0
ლელა ანჯაფარიძის მოგონებებიდან. ძალიან დილა მშვიდობის! სწორედ დღეს, 75 წლის წინ, 1944 წლის 7 მარტს, სენაკში დაიბადა საქართველოს პირველი ეროვნული გმირი, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა... ძალიან ძნელია მასზე დაწერა... კაცზე, რომელსაც პირადად იცნობდი, გქონდა ურთიერთობა და მერე აღმოჩნდა, რომ ის გმირია, რომელსაც უანგაროდ და დაუფიქრებლად შეუძლია საკუთარი ცხოვრების გაწირვა სამშობლოს კეთილდღეობისთვის... შენ კი უყურებდი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც ძალიან მოგწონდა, მაგრამ ცოტა გეშინოდა კიდევაც, რადგან უმთავრესად მკაცრი იყო... არა და, თურმე სულაც არ იყო უბრალოდ კარგი კაცი... შესანიშნავად ბრძანა მისმა თანალკასელმა, მწერალმა ჯემალ ადეიშვილმა - "ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს. ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა". აფხაზეთის ამბები რომ დაიწყო, ჩემზე უკეთ თქვენ იცით და გახსოვთ, როგორ ვნერვიულობდით ყველა... ეს ალბათ, ჩვენი თაობების, ვინც მოესწრო, ყველაზე დიდი გულისტკივილი იყო...’იგივე იყო, ცოცხლად გულს რომ ამოგიღებდნენ... აფხაზეთი არ არის მხოლოდ პოლიტიკურად მოწყვეტილი საქართველოს ტერიტორია... ის თითოეული ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია... მისი ყველასგან განსხვავებული მზით, ზღვით, წვრილკენჭებიანი ნაპირით და პრიალა მაგნოლიებში შეყვარებული ტანწერწეტა პალმებით... მზესავით გადაშლილი ჰერბერებითა და კოწახურებით... ჩამტკბარი შავი ქლიავებითა და გადახეთქილი ლეღვებით... ჰავაც კი გამორჩეულად კარგი ხასიათის ადამიანივით აქვს... წვიმაც კი გიხარია, რადგანაც დროზე მოსვლაც იცის და წასვლაც... ალბათ, სწორედ ამიტომ ასე მოუმზადებლად, დაუფიქრებლად ან შეიძლება სწორედაც ძალიანაც დაფიქრებულად, მიდიოდნენ მის დასაცავად ჩვენი კაცები, ჩვენი ბიჭები და ბევრი ვეღარ დაბრუნდა... სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, სატელეფონო საუბარში თავის მეგობართან, ბატონმა ჟიულიმ უთხრა - „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი” ... ის ბოლო წუთამდე იცავდა თავის სამშობლოს... კაცურად... შარშან აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა... მოვძებნე ეს მწვერვალი და გულში ვიფიქრე - „მართლა გავს ბატონ ჟიულის“... ამიტომ დღეს ერთად ვდებ ბატონი ჟიულის სოხუმის შესანიშნავ ფოტოს, რომელიც ბატონმა სერგო ედიშერასშვილმა გადაუღო... ამას ფოტო აღარ ქვია.. გაცილებით მეტია...
#goodplaces
0