10 მუზეუმი მსოფლიოში, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

0
ყველას აქვს ოცნებად პარიზში ლუვრის, ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის მუზეუმის, ლონდონში ბრიტანული მუზეუმის ან რომში ვატიკანის მუზეუმების ნახვა. მათ შესახებ ყველამ ვიცით და გვსურს წასვლა ან უკვე ვნახეთ, თუმცა მსოფლიოში კიდევ დაახლოებით 55 ათასი მუზეუმია და უდავოდ ყოველი მათგანი უნიკალურ გამოცდილებას გვთავაზობს წარმოდგენილი ექსპონატებითა და საინტერესო ისტორიით. ამ სიაში შეიტყობთ 10 მუზეუმის შესახებ, რომლებიც არაა უფიცი ან გალერეა ბორგეზე, თუმცა მაინც აუცილებლად სანახავია. ვან გოგის მუზეუმი - ამსტერდამი, ნიდერლანდები ნიდერლანდელი ვინსენტ ვან გოგი დღეს ნამდვილად დაფასებული და აღიარებული ფერმწერია, თუმცა მის ცხოვრებაში ასე არ ყოფილა. სიღარიბეში მცხოვრები ვინსენტი დეპრესიითა და სხვა ფსიქიკური აშლილობებით იტანჯებოდა. მას ფინანსურად მხოლოდ ძმა ტეო ეხმარებოდა, ისიც, როგორც შეეძლო. მუზეუმში მისი სიცოცხლის ყოველი ეტაპი არის აღწერილი, ძმებს შორის გაცვლილი წერილების აუდიოვერსიებითა და ორიგინალი ხელნაწერებიც კი არის წარმოდგენილი. აქვე ნახავთ მისი ნამუშევრების თანმხლებ ემოციური ფაქტებსა და ისტორიებს ფსიქიატრიული კლინიკიდან, შეიტყობთ მეტს მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდზე და თვითმკვლელობაზე, ასევე მის გავლენაზე მის შემდგომ მოღვაწე ხელოვანებზე. აღსანიშნი ექსპონატები: მზესუმზირები, აყვავებული ნუში, ყვავები ხორბლის მინდორში, არლის საძინებელი, ირისები, გოგენის სკამი და ა.შ.
გუგენჰაიმის მუზეუმი - ბილბაო, ესპანეთი 1990-იან წლებში, როდესაც ჩრდილოეთ ესპანეთი უდიდეს ფინანსურ, სოციალურ და კულტურულ კრიზისს განიცდიდა, ბილბაოში ახალი მუზეუმის აშენება გადაწყდა. ფასადის პროექტირება ფრანკ გერის ჩაბარდა - კირქვის, ტიტანისა და შუშის უზარმაზარი კონსტრუქცია იქცა რეგიონის ახალ სიმბოლოდ. მუზეუმი 1997 წელს გაიხსნა და უმოკლეს დროში ფენომენად იქცა, რომელსაც გუგენჰაიმის ან ბილბაოს ეფექტი ეწოდა, რაც გულისხმობს ფართომასშტაბიანი კულტურულ-არქიტექტურული ძეგლის დაარსებით დიდი ტერიტორიული ერთეულის ეკონომიკური ფონის რადიკალურად გაუმჯობესებას. მუზეუმში თანამედროვე ხელოვანების საუკეთესო ნამუშევრებმა მოიყარეს თავი, როგორც მუზეუმს კედლებს შიგნით, ასევე მის გარე პერიმეტრზე. აღსანიშნი ექსპონატებია: ჯეფ კუნსის სკულპტურა „ლეკვი“, ლუის ბურჟუას სკულპტურა „მამანი“, ივ კლეინის ტილო „დიდი ლურჯი ანთროპომეტრია“, ენდი უორჰოლის „ასორმოცდაათი ფერადი მერლინი“, ჟან მიშელ ბასკიას „კაცი ნაპოლიდან“ და „მოსე და ეგვიპტელები“, ანტონიო საურას „გოიას წარმოსახვითი პორტრეტი“ და ბევრი სხვა.
