შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა

0
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა. 5 ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასაც ედავება. მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. უფრო კონკრეტულად ბრალი დაუმძიმდა "ტოიოტა ქემრის" მგზავრებს: ვახო ჩიქოვანს, აკაკი ქვრივიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს და არასრულწლოვან ზ.ხ.-ს. 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს" ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
0