"ვირუსმა ჩვენამდე რომ მოაღწიოს, ვის უნდა მივმართოთ?!“- ქუთაისელი ემიგრანტი

0
"ვირუსმა ჩვენამდე რომ მოაღწიოს, ვის უნდა მივმართოთ?!“ - ქუთაისელი ემიგრანტის ემოციური წერილი და იტალიის საელჩოს პასუხი ქუთაისელი ემიგრანტი ლელა თოლორდავა სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომლითაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს. თოლორდავა წელიწადი და რვა თვეა, რაც იტალიაში არალეგალად ცხოვრობს და როგორც წერილში ვკითხულობთ, ახალი კორონავირუსის გამო ის თავს დაუცველად გრძნობს. „იტალიის ხელისუფლება სრულ მზადყოფნას აცხადებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლებაც მზადაა დაიცვას მოსახლეობა . მაგრამ ვინ დაგვიცავს ჩვენ , იტალიაში არალეგალურად მცხოვრებ და დასაქმებულ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს?! მით უფრო, როცა იტალიის ხელისუფლებამ ჩვენი არსებობაც კი არ იცის, ოფიციალურად . საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩვენ სავიზო რეჟიმის დამრღვევ მოქალაქეებად მოვიაზრებთ და შინ დაბრუნების შემთხვევაში, ჯარიმითაც გვემუქრება. ბატონო გიორგი, კორონა ვირუსმა ჩვენამდე რომ მოაღწიოს, ვის უნდა მივმართოთ?!“, - წერს ის. ამავე შეკითხვით KUTAISI DAILY-მა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა მათგან ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო: „ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს გამოქვეყნებული, მათ შორის საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში საელჩოს გვერდზე, მათ შორის ცხელი ხაზის ნომრებით. ასევე გამოქვეყნებულია რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოიქცნენ და ვის მიმართონ“, - განაცხადეს პრესსამსახურში. თოლორდავას თქმით კი, რეკომენდაციები მხოლოდ ლეგალურად მცხოვრებ მოქალაქეებს შეეხებათ. „აქ არაფერია ნათქვამი არალეგალებზე, მე სწორედ ამ პრობლემაზე ვწერ.“, - ამბობს თოლორდავა. დღის ბოლოს იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადება გააკეთა იტალიის საელჩომ: „იტალიაში მყოფი საქართველოს მოქლაქეების საყურადღებოდ: გადაუდებელი აუცილებლობის დროს ან საგანგებო ვითარების პერიოდში იტალიის ჯანდაცვის სისტემით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, განურჩევლად მისი სამართლებრივი სტატუსისა. საქართველოს საკონსულოსთვის ან ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემისთვის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე მიიღებს კანონით დადგენილ ყველა დამხმარებას და მომსახურებას, განურჩევლად ადგილსამყოფელ ქვეყანაში მისი სტატუსისა. ამასთან, საზღვარაგრეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მნიშვნელოვანია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა, რაც დაეხმარება საქართველოს საკონსულო დაწესებულებას მათთან ეფექტიან და დროულ კომუნიკაციაში საჭირო დახმარების გასაწევად.“, - ნათქვამია განცხადებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://bit.ly/39xmRvl აქვე, ლელა თოლორდავას პოსტი: http://bit.ly/2v0u8EX
#ქუთაისი
#ემიგრანტები
#კორონავირუსი
#იტალია
#პრობლემა
#საგარეოსაქმეთასამინისტრო
#kutaisidaily
0