კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა აშშ-ში პირველ მოხალისეს გაუკეთეს

0
აშშ-ის ქალაქ სიეტლში COVID-19-ის ექსპერიმენტული ვაქცინის კლინიკური ცდების პირველი ეტაპი დაიწყო. ცდებს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტი (NIAID) ატარებს. კლინიკურ ცდებში ჩართულია 18-დან 55 წლამდე ასაკის 45 ჯანმრთელი მოხალისე, დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში. პირველ მონაწილეს ვაქცინა დღეს გაუკეთეს. კვლევის ფარგლებში მოხდება ექსპერიმენტული ვაქცინის სხვადასხვა დოზების, უსაფრთხოებისა და მონაწილეთა იმუნური სისტემის რეაგირების სტიმულირების შეფასება. ეს გახლავთ ვაქცინის საკმაოდ მრავალსაფეხურიანი კლინიკური ცდების პირველი ნაბიჯი, რომლის ფარგლებშიც შეფასდება მისი ბენეფიტები და პოტენციალი. ვაქცინის სახელია mRNA-1273 და ის აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს მკვლევრებთან ერთად შექმნეს. NIAID-ის დირექტორის, ანტონი ფაუჩის განცხადებით, ვირუს SARS-CoV-2-ით გამოწვეული ინფექციის პრევენციისათვის საჭირო უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის შექმნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადაუდებელი პრიორიტეტია. მისი თქმით, კლინიკური ცდების პირველი ფაზა რეკორდული სიჩქარით დაიწყო და მიზნის მიღწევისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია. მონაწილეებს კლინიკაში ვიზიტი მოუწევთ ვაქცინაციებს შორის და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მკვლევრები დააკვირდებიან ვაქცინაციის ზოგად სიმპტომებს, მაგალითად, ტკივილის შეგრძნებას ინექციის ადგილზე, ტემპერატურას ან სხვა ნებისმიერ სამედიცინო ხასიათის პრობლემას. რეგულარულად შეიკრიბება და უსაფრთხოების მონაცემებს გადახედავს პროტოკოლის ჯგუფი; ცდების მონაცემებს პერიოდულად მიმოიხილავს NIAID-ის უსაფრთხოების მონიტორინგის კომიტეტიც. გარდა ამისა, მონაწილეებს პერიოდულად მოუწევთ სისხლის ნიმუშების ჩაბარება, რომელსაც მეცნიერები ლაბორატორიაში შეისწავლიან და გაზომავენ ექსპერიმენტული ვაქცინის იმუნურ პასუხს. ამჟამად ვაქცინების შექმნაზე მიმდინარე კვლევების უმეტესობის სამიზნეა ვირუსის ცილოვანი გარსი, ე. წ. წვეტი ცილები, რომელთა საშუალებითაც SARS-CoV-2-ი ადამიანის უჯრედში აღწევს. ამ ცილის დაბლოკვა ნიშნავს, რომ ადამიანი ახალი კორონავირუსით აღარ დაინფიცირდება.
#stopcovid19
#coronavirus
0