0
"ცნობილია ერთი ფოთელი მსახიობის, როლანდ ნადარეიშვილის სახალისო მოგონება: "ვასო ჩხაიძე ბევრს ეწეოდა. მაინცდამაინც მე ვყავდი ამოჩემებული, სულ სიგარეტს მთხოვდა. ვიყიდდი "პრიმას" და საღამომდე აღარ მქონდა. თავიდან ვერ ვუბედავდი უარს, მერე თანდათან გავუთამამდი. - მომაწევინე ერთი, - მთხოვა იმ დილას უკვე მეოთხედ. - ბატონო ვასო, ფილტვებს გაუფრთხილდით! - შევახსენე ჯანმრთელობაზე ზრუნვა. - რამდენი წლის ხარ, ყმაწვილო? - მკითხა ბატონმა ვასომ. - ვიქნები ასე, 26-27-ის, - მივუგე მე. - მაშინ კი უნდა იცოდე, რომ უფროსებს პატივი უნდა სცე. მომაწევინე-თქო, გეუბნები, - მითხრა მკაცრად. სხვა რა გზა მქონდა? მივეცი, მაგრამ მივხვდი, რაღაც უნდა მომეფიქრებინა, თორემ ის ჩემი "ჯიბის ბიუჯეტს" საბოლოოდ გაანადგურებდა. ერთ დღესაც ვიყიდე "პრიმა", გავტენე "პოროხით", თოფის წამალს რომ ეძახიან, და წავედი თეატრში. დამინახა თუ არა, მაშინვე სიგარეტი მომთხოვა. აგერაა და აიღე-მეთქი, მივუთითე მაგიდაზე დადებულ "პრიმაზე". მოუკიდა და წუთში იბუთქა. ლამაზად აწკეპილი ულვაშები ჰქონდა, ისე შეეტრუსა, მარტო ცხვირქვეშ დარჩა, ჰიტლერივით. მაშინ არაფერი მითხრა, მაგრამ მეორე დღეს რომ გამოცხადდა სამსახურში, შორიდან მიბღვერდა. ულვაში ჰიტლერივით დაეტოვებინა. სანამ ხელახლა წამოეზრდებოდა, მის დანახვისთანავე ხელს ავწევდი და ვესალმებოდი: "ჰაილ ჰიტლერ!" ვატყობდი, არ სწყინდა, მაგრამ მაინც ჩაიბურტყუნებდა "ჰაილ, როლანდია უდღეურო, ჰაილ!" იმ დღიდან მას სიგარეტი აღარ მოუთხოვია ჩემთვის"".
#goodplaces
0