კახეთში ის არ იმყოფებოდა - ჯანდაცვის მინისტრი ჩეხ ტურისტებზე

0
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩეხ ტურისტს საქართველოდან გამგზავრების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ტიკარაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ განაცხადა, სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა გარკვეულწილად სამთო კურორტებზე შეზღუდვების დაწესების საფუძველი. „იქიდან გამომდინარე, რომ პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან დიდი და კარგი ეფექტი აქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და რომელიც დღემდე დაფიქსირდა სხვადასხვა ქვეყნებში. თუ რატომ სამთო კურორტები, ამის მიზეზი ალბათ თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, რომელსაც როგორც თვითონ ყვება სატელეფონო საუბრისას, 8 მარტს გამოუვლინდა სიმპტომები, გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგაც მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საელჩოსთან ისევე, როგორც სასტუმროების იმ წარმომადგენლებთან, სადაც ის იმყოფებოდა და დაუდასტურდა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა გარკვეულწილად იმის ბიძგი, რომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზეც, ისევე როგორც ყველა სხვა დახურულ სივრცეზე დავაწესებთ შეზღუდვებს“ , - განაცხადა მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეხი ტურისტი კახეთშიც იმყოფებოდა. „კახეთში ის არ იმყოფებოდა; ის ამას არ ადასტურებს. ის იმყოფებოდა გუდაურში - მოწოდებული აქვს როგორც მანქანების ნომრები, რომლითაც გადაადგილდებოდა, ასევე ყველა იმ ლოკაციის მისამართი, სადაც მან გარკვეული დრო გაატარა. მინდა გავაფრთხილო ჩვენი ყველა მოქალაქე და დავამშვიდო, რომ თუ ისინი იმყოფებოდნენ ამ პერიოდში გუდაურში, ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, ვინაიდან კორონავირუსი გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს 15 წუთზე მეტი დროის კონტაქტი ინფიცირებულთან და მათი დაშორება პიროვნებასთან არის 1 მეტრზე უფრო ნაკლები“, - განმარტა მინისტრმა.
0