პანდემია გარკვეული უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს - ლომჯარია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139164 საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოქალაქეებს კორონავირუსის მომეტებული საფრთხის გამკლავების სამართლებრივ ნაწილთან დაკავშირებით განმარტებებს აძლევს. აპარატი პრევენციისა და გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებს აკვირდება. "ამ დრომდე მოქალაქეებს არ მოუმართავთ განცხადებით აპარატისთვის მათი უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე. თუმცა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის გარშემო", - განმარტავს ომბუდსმენი. მისი თქმით, პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რა დროსაც გარკვეული უფლებების შეზღუდვა გათვალისწინებულია. "პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომელიც გულისხმობს ისეთ ვითარებათა ერთობლიობას, როცა ირღვევა ადამიანთა ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობები და აშკარა საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს/ჯანმრთელობას. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდში მოქმედებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული სამართლებრივი რეჟიმი, რომლებიც გარკვეული უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებენ. შეზღუდვის მიზანი არის, როგორც თავად უფლების სუბიექტის, ისე სხვათა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. ამ დროს გადაწყვეტილებები მიიღება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ და მისი მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნების უზრუნველყოფა" - ვკითხულობთ განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ამ დროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს უფლება აქვს მოქალაქეს მოსთხოვოს სამედიცინო შემოწმების გავლა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადამდები დაავადების მატარებელია და საფრთხეს შეიძლება შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. "პანდემიის დროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს საკარანტინო სივრცეებში (დაავადების დადასტურებამდე) პირთა მოთავსება ან მათი იზოლაცია (დაავადების დადასტურებისას). საკარანტინო სივრცეებში მოთავსება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ არიან ავად, მაგრამ ჰქონდათ შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ასევე ის პირები, რომლებიც დაბრუნდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის ქვეყნებიდან." - აღნიშნავს ომბუდსმენი. მისივე განმარტებით, საკარანტინო ღონისძიებები სავალდებულოა, პირობების დარღვევაზე რეაგირება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია. "მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად და ზედმიწევნით დაიცვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის მითითებები და მოწოდებები, რათა საფრთხე არ შეექმნას სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოწყვლადი კატეგორიები, რომელთათვისაც ვირუსს შეიძლება მომეტებულად უარყოფითი ეფექტი ჰქონდეთ. ასევე მოვუწოდებთ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად დაიცვან ადამიანის უფლებები პანდემიის პრევენციისა და მისი გავრცელების აღკვეთის პროცესში", - ვკითხულობთ განცხადებაში.
0