ვინ იყო პირველი ქუთაისელი ებრაელი ქალი, რომელიც თოჯინების თეატრში თამაშობდს?

0
1926 წლის 20 ივნისს ქუთაისელი ქართველი ებრაელების, მარიამ მოშიაშვილისა და იეკუთიელ ეგუთი თავდიდიშვილის ოჯახში პატარა გოგონა დაიბადა. სახელად რუთი დაარქვეს. გოგონა იზრდებოდა, რეჟისორობაზე ოცნებობდა, თეატრი მისი გატაცება ხდებოდა, ყოველ საღამოს თეატრში ატარებ­და. ქალი და თეატრი იმ დროისთვის რთულად აღსაქმელი იყო. რუთის ძმა, რომლის შესახებაც ხშირად წერდა საკუთარ დღიურებში, მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა: “ერთი წელი გავიდა ომის დამთავრებიდან, ჩემი ძმა მაისი არ დაბრუნდა, დღემდე კარებზე გვიჭირავს თვალი, იქნებ მოხდეს სასწაული და მისი დაღუპვის ცნობა ტყუილი აღმოჩნდეს. ერთ დღეს ქუჩაში სერგო ცაგარეიშვილი შემხვდა, ის ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ახლობელი იყო. ძმის მეგობარი და მამას მეგობრის შვილი, საკმაო ხანი არ მინახავს. მიხარია ძმის მეგობრებთან შეხვედრა, მათ რომ ვხვდები, ასე მგონია, ჩემი ძმა ისევ ჩემს გვერდითაა. ჩემი სევდის მიზეზი რომ ვუთხარი, მითხრა: „რუთი, ქუთაისში თოჯინების თეატრს ვაყალიბებთ, ვიცი შენი შესაძლებლობები, მახსოვს სკოლაში როგორი აქტიური იყავი და წამოდი ჩვენთან, მსახიობები გვჭირდება, ერთად გავაკეთოთ კარგი საქმეო, თან სამსახურის პრობლემაც მოგეხსნებაო. უარი ვუთხარი, იმ მოტივით, რომ მამა არ დათანხმდებოდა ჩემს თეატრში მუშაობას. ეგ მე მომანდეო, მითხრა სერგომ. მე დავითანხმებ ეგუთი ბიძიასო. სერგო მოვიდა ჩვენთან, კაბინეტში ჩაიკეტნენ, არ ვიცი, რა უთხრა მამას, მაგრამ საოცრება მოხდა, მამა დათანხმდა. ხვალ უნდა გამოვცხადდე ახალ სამუშაო ადგილზე, ეს არის თეატრი... დღეს მოვედი ეგრეთწოდებულ თეატრში. თეატრი ყო­ფილი ღვინის სარდაფია. ყველაფერი ღვინის სუნითაა გაჟღენთილი, უამრავი სამუშაო გვიდევს წინ, რომ ეს შენობა თეატრს დავამსგავსოთ. ბევრი რამ არის საკეთებელი, სკამიც კი არ გვაქვს. ხვალ სერგო სქემას მოიტანს და იმის მიხედვით შევუდგებით თეატრის ინტერიერის მოწყობას.” სწორედ ასე დაიწყო მისი კარიერა. რუთის უდიდესი წვლილი მიუძღვის, როგორც თითოეული სპექკატლის წარმატებით ჩატარებაში, ისე თეატრის თოჯინების თეატრის ჩამოყალიბებაში. ის იყო პირველი ქართველი ქალი თოჯინების თეატრში, რომელიც კაცის როლებსაც კი ბუნებრივად ასრულებდა. წყარო : დავიწყებული ისტორიები - კათოლიკური და ებრაული თემები ქუთაისში ფოტო: უცნობი ქუთაისი
#ქუთაისი
#ებრაელები
#რუთი
#თავდიდიშვილი
#ისტორია
#kutaisidaily
0