„დედა, მალე მოხვალ? – ეს კითხვა დღემდე თან მდევს… გასტროლებზე სულ თან დამათრევდა ბოშასავით, მაგრამ გასტროლებზეც რა ხდება? ისევ რეპეტიციები, სპექტაკლები და აი, 6 წლის რომ ვიყავი, დედამ მოიცალა და ათი დღით გაგრაში წამიყვანა დასასვენებლად, ჩავედით და მეორე დღეს დეპეშა მივიღეთ, რომ დედას ძმა გარდაეცვალა, სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავით უკან. იქ ისვენებდა დედასა და მამას მეგობარი სოლიკო ვირსალაძე და შესთავაზა, მასთან დავეტოვებინე. დედამ დამტოვა და თვითონ წამოვიდა. სოლიკო ამ დროს ერთ ძალიან ლამაზ გოგონას დასდევდა, უგზავნიდა ყვავილებს. და უცებ მე დავიწყე ეჭვიანობის სცენების მოწყობა – თქვენ თუ კიდევ ერთხელ მიართმევთ მას ყვავილებს და მე არ მომაქცევთ ყურადღებას, წავალ-მეთქი. ის იყო თხემით ტერფამდე არისტოკრატი, 6 წლის ღლაპს თქვენობით მელაპარაკებოდა, მომიბოდიშა და შემდეგ ყოველ დილით, რომ გავიღვიძებდი, ყვავილების თაიგული მხვდებოდა. ჩემი მხრიდან ეს იყო ძალიან სერიოზული გრძნობა. გადავიქეცი რაღაცნაირ მხეცუნად. მე კარგად ვცურავდი (5 წლის რომ ვიყავი, დედამ ნავიდან გადამაგდო წყალში და გავცურე, დღემდე შემიძლია გავცურო თურქეთამდე). სოლიკომ კი ცურვა არ იცოდა, მე შევდიოდი ზღვაში და მივცურავდი შორს, შორს. ის კი ნაპირიდან მომძახოდა: გემუდარებით, დაბრუნდით! გუშინ რა მოხდა, ის აღარ მახსოვს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, როგორ დგას ის ნაპირთან და როგორ მეძახის: დაბრუნდით, მინდა დაგხატოთ! შენახულიც მაქვს მისი ნახატი – მე ვდგავარ თეთრად დაწინწკლულ წითელ ტრუსიკში. ასეთი იყო ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც 6 წლის ასაკში განვიცადე“.
სოფიკო ჭიაურელი
#goodplaces