დ’ორსეი - პარიზი, საფრანგეთი დორსეი ცნობილია მსოფლიოში უდიდესი იმპრესიონისტული და პოსტ-იმპრესიონისტული ფერმწერების კოლექციით, რომლებშიც შედის დეგა, მონე, რენუარი, მანე, სისლი, ვან გოგი, გოგენი, სიზანი და ა.შ., თუმცა, თვითონ მუზეუმის შენობაც უნიკალურია. 1898 წელს აშენებული დორსეის რკინიგზის სადგურში ახლა ფრანგული ხელოვნების ტილოები, სკულპტურები, ფოტოები, ავეჯი და ბევრი სხვაა წარმოდგენილი. აქვე ნახავთ ლეგენდარული ფრანგი სკულპტორის ოგიუსტ როდენის ნამუშევრებს, იმ შემთხვევაში თუ როდენის მუზეუმში ვერ მოახერხეთ წასვლა (თუმცა ამ სიაში 11 მუზეუმი რომ ყოფილიყო, როდენის მუზეუმი ნამდვილად მე-11 იქნებოდა). მუზეუმში ასევე ნახავთ ფრანგი არქიტექტორის, ვიქტორ ლალოს მიერ შექმნილ ისტორიულ საათს. აღსანიშნი ექსპონატებია: ჯეიმს ებოტ მაკნილის „უისლერის დედა“, ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამე რონაზე“, ედგარ დეგას „ბალეტის კლასი“, რენუარის „მულინ დე ლა გალეტ“, მანეს „ემილ ზოლას პორტრეტი“ და ა.შ.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - ნიუ-იორკი, აშშ ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უდავოდ ყველაზე გავლენიანი მუზეუმია თანამედროვე ხელოვნების თვალსაზრისით. მუზეუმი როკფელერების ოჯახის მხარდაჭერით 1929 წელს დაარსდა. მუზეუმმა საერთაშორისო ყურადღება 1939-40 წლებში მიიპყრო, როდესაც იქ პიკასომ რეტროსპექტრივა წარმოადგინა ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის მხარდაჭერით. 1958 წელს შენობაში ხანძრის გამო 5, 5 მეტრიანი მონეს „წყლის ლილიები“ განადგურდა, თუმცა მუზეუმმა რემონტოს შემდეგ ეს ნამუშევარი კვლავ შეიძინა. აღსანიშნი ექსპონატებია: ვან გოგის „ ვარსკვლავებიანი ღამე“, რენე მაგრიტის „საყვარლები“, სალვადორ დალის „მეხსიერების იგივეობა“, ენდი უორჰოლის „კემბელის სუპის ქილები“, პაბლო პიკასოს „ავინიონის დიაცები“ და „გოგონა სარკის წინ“, პიეტ მონდრიანის „ბროდვეის ბუგი-ვუგი“ და ა.შ.
აკროპოლისის მუზეუმი - ათენი, საბერძნეთი აკროპოლისის მუზეუმის იდეა ათენში ჯერ კიდევ 1863 წლიდან ჰქონდათ, თუმცა 2000 წლამდე სხვა და სხვა მიზეზების გამო გეგმების რეალობაში მოყვანა ვერ ხერხდებოდა. აკროპოლისის მთის არქეოლოგიური გადმონაშთების ტერიტორიაზე (რა თქმა უნდა მათი დაზიანების გარეშე) 2009 წელს სუპერ თანამედროვე არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნა, სადაც ბერძნული ბრინჯაოს ხანისა და რომაულ-ბიზანტიური ბერძნული მემკვიდრეობის უდიდესი საცავია. აქცენტი ქრისტეშობამდე მე-5 საუკუნეზეა გაკეთებული, რაც ბერძნული კულტურისა და ხელოვნების აპოთეოზის ეპოქად მიიჩნევა. მუზეუმის შესასვლელი ხედს გიხსნით ნამდვილ ძველ ბერძნულ საცხოვრებელ კომპლექსზე, რომელიც კონსტრუქციების დროს იქნა აღმოჩენილი. 2019 წელს მუზეუმმა ახალი უზარმაზარი პავილიონი გახსნა, სადაც ამ და მსგავსი ნანგრევების ბევრად უფრო ახლოდან დათვალიერებას შეძლებთ. აღსანიშნი ექსპონატებია: „ქვაზე დამჯდარი ქალღმერთი ათენა“ ქრისტეშობამდე 411 წელი, „პეპლოს კორე“ ქრისტეშობამდე 531 წელი, თიხის ფილაზე შესრულებული „ნიმფისთვის, ქორწინების მფარველისთვის მიძღვნილი“ ნამუშევარი, ქრისტეშობამდე 601 წელი და ა.შ.
