პირველად ისტორიაში, ევროკავშირმა საზღვრები ჩაკეტა

0
ევროკავშირის ისტორიაში პირველად ორგანიზაციის წევრი ქვეყნები საზღვრებს კეტავენ. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აიკრძალა. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ მათთვის, ვინც ორგანიზაციის არაწევრია და არც ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას მიკუთვნება. აკრძალვა დაუყოვნებლივ აამოქმედა გერმანიამ, რომელმაც დღეს რეისების მიღებაც შეაჩერა. ასევე იკრძალება მედიკამენტების და სამედიცინო საშუალებების ექსპორტი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. გერმანიის დედაქალაქში დღეიდან ამოქმედდა საკარანტინო ზომები. დაიხურა კაფე-ბარები, მუზეუმები და სპორტული დარბაზებიც. ქვეყანამ დღეიდან საჰაერო და სახმელეთო საზღვრებიც ჩაკეტა. ფრანკფურტის აეროპორტში დღეს თურქეთიდან ჩასული ორი თვითმფრინავი უკან გააბრუნეს. კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად დახურულ ზონად გამოცხადდა ბელგიაც. მოსახლეობას სახლებში დარჩენა ევალებათ და მათთვის მხოლოდ აფთიაქები, საავადმყოფოები და სუპერმარკეტები მუშაობს. ევროპის დედაქალაქის ქუჩები ცარიელია, ისევე როგორც პარიზი. ხალხი სახლიდან მხოლოდ პროდუქტის შესაძენად გადის ესპანეთის დედაქალაქში კი უჩვეულო ხმაური იყო. კარანტინში მყოფი მოსახლეობა ქვეყნის ყოფილი მონარქისგან, კორონავირუსთან საბრძოლველად ჯანდაცვის სექტორისთვის იმ თანხების გადაცემას მოითხოვდა, რომელიც გავრცელებული ცნობით, წლების წინ საუდის არაბეთისგან მიიღო. ხუან კარლოსის შვილმა და ესპანეთის დღევანდელმა მეფემ მამის სკანდალურ მემკვიდრეობაზე უარი სწორედ ამიტომ განაცხადა. ხელისუფლებამ კი უკვე გადაწყვიტა ეკონომიკის სტიმულირებისთვის 200 მილიარდი ევრო გამოყოს. დღეს ქვეყნის პრემიერი სიტყვით პარლამენტში გამოვიდა, მაგრამ პანდემიის გამო დარბაზი ცარიელი იყო. ტრილონი დოლარის გამოყოფას გეგმავს ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ხალხის დასახმარებლად შეერთებული შტატებიც. სავარაუდოდ, ამ თანხიდან თითოეული მოქალაქე 1000 დოლარს მიიღებს. ევროპის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსთან საბრძოლველად საზღვარი კანადასთანაც ჩაკეტა. მსოფლიო კოვიდ-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად და ეკონომიკის გადასარჩენად ფინანსური რესურსების მობილიზებას ახდენს. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა უკვე 200 ათასს გადააჭარბა. 8 ათასზე მეტია გარდაცვლილთა რიცხვი. ამ ფონზე რუსეთს კვლავ დეზინფორმაციის კამპანიაში ადანაშაულებენ. ევროკავშირის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, კრემლი მედიისა და სოც.ქსელების საშუალებით კორონავირუსზე გაუგებარ ნარატივს ავრცელებს, რომელიც მიზნად დასავლურ საზოგადოებაში შიშისა და უნდობლობის დათესვას ისახავს. თავად რუსეთში, რომელიც 14 ქვეყანას ესაზღვრება და მათ შორის იზიარებს 2 ათას 400 კილომეტრიან საზღვარს ჩინეთთან, ქვეყანაში დაინფიცირების მხოლოდ 147 შემთხვევას ადასტურებს.
#eu
#blocked
#stopcovid19
#coronavirus
#covid19
0