან $15 მლრდ-მდე მერყეობს (მანამდე $3-დან $5 მლრდ-მდე ფასდებოდა). უსახლკაროდ დარჩა 300 000-ზე მეტი ადამიანი.

ლიბანის კრიზისის ხანგრძლივი პერიოდი

ბოლო ათი თვის მანძილზე ლიბანის სახელმწიფო და ადგილობრივი საზოგადოება უმძიმეს კრიზისს განიცდის. ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა - ადგილობრივ პოლიტიკურ კლასს კი არ აქვს უნარი და ნებისყოფა გაატაროს ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც არსებულ სიტუაციას უკეთესობისკენ (ან სულ მცირე შეაჩერებს უკუსვლას) შეცვლის. ამ ყოველივეს კორონავირუსული პანდემია დაერთო, რომელმაც სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემა ჩიხში მოაქცია და სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ჯერ კიდევ COVID19-ის დაწყებამდე, მსოფლიო ბანკი პროგნოზირებდა, რომ 2020 წელს ლიბანის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იქნებოდა. 4 აგვისტოს მომხდარი მასიური აფეთქება კი აღნიშნულ პროცესს კიდევ უფრო გაააქტიურებს. შემთხვევამ გაანადგურა დედაქალაქში მდებარე მაღაზიები, ოფისები, საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ლიბანის უდიდესი საზღვაო პორტი. ეს კი ქვეყნისთვის უდიდესი დარტყმაა, რადგან სახელმწიფო საკვების საერთო რაოდენობის 80%-ს იმპორტით იღებს. შესაბამისად, ფუნქციონირებადი, გამართული და საცავების არმქონე ნავსადგურის არარსებობა სურსათის უვნებლობას საფრთხის ქვეშ დააყენებს, რაც თავის მხრივ სერიოზული შეშფოთების საგანია ადგილობრივი საზოგადოებისთვის. უკვე აშკარაა, რომ ტრაგედია სწორედ ქვეყნის ხელისუფლების უპასუხისმგებლობამ და არასწორად განხორციელებულმა მენეჯმენტმა გამოიწვია. ზოგადად ამ სახელმწიფოში ეკონომიკური კრიზისი უკვე იმდენად მწვავეა, რომ იმპორტირებულ საკვებსა და საქონელზე ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, რის გამოც პირველადი პროდუქციაც კი რთულად ხელმისაწვდომია ათასობით ადამიანისთვის. აქვე აღსანიშნავია ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები - კორონავირუსულ პანდემიას, აფეთქების გამო დაშავებული ადამიანები დაემატნენ, ამ დროს კი საავადმყოფოები მეტწილად იმპორტირებულ სამედიცინო მოწყობილობებსა და აღჭურვილობაზეა დამოკიდებული, რაც იმის საფუძველს ქმნის, რომ კლინიკები ყველასთვის თანაბარ მომსახურებას ვერ შეძლებენ. საბოლოოდ საინტერესოა, თუ როგორ მოახერხებს (ან საერთოდ შეძლებს თუ არა) ეს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მულტი ეთნიკური მცირე ზომის სახელმწიფო კრიზისიდან თავის დაღწევას, იმ პირობებში, რომ ქვეყანა არაერთი საშინაო თუ საგარეო გამოწვევების/რისკის წინაშე დგას. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Lebanon
#crisis
#economic
#collapse
#interworld
______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0