რამდენ ხანს ცოცხლობს ახალი კორონავირუსი ზედაპირებზე და ჰაერში — ახალი კვლევა

0
ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსს გარკვეულ ზედაპირებზე სიცოცხლე სამი დღის განმავლობაში შეუძლია, მაგალითად, ფოლადსა და პლასტმასზე. ექსპერტთა განცხადებით, ასეთ მასალებზე შეხებისას ადამიანის დაინფიცირების რისკი დაბალია, მაგრამ დამატებით გაფრთხილებას გვაძლევენ ვირუსის ჰაერში სიცოცხლის დროსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი დეტალი იყოს სამედიცინო პერსონალისთვის. ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევა ასევე მიუთითებს, რომ ვირუსი ერთი დღის განმავლობაში იშლება მუყაოზე, რაც განსაკუთრებით დამამშვიდებელი ფაქტორია გამოწერის სერვისით მომხმარებელთათვის. მკვლევართა განცხადებით, როდესაც ვირუსი ჩამოკიდებულია 5 მიკრომეტრზე ნაკლები ზომის წვეთებში, ე. წ. აეროზოლებში, ასე ჩამოკიდებული ის შეიძლება ნახევარ საათს დარჩეს. ამის შემდეგ ის დაბლა დაშვებას იწყებს და ეცემა ზედაპირზე, სადაც შეიძლება, კიდევ რამდენიმე საათს დარჩეს. აეროზოლებში გაკეთებული აღმოჩენა შესაბამობაში მოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციასთან, რომლის მიხედვითაც, ვირუსი ჰაერს არ გადააქვს. ვირუსი ყველაზე დიდხანს პლასტმასსა და ფოლადზე ცოცხლობს, დაახლოებით 72 საათამდე. თუმცა, სიცოცხლისუნარიან ვირუსთა გარკვეული რაოდენობა ამ დროის განმავლობაში მკვეთრად ეცემა. გარდა ამისა, ვირუსი ძნელად ძლებს სპილენძზე და ცოცხლობს მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, მუყაოზე კი 24 საათის განმავლობაში. კვირების განმავლობაში, ექსპერტები დარწმუნებული იყვნენ, რომ ვირუსი ჰაერში ვერ ძლებდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მას ჰაერში გადაადგილება და ჩამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნა ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ჰაერში ისეთ სიმაღლეზე ვერ ჩერდება, რომ რისკს წარმოადგენდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინფიცირებულ პირთან ფიზიკურად ახლოს არ იმყოფებიან. 4 მარტს ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ ვირუსი ჰაერშიც გადაადგილდება. სინგაპურში ჩატარებული ამ კვლევის დროს, ვირუსი საავადმყოფში, ინფიცირებული პაციენტის ოთახის ვენტილატორზე იპოვეს, სადაც მას მიღწევა მხოლოდ საჰაერო გზით შეეძლო. ვირჯინიის ტექნიკური ინსტიტუტის მკვლევრის, დოქტორ ლინსეი მარის განცხადებით, ფიზიკაზე დაყრდნობით, დაახლოებით 1, 8 მეტრ სიმაღლეზე ასული აეროზოლი დაბლა 34 წუთში ეცემა. ამ აღმოჩენა საზოგადოებაში პანიკა არ უნდა გამოიწვიოს, რადგან ვირუსი ჰაერში სწრაფად იშლება. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ვირუსოლოგის, დოქტორ ვინსენტ მანსტერის განცხადებით, ვირუსის ჰაერში გადარჩენის შესაფასებლად, მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი იდეალურად კონტროლირებად საექსპერიმენტო გარემოში. აეროზოლების დაკიდებისთვის გამოიყენეს მბრუნავი ცილინდრი და უზრუნველყვეს საავადმყოფოს გარემოსთან მიმსგავსებული ტემპერატურა და ტენიანობა. ექსპერიმენტის დროს, ვირუსი გადარჩა და ინფექციურობა შეინარჩუნა სამი საათის განმავლობაში, მაგრამ წვეთების ინფიცირების უნარს დროის გასვლასთან ერთად მკვეთრად კარგავდა. დოქტორ ვინსენტ მანსტერის განცხადებით, აეროზოლები ჰაერში აწეული მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში დარჩა, რასაც დოქტორი მარი არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს დრო სამჯერ მეტია. მისი აზრით, ექსპერიმენტის დროს ვირუსს იმაზე ნაკლებად კომფორტული გარემო შეუქმნეს, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში აქვს. როგორც არ უნდა იყოს სინამდვილეში, დოქტორი მანსტერი აღნიშნავს, რომ ახალ კორონავირუსს უფრო დიდი ხნით გადარჩენის უნარი აქვს, ვიდრე მის ახლო ნათესავებს, SARS-ისა და and MERS-ის გამომწვევ კორონავირუსებს. მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.
#stopcovid19
#covid19
#კორონავირუსი
#coronavirus
0