ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ეს არის გრძელვადიანი კრიზისი

0
„ამ კრიზისის გადაჭრას დრო დასჭირდება და არსებითია ერთიანობა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა. „ჩვენი მხარდაჭერა - ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ კრიზისის გადაჭრას დრო დასჭირდება და არსებითია ერთიანობა. ჩვენ გვქონდა G7 წევრ ქვეყნებთან ვიდეოკონფერენცია და ეს იყო შესაძლებლობა, მოგვეხდინა ძლიერი პოლიტიკური ნების, კოორდინაციისთვის მზადყოფნის და თანამშრომლობისთვის მზაობის დემონსტრირება. ჩვენი პრიორიტეტი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაა. გამოვედით არაერთი ინიციატივით, რათა ყველამ ერთად შევამციროთ ვირუსის გავრცელება და ამ ზომებში შედის შიდა და გარესაზღვრების დაცვა. ახალი ინიციატივის არსი იმაში მდგომარეობს, რომ განსაკუთებული საჭიროების გარდა, ინდივიდუალური პირების გადაადგილება დროებით შევაჩეროთ. ამასთანავე, პროგრესის დასაჩქარებლად ხელს შევუწყობთ მიმდინარე კვლევებს, რათა მალე შეიქმნას ვაქცინა. ვიდეოკონფერენციის დროს ამ თემაზეც გავამახვილეთ ყურადღება და აღნიშნეთ, რომ გავაკეთებთ ერთად ყველაფერს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ. ჩვენ ვალდებულები ვართ, მოქალაქეებს ვუთხრათ სიმართლე, რომ ეს არის სერიოზული კრიზისი, ეს იქნება გრძელვადიანი კრიზისი, ეს იქნება რთული კრიზისი და ამიტომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ერთიანობის დემონსტრირება. ჩვენ ვართ ერთიანი ისე, როგორც არასდროს და თითოეულ მოქალაქეს ეკისრება მისი წილი პასუხიმგებლობა. მოქალაქეებმა პატივი უნდა სცენ ინდივიდუალური ქვეყნების დონეზე და საერთაშორისო დონეზე მიღებულ წესებს. ჩვენ ყველა პასუხიმგებელი ვართ და ყველამ ერთად უნდა შევიტანოთ წვლილი ამ რთულ კრიზისში ბრძოლის მოსაგებად“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
#stopcovid19
#europe
#europeasiaconnect
#covid19
0