დღევანდელ დღეს

0
💖💖💖
დღეს გია ყანჩელის დაბადების დღეა... "არასდროს გამჩენია სურვილი მუსიკის საშუალებით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება იმ უმეცრების მიმართ, რომელიც თან ახლავს სხვადასხვა ეპოქის მონაცვლეობას და კაცობრიობის ისტორიაში არსებული შემზარავი მაგალითების მიუხედავად დღესაც არ კარგავს აქტუალობას. კარგად მესმის, რომ ხელოვნება სამყაროს უკეთესობისკენ ვერ შეცვლის. ამიტომაც ვცდილობ დავუპირისპირო: უმეცრებას _ არა აზვირთებული მდინარე, არამედ „დუმილი“, რომელიც ვიზუალურად უძრავი წყლის ზედაპირს ჰგავს; პერმანენტულ ტერორისტულ აქტებსა და დაუმთავრებელი კონფლიქტებით გამოწვეულ უარყოფით ემოციებს _ სიმშვიდე და მოთმინება, ვინაიდან მხოლოდ ასეთ ვითარებაში მიმაჩნია შესაძლებლად ფიქრი მშვენიერების ისეთ ხარისხზე, რომელსაც ძალუძს უმეცრებას წინ აღუდგეს; უფრო და უფრო მზარდ ხმაურიან გარემოს _ ჟღერადობა, რომელიც სიჩუმის ზღვარს უახლოვდება; ტექნიკური პროგრესის მიღწევებსა და ურთულეს ტექნოლოგიებს _ მაქსიმალურად გამარტივებული მუსიკალური ენა; ცხოვრების და ყოფის უფრო და უფრო აჩქარებულ რიტმს _ უტრირებულად ნელი ტემპები; პატრიოტიზმის ეგზალტირებულ გამოვლინებებს, წარსულის განდიდება-გაფეტიშებას და რელიგიურ ფანატიზმს _ მძაფრი, დინამიური კონტრასტები, რადგანაც გარდა სანოტო ქაღალდზე დატანილი ნიშნებისა, პირადად მე, პროტესტის გამოთქმის სხვა საშუალება არ გამაჩნია. და რადგან აღნიშნული გარემოებები ჩემს სულიერ მდგომარეობაზე ქვეცნობიერად მოქმედებს და, ალბათ, გარკვეულ კვალსაც ტოვებს, მიხდება საკმაოდ მაღალი ნიშნულის გადალახვა, რათა ყოველდღიური ურთულესი შრომის პროცესში, მუსიკალური ფორმის შექმნისას, ჩემი ფიქრები და განცდები მიმართული იყოს არა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ასახვისკენ, არამედ იმ უკიდეგანო, უხილავი სივრცის მიმართ, რომელიც ჩემს წარმოდგენაში მშვენიერების, სიკეთისა და სიყვარულის მარადიულ ცნებებს უკავშირდება. ერთადერთი, რაზედაც ვოცნებობ, გახლავთ ის, რომ ჩემი შემოქმედებითი სირთულეები შეუმჩნეველი დარჩეს მსმენელისთვის. მუსიკის უნივერსალური ენა, რომელიც თარგმანს არ საჭიროებს, თითოეულ მსმენელში განსხვავებულ გრძნობებს იწვევს. კარგად მესმის, რომ ჩემი მუსიკალური სამყარო მავანსა და მავანს შესაძლოა აღიზიანებდეს კიდეც, თუმცა, კეთილმოსურნეების დანაკლისი არასდროს მიგრძვნია. მოგეხსენებათ, ამა თუ იმ მოვლენის ჭეშმარიტი შემფასებელი მხოლოდ დროა და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შემოქმედება მომავალში (თუკი ის დავიწყებას არ მიეცა) აღიქმება როგორც მცდელობა თავის გაღწევისა სიბნელიდან სინათლისკენ. ყოველ ახალ ნამუშევარში წესისამებრ, ვცდილობ ჩემ მიერვე აგებული წინაღობების გადალახვას, რათა დროებით მაინც ვიგრძნო შვება. ეს პროცესი ერთობ მტანჯველია. და სირთულეთა დაძლევის ილუზია სრულიადაც არ არის კმაყოფილების გრძნობის წინაპირობა. არასოდეს მიცდია და არც ვცდილობ ორიგინალობას. პირიქით, ხშირად ვიმეორებ, რომ ჩემი შემოქმედების ერთერთი მთავარი პრობლემა სამყაროსავით ხნიერია: იმგვარად მინდა გადავიდე სუბდომინანტიდან დომინანტზე, შემდეგ კი ტონიკაზე, რომ უპირველეს ყოვლისა, თავად არ დამეუფლოს მოსაბეზრებელი მოწყენილობა. საკუთარ ნაწარმოებებზე ბჭობა და აზრის გამოთქმა არ მახასიათებს; მით უმეტეს, ჯერ არმოსმენილზე. მორიგი ოპუსის დასრულებისთანავე, ველი პირველ რეპეტიციას, როდესაც თვალნათელი ხდება მისი ავ-კარგი. საკუთარი მუსიკის შესაფასებლად ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კი, ჩემთვის, ხალხით სავსე დარბაზის განსაკუთრებული სიჩუმეა. თუ ორიგინალურობის და, მით უფრო, ექსტრავაგანტურობის ვნება იქცევა დომინანტად და დაგძლევს, მუსიკის წერას აზრი ეკარგება... მუსიკას გაგება არ სჭირდება, მას სჭირდება შეგრძნება! მეტი არაფერი... ვიღაც გრძნობს ასე, ვიღაც სხვაგვარად... ვიღაც საერთოდ ვერ გრძნობს, მაგრამ გრძნობს სხვა ჟანრის მუსიკას... ასე რომ ყველაფერი გრძნობაზეა დამყარებული და არა გაგებაზე _ ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ხალხური მუსიკის გაგება შეუძლებელია..." გია ყანჩელი
0