როგორ შენდებოდა თბილისის დინამოს სტადიონი!

0
პაპაჩემი, არჩილ ქურდიანი და მისი მომავალი მეუღლე, ქეთევან სოკოლოვა-ფორაქიშვილი საქართველოში პირველი დიპლომირებული არქიტექტორები იყვნენ. გასული საუკუნის 30-იან წლებში, თბილისში ისეთი სტადიონის აშენება გადაწყდა, რომლის მასშტაბის შენობაც ამიერკავკასიაში არ იყო. კონკურსში პაპაჩემმა გაიმარჯვა. მაგრამ 32 წლის ახალგაზრდა კაცი გახლდათ. მთავრობაში გამოცდილი არქიტექტორები მივიდნენ და მის საწინააღმდეგო არგუმენტად სწორედ ასაკი წამოაყენეს. ამიტომ კონკურსი ხელახლა ჩაატარეს. პროექტის დამუშავება 9 არქიტექტორს შეუკვეთეს და მოიგებდნენ თუ წააგებდნენ, თანხას მაინც უხდიდნენ. არჩილს ეს ამბავი არც აცნობეს და ისეთ დროს შეიტყო, როდესაც პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული გახლდათ. შეწუხდა, მომხდარს ძალიან განიცდიდა. სწორედ ამ დროს ნახა აკვარელის პედაგოგი გრინევსკი, რომელმაც ენ-კა-ვე-დე-ს უფროსთან დალაპარაკება ურჩია, იქნებ, რამე გამოგივიდესო. "დინამო" ენ-კა-ვე-დე-ს კუთვნოდა. მაშინ მისი უფროსის, ტიტე მგალობლიშვილის ნახვა არც ისე რთული ყოფილა, რადგან დაცვით არ დადიოდა. რუსთაველზე კი ყველამ იცოდა, მგალობლიშვილი რომელ საათზე ჩამოივლიდა. როდესაც გამოჩნდა, პაპაჩემმა ხელი დაუქნია როგორც ტაქსს - მაშინ ასეთები მოსული ყოფილა და მგალობლიშვილმაც მანქანა გაუჩერა. არჩილმა გაუმხილა გულისტკივილი და არ დაუმალა, კონკურსში მონაწილეობა მსურსო. კი ბატონო, გაძლევ უფლებასო და კიდევ ერთხელ ჩატარებულ შერჩევაში ისევ გაიმარჯვა. ასე კურიოზულად გადაწყდა "დინამოს" სტადიონის მშენებლობის ამბავი. თუმცა, მერე ყველა არქიტექტორს ჰონორარები დაურიგეს, არჩილს კი თანხა არ მიუღია. მაგრამ პაპაჩემისთვის ფული მთავარი არასოდეს ყოფილა. მას ის უხაროდა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან სტადიონს აშენებდა. მართლაც ულამაზესი ნაგებობა გამოვიდა, რომელიც ქართული ხასიათის გახლდათ და მისივე შექმნილ მდიდრულ ჩუქურთმებში გამოაწყო. მაშინ ტრიბუნები სულ 25 ათას მაყურებელს იტევდა. მაგრამ "დინამო" ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, ხალხმა ფეხბურთი და "დინამოს" მოთამაშეები შეიყვარა და იმდენ მაყურებელს იზიდავდა, ყველა მსურველს ეს 25-ათასიანი არენაც ვერ აუდიოდა. ამიტომ, 1956 წელს მისი რეკონსტრუქცია გადაწყდა და ლითონის კონსტრუქციების ტრიბუნის დამატებით, ტევადობა 35-ათასამდე გაზარდეს. მაშინდელ რეკონსტრუქციაში უკვე მამაჩემი, გიაც მონაწილეობდა. მაგრამ ხალხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ესეც არასაკმარისი აღმოჩნდა და 60-იან წლებში გაცილებით დიდი სტადიონის აშენება გადაწყდა... ბევრს ქართული ლეგენდა ჰგონია, თითქოს, მოსკოვი დიდი სტადიონის აშენებას გვიკრძალავდა. არაა ლეგენდა, ეს პაპაჩემისგან ნამდვილად ვიცი - ყველაზე დიდი, ლამაზი და საუკეთესო პროექტი მოსკოვში უნდა განხორციელებულიყო. სხვათა შორის, მოსკოვშივე, "ვე-დე-ენ-ხა"-ში (სახალხო მიღწევათა გამოფენა) საბჭოთა რესპუბლიკებმა პავილიონები ააშენეს და პაპაჩემის პროექტმა გაიმარჯვა, რომელიც მერე დაუწვეს. ასეთებიც ხდებოდა. სხვათა შორის, სტადიონს პირველად რომ აშენებდა, არჩილს მოსკოვმა შეუკვეთა, ტრიბუნები მაქსიმუმ 10-ათას ადამიანზე გაეთვალა. აქაურმა ხელისუფლებამ ჩუმად სთხოვა, ვითომ, შეგეშალა