გრეის კელი - მსახიობი სტილის უნიკალური შეგრძნებით

0
ლეგენდარული ალფრედ ჰიჩკოკის მუზა, გრეის კელი ერთ-ერთი ის მსახიობია, რომელიც 50-იანი წლების ჰოლივუდის გამოკვეთილ სახედ იქცა. 26 წლის გრეისი, რომელიც სამსახიობო კარიერის ზენიტში იყო, მონაკოს პრინცის ცოლი გახდა. პრინცესას სტატუსმა ის და ჰოლივუდი ერთმანეთს დააშორა. მიუხედავად ჰოლივუდურ კინოში აქტიურად მოღვაწეობის ხანმოკლე პერიოდისა, გრეისი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პერსონად მიიჩნევა. გრეისის ქარიზმა, სტილის შეგრძნება და ელეგენტურობა განსაკუთრებით კარგად ჩანს უნიკალურ ფოტოებში, რომელიც სხვადასხვა ცნობილი ფოტოგრაფის, მოდური ჟურნალის თუ პირად კოლექციებში ინახება.
გრეის კელი 1929 წლის 12 ნოემბერს ფილადელფიაში დაიბადა. მამამისს აგურის ბიზნესი ჰქონდა, რისი წყალობითაც გრეისის ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, გრეისი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ფოტომოდელად დაიწყო მუშაობა.
გრეისი ნიუ იორკში სამახიობო ხელოვნებასაც ეუფლებოდა და როლი რამდენიმე სპეკტაკლშიც მიიღო. 1949 წელს კი, კელის დებიუტი ბროდვეიზე შედგა. გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში, რამდენიმე სატელევიზიო შოუშიც გამოჩნდა.
მიუხედავად რამდენიმე შედარებით ადრეული ფილმისა, გრეისს განსაკუთრებული სამსახიობო ცნობადობა ალფრედ ჰიჩკოკთან თანამშრომლობამ მოუტანა. 1954 წლის ფილმმა სახელწოდებით Dial M for Murder კელი კინოინდუსტრიის ვარსკვლავად აქცია.
იმავე წელს, 1954-ში კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა ჰიჩკოკის კიდევ ერთი წარმატებული ფილმი სახელწოდებით Rear Window, სადაც მაყურებელმა გრეისის შთამბეჭდავი ლუქები იხილა. სწორედ გრეისის ჩაცმულობა გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღემდე კადრებს ამ დეტექტივიდან ხშირად იხსენებს მოდური პრესა.
ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე დასამახსოვრებელი კინო როლი, მათ შორის, ასევე ჰიჩკოკის 1955 წლის რომანტიკული ტრილერი, სახელწოდებით To Catch a Thief, რომელშიც კელის პარტნიორობას კერი გრანტი უწევს.
გრეისის ბიოგრაფიის მნიშვნლოვანი მომენტი, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მონაკოს პრინცთან ქორწინებაა. რენიე III გრეისმა 1955 წელს, კანის კინოფესტივალზე ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობის დროს გაიცნო. ამ დროს კელი 26 წლის იყო. ჟურნალმა სახელწოდებით Paris Match ამერიკის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობად აღიარებული ქალის და ევროპელი მონარქის ერთობლივი ფოტოსესიაც მოაწყო.
1956 წლის 19 აპრილს რენიე და გრეისი დაქორწინდნენ. ამ ცერემონიას ხშირად “ზღაპრული ქორწილის” სახელით მოიხსენებენ.
საერთაშორისო პრესამ ქორწინებაში ორივე მხარისათვის სასარგებლო შეთანხმება დაინახა - გრეის კელი ქორწინებით სამეფო სტატუსს იღებდა, ხოლო რენიე იმ პერიოდის ულამაზეს ქალზე ქორწინდებოდა, რომელიც მემკვიდრეს გაუჩენდა.
როდესაც გრეისი საქორწინო ცემემონიაზე მიემართებოდა, მას ფოტოს 1500-ზე მეტი ფოტოგრაფი უღებდა.
სამეფო ქორწინებით გრეის კელის კარიერა ჰოლივუდში საბოლოოდ დასრულდა. ამასთან ერთად, გრეისიც საკმაოდ ნეგატიურად განეწყო ჰოლივუდის მიმართ და მედიასთან საუბრისას, კინოსამყაროს ხშირად ცინიკურად მოიხსენებდა.
1982 წლის 13 სექტემბერს გრეისი 17 წლის ქალიშვილთან ერთად, მონაკოში მიემგზავრებოდა. კელი ავტომობილს თავად მართავდა, თუმცა, მოულოდნელად საჭე ვერ დაიმორჩილა და ღმა ხევში გადავარდა. შემთხვევიდან მეორე დღეს, 1982 წლის 14 სექტემბერს, გრეის კელი 52 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
0