0
საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ვადა იწურება. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ახალ საარჩევნო სისტემაზე ვერ შეთანხმდებიან, არჩევნები არსებული შერეული მოდელით ჩატარდება. თუმცა, პოლიტიკურ ელიტაში კომპრომისის იმედი ჯერ კიდევ არის. დღეს დიპლომატიური კორპუსის ინიცირებით ევროკავშირის საქართველოში ელჩის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის საუზმე გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მედიაში მმართველი გუნდის მხრიან ახალი შემოთავაზების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მმართველი გუნდისგან ახალ 110 40-ზე მოდელზე შემოთავაზება მიიღეს. ახალ მოდელზე საუბარს მმართელ გუნდში უარყოფენ. ირაკლი კობახიძის თქმით, მათ ახალი შეთავაზება ოპონენტებისთვის არ გაუკეთებიათ და შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მცდელობა დღეს არ ყოფილა. „შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით. სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო სისტემის თემას და ბუნებრივია, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი, ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით და ოპოზიცია გვპასუხობდა ან პირიქით. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ქართული ოცნების მიერ ოპონენტებისთვის მიცემული დრო თებერვლის ბოლოს სრულდება. მამრთველი გუნდის თქმით თუ ამ კვირაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან, საკანონმდებლო ცვლილებებისთვის პარლამენტს დრო აღარ ექნება და მოლაპარაკებების ფანჯარა დაიხურება.
#politics
#news
0