თეატრალური კოშკი, რომელიც ჯადოსნური სამყაროს კარს აღებს
960 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

ძველ თბილისში, VI საუკუნის ულამაზესი ანჩისხატის ბაზილიკის სიახლოვეს, მარიონეტების თეატრის გვერდით დგას ულამაზესი დახრილი კოშკი საათით, რომელიც თბილისის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად და ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცა.

ეს გაბრიაძის თეატრალური კოშკია, რომელიც მნახველისთვის ჯადოსნური სამყაროს კარს აღებს, ამოგზაურებს დროში და შთააგონებს ახალი ადგილების დათვალიერებას.

კოშკი ცნობილმა ,,მეთოჯინემ” , რეზო გაბრიაძემ მის მიერვე დაარსებულ მარიონეტების თეატრთან 2010 წელს ააგო და საზეიმოდ გახსნა.

,,კოშკის მშენებლობა, რომ დავიწყე, თითქოს დამსვეს რაღაც მანქანაზე, რომელიც მოგზაურობს დროში. ასე აღმოვჩნდი სადღაც X-XIII საუკუნეში, შორეულ და ზრაპრულ ბიზანტიაში.” - ასე აღწერს კოშკის შექმნის პროცესს რეჟისორი და მხატვარი, რეზო გაბრიაძე.

საათის ბოლოს, მოხატული კარებიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. მცირე თოჯინების თეატრი თავად კოშკშიც არის განთავსებული და დღეში ორჯერ, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, შესაძლებელია საოცარი თოჯინური წარმოდგენის – „ცხოვრების წრებრუნვის“ ნახვა. იგი ცხოვრების მთავარი ეტაპების შესახებ მოგვითხრობს, როგორიცაა ახალგაზრდა წყვილი, ქორწილი, შვილები და დაკრძალვა.

კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკური პანოა განთავსებული, რომლის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა.

კოშკი თბილისის მთავარ არქიტექტურულ ღირშესანიშნაობად იქცა. აღსანიშნავია, რომ გაბრიაძის თეატრის საათი Atlas Obscura-ს რჩეულ მონუმენტურ საათებში მოხვდა. სტატიაში, სახელწოდებით „17 მონუმენტური საათი, რომელთა სანახავად დროის დახარჯვა ღირს" გაბრიაძის კოშკმა საპატიო ადგილი დაიკავა.

#გაბრიაძისკოშკი #დროშიმოგზაურობა #თოჯინებისთეატრი #მარიონეტებისთეატრი #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
21
Write a comment