და 15-ათასიანი ააშენეო. პაპამ კი, აიღო და 25-ათასიანი გააკეთა! ასეთი "ხულიგანი" იყო, რის გამოც პრობლემები ხშირად ექმნებოდა. მოსკოვის მძვინვარებამ პიკს 60-იანი წლების ბოლოს მიაღწია. ტევადობის გაზრდა მანამდეც სურდათ, მაგრამ ხრუშჩოვის დროინდელი ინსტრუქცია მოქმედებდა: რადგან ზოგადად, სტადიონები წამგებიანი იყო და სპორტული ობიექტების მშენებლობა აკრძალეს. "ხრუშჩოვკების" მშენებლობაც ეკონომიურობის მიზნით დაიწყეს. - 1976 წელს აშენებულ "დინამოს" სტადიონზე გასაოცარი ევაკუაციის სისტემაა: ტრიბუნები 8 წუთში იცლება, სტადიონის ტერიტორია კი - 12 წუთში, რაც მაშინ ევროპის რეკორდი იყო. სტადიონზე უნიკალური ხედვის მრუდეა - ტრიბუნები კი ისეა განლაგებული, მინდორს ყველა მხრიდან იდეალურად ხედავ. მაგალითად, გამოთვლილია, რომ მაყურებელი ბურთს ჩოგბურთში მაქსიმუმ 56 მეტრიდან ხედავს, ჰოკეიში - 70 მეტრი, ხოლო ფეხბურთის ბურთს - 190 მეტრიდან. მაშინ არსებობდა სტანდარტი, თუ როგორ უნდა აწყობილიყო ტრიბუნები. მამამ და პაპამ ამ სტანდარტს გადაუხვიეს, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიების არარსებობის პირობებში, დიდი რისკი იყო და მოდელირება შეუძლებელი გახლდათ. ამიტომ, ჩანაფიქრის შესამოწმებლად დიდ დარბაზში იატაკზე გადაწეპებული ქაღალდის ფურცელზე ტრიბუნები ხელით ააგეს და მიხვდნენ, რომ არასტანდარტული ჩანაფიქრით ტრიბუნებიდან მოედანი უკეთესად გამოჩნდებოდა და დრომ მათი სიმართლე დაამტკიცა. სხვათა შორის, "ლუჟნიკების" განახლება ამის შემდეგ გადაწყვიტეს და კატასტროფული შედეგი მიიღეს: ტრიბუნების ბოლო რიგებიდან მოედნამდე მანძილი 300 მეტრია! ის, ალბათ, როგორც ჰიტლერის დროს აშენებული ბერლინის ოლიმპიური სტადიონი, მასობრივი პოლიტიკური და პარტიული ღონისძიებებისთვის უფრო ააშენეს, ვიდრე სპორტისთვის. 1981 წელს თბილისში 12 ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი ჩამოვიდა, რომლებიც სტადიონის მშენებლობაზე იყვნენ სპეციალიზებულები. ტრიბუნაზე კუთხურის მხრიდან ავიდნენ, საიდანაც, ზოგადად, მოედანი ყველაზე ცუდად ჩანს. ამ დროს, ნახეს, რომ იდეალური ხილვაა და მამას ტაში დაუკრეს. ეს დიდი დაფასება იყო. 2007 წელს იაპონიიდან დაგვიკავშირდნენ: არ გიცნობთ, მაგრამ სტადიონის ფოტოები ვნახეთ და საინტერესოდ გამოიყურებაო. მოკლედ, მიგვიწვიეს და ხედვის მრუდის ჩვენეული ხედვა რომ გავაცანი, გაოცებულები დარჩნენ. 1979 წელს თბილისში ჩამოსულმა ფიფას პრეზიდენტმა ჟოაო აველანჟმა თქვა, თანაშემწეები მეუბნებოდნენ, რომ თბილისში ლამაზი სტადიონია, არ მჯეროდა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ევროპაში მართლაც არაა, მსოფლიოში კი რამდენიმეაო. გგონიათ, ამისთვის მამა და პაპა დააჯილდოვეს? მამა საპროექტოში მუშაობდა და მთელი ცხოვრება 180 მანეთს იღებდა. სტადიონის აშენების შემდეგ დააჯილდოვეს და ხელფასი 10 მანეთით გაუზარდეს?! პაპა კი ხელფასსაც ვერ ღებულობდა, რადგან აკადემიაში პროფესორი გახლდათ, ლექციებს კითხულობდა და შეთავსებით სხვაგან მუშაობის უფლება არ ჰქონდა. სტადიონის მშენებლობის ბოლოს, გამონაკლისის სახით, წლის ბოლომდე "საპროექტოში" შეთავსებით მუშაობის უფლება დართეს. სასაცილო ისაა, რომ დადგენილებას ხელი 3 დეკემბერს მოაწერეს(?!) სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. წყარო:Sportall.ge
0