ნათია თურნავა - საქართველოში დამზადებული პირბადეები კომერციულ სექტორშიც გავა, ოღონდ ფასის კონტროლით

0
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ფოტში, იმყოფებოდა სადაც კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვია და სამედიცინო პირბადეების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მინისტრმა პირბადის დამზადებაში თავადაც მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავას თქმით, პირველ ეტაპზე, საქართველოში დამზადებული პირბადეები იმ კატეგორიას გადაეცემა, რომელსაც ყველაზე დიდი შეხება აქვს ვირუსის რისკისჯგუფებთან. შემდეგ კი, პრიორიტეტი ბიზნესსექტორში დასაქმებული ადამიანები იქნებიან. ამასთან, მინისტრის განცხადებით, პირბადეები კომერციულ სექტორში გავა, ოღონდ ფასის კონტროლით. „მსოფლიოში პირბადეები წარმოადგენს ძალინ დიდ დეფიციტს, ძალიან მაღალ არის მოთხოვნა და ძალიან დიდი აუცილებლობა გახდა საქართველოში, კორონავირუსის გამოწვევიდან გამომდინარე, ადგილზე სწრაფად დაგვეორგანიზებინა პირბადეების წარმოება. დღეს ჩვენ ვიწყებთ შესაბამის პროგრამას პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით. საქართველოში, სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში ვიწყებთ ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ლუგარის ლაბორატორიაში გაიარა შემოწმება, პირველ ეტაპზე ეს არის დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომელიც შეიძლება, გამოვიყენოთ მრავალჯერ, ირეცხება“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოში დამზადებულ სამედიცინო პირბადეებს გამოყენების თავისი ინსტრუქცია ექნება. „უფრო სპეციფიური მოხმარების დროს კი, მაგალითად სამედიცინო მუშაკებისთვის იქნება ერთჯერადი. ეს პირბადეები იკერება ათამდე სამკერვალო ფაბრიკაში, ვინც გამოთქვა სურვილი, ჩაერთოს ამ პროგრამაში და ამ ეტაპზე, სახელწიფო თვითონ ქმნის მარაგს, რადგან ნედლეულების მოწოდება არის გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ვართ კონტაქტზე და და ამ კონტაქტებს ვიყენებთ, რათა შეუფრხებლად მოხდეს დოლბანდის ნედლეულის მოწოდება“, – განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ამ დროისთვის საკმარისი მარაგი არსებობს პირველი პარტიის დამზადების დასაწყებად. „პირველი პარტია იქნება გადანაწილებული სახელწიფოს მიერ იმ მოხელეთა კატეგორიებზე, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან, ხოლო ამის შემდეგ პრიორიტეტია ბიზნესები, სადაც ასევე დასაქმებული ადამიანები გარკვეული მაღალი რისკის ქვეშ არიან. შემდეგ, რა თქმა უნდა, კომერციულ სექტორში გავა პირბადეები, ოღონდ ფასის კონტროლით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
#კორონავირუსი
#საქართველო
#პირბადე
0