კოსტიუმების ინსტიტუტი - მისი ისტორია და მნიშვნელობა

0
კოსტიუმების ინსტიტუტი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სივრცეა. მისი ისტორია 1937 წლიდან იწყება.
კოსტიუმების ინსტიტუტი, როგორც დამოუკიდებელი სივრცე, თავდაპირველად “კოსტიუმების ხელოვნების მუზეუმის” სახელით გაიხსნა. ის ნიუ იორკის თეატრის სკოლის Neighborhood Playhouse-ის დამფუძნებლის, აირინ ლუისონის ინიციატივით დაარსდა.
1946 წელს, მოდის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ფონდებისა და ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, დაწესებულება მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს შეუერთდა. 1959 წლიდან კი, დამოუკიდებელ კურატორულ დეპარტამენტად იქცა.
1971 წლიდან მოდის სფეროში მოღვაწე ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა - დაიანა ვრილენდი Vogue-ს მთავარი რედაქტორის პოსტს ტოვებს და 68 წლის ასაკში კოსტიუმების ინსტიტუტის სპეციალური კონსულტანტი ხდება.
ამ პოზიციას ვრილენდი 1989 წლამდე, მისი კარიერის და სიცოცხლის ბოლო წლებამდე უძღვებოდა. ვრილენდს კოსტიუმების მუზეუმში თავისი იდეების განსახორციელებლად სრული თავისუფლება და ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდა. სწორედ მას უკავშირდება პირველი მნიშვნელოვანი გამოფენები და ყოველწლიური ფესტივალები. ვრილენდის ორგანიზებით გამართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია 1973 წლის გამოფენა სახელწოდებით The World of Balenciaga (ბალენსიაგას სამყარო).
1989 წლიდან “კოსტიუმების ინსტიტუტის” კურატორი მოდის ისტორიკოსი და კრიტიკოსი რიჩარდ მარტინი გახდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება პირველი თემატური გამოფენები.
1999 წელს, რიჩარდ მარტინს მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი კურატორი ჰაროლდ კოდა ცვლის. მან საკუთარ გუნდში მთავარ კონსულტანტად ენდრიუ ბოლტონი დაიქირავა. 2015 წელს სწორედ ის დასახელდა ჰაროლდ კოდას შემცვლელად და 2016 წლიდან ამ დრომდე სათავეში უდგას კოსტიუმების ინსტიტუტს.
2014 წელს, კოსტიუმების ინსტიტუტში ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორის - ანა ვინტურის განყოფილება გაიხსნა.
ასევე კოსტიუმების ინსტიტუტს და მის ყოველწლიურ მთავარ თემატურ გამოფენას უკავშირდება მოდის სფეროში ყველაზე სანახაობრივი და ძვირადღირებული საღამო - Met Gala, რომელიც 1948 წლიდან, ტრადიციულად მაისის პირველ ორშაბათს იმართება.
#მოდა
#ხელოვნება
#მუზეუმი
0