ეგვიპტის მუზეუმი - კაირო, ეგვიპტე მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის მუზეუმი გიზის დიდი ეგვიპტური მუზეუმით ჩანაცვლდება 2021 წელს (რაც 2020 წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა გადაიდო პანდემიის გამო), მასში შენახული არტიფაქტები აუცილებლად სანახავია, მით უმეტეს მათთვის, ვისაც უყვარს ეგვიპტოლოგია. სამწუხაროდ, 1855 წელს ეგვიპტის სახელმწიფომ იმ დროისთვის მუზეუმში მყოფი ყველა არტიფაქტი ავსტრიის ჰერცოგ მაქსიმილიანს გადასცა, რომლებიც ახლა ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში ინახება. თუმცა, ფარაონული სიძველეების მსოფლიოში ყველაზე დიდი საცავი მაინც ეგვიპტის მუზეუმშია. ასევე სამწუხაროა, რომ მუზეუმი გადის ფრანგულ-იტალიური დაპროექტებით 1901 წელს აშენებული ისტორიული შენობიდან. მუზეუმის ეზოში მსოფლიოს გამოჩენილი ეგვიპტოლოგების მემორიალი მათი ბიუსტებით, მათ შორისაა იგიუსტ მარიეტი და ფრანცუიზ შაბა. მუზეუმის აღსანიშნი არტეფაქტებია ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი, ხუფუს, ხაფრესა და ჰაცშეფსუტის სკულპტურები, ახენატენის ბიუსტი, ქრისტეშობამდე 31-ე საუკუნის ნარმერის ფირფიტა და ა.შ.
რაიკსმუზეუმი - ამსტერდამი, ნიდერლანდები რაიკსმუზეუმი, იგივე ჰოლანდიის ეროვნული მუზეუმი 1798 წელს დაარსდა და დღეს მასში დაახლოებით 1 მილიონი ექსპონატია, ერთდროულად მაქსიმუმ 8000 წარმოდგენილი ექსპონატით. ჰოლანდიური ხელოვნების ღმერთების - ვერმეერის, რემბრანტის, ჰალსის, ავერკამპის, როიზდალის და სხვების გარდა, მუზეუმის უდიდესი ფასეულობა მისი ისტორიული შენობაა, რომელიც ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა არქიტექტორმა პიერ კუიპერსმა დააპროექტა. კუიპერსს ეკუთვნის ამსტერდამის ცენტრალური სადგურის შენობაც. მუზეუმის შენობაში ორი ძირითადი ფრთაა და ორივე ატრიუმებითაა დაბოლოებული. მუზეუმის სიამაყე ბაღებიცაა, ფუნქციურ რეკრეაციულ სივრცეში, რომელიც ცნობილ მუზეუმების მოედანზე გადის, წლის ოთხივე სეზონზე უამრავი ხალხია. მუზეუმის ბიბლიოთეკა წიგნებისა და ხელნაწერების უდიდესი საცავია ქვეყანაში. აღსანიშნი ექსპონატებია: რემბრანტ ვან რეინის „ღამის გუშაგები“ და „ქრისტეს ქადაგება“, იოჰან ვერმეერის „მოსამსახურე რძის დოქით“, ლუკას ვან ლეიდენის „ოქროს ხბოს თაყვანისცემა“, იან ვილემ პიენემანის „ბრძოლა ვათერლუსთან“ და ა.შ.
ძველი მუზეუმი - ბერლინი, გერმანია ბერლინის ისტორიულ ცენტრში მდებარე ძველი მუზეუმი (Altes Museum) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი. 1825-30 წლებში დაპროექტებული შენობა გერმანული ნეოკლასიციზმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და თვალსაჩინო არქიტექტურულ ძეგლად ითვლება. მუზეუმს აღმოსავლეთით ცნობილი ბერლინის საკათედრო ტაძარი, იგივე ბერლინერდომი უდგას, რომელიც ასევე ისტორიულია. თავიდან მუზეუმში გამოფენილი იყო სახვითი ხელოვნებისა და სკულპტურის ნიმუშები, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება მიიღეს მუზეუმის სიძველეებზე და ანტიკური ხანის არტიფაქტებზე შეცვლაზე. ამჟამად ძველ მუზეუმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაა წარმოდგენილი ძველი ბერძნული, ეტრუსკული და რომაული სიძველეების. ცნობილი არტიფაქტებია: „ღმერთებისა და ზეციური ქმნილებების როტუნდა“, „ბერლინის ქალღმერთი“ ქრისტეშობამდე 580-60 წლები, „ბიჭი ლოცვისას“ ქრისტეშობამდე 300 წელი, „პერიკლეს პორტრეტი“ ქრისტეშობამდე 430 წელი და ა.შ.
ბელვედერი - ვენა, ავსტრია ბელვედერი სიტყვა-სიტყვით ლამაზ ხედს ნიშნავს. ვენის ეს ულამაზესი კომპლექსი მე-18 საუკუნის დასაწყისში გამოჩენილმა ავსტრიელმა არქიტექტორმა ლუკას ფონ ჰილდებრანდმა ჰერცოგ იუჯინ სავოიელისთვის ააშენა, როგორც მისი საზაფხულო რეზიდენცია. 1903 წელს კი კომპლექსში მუზეუმი გაიხსნა. დღესდღეობით შენობა ბაროკოს სტილის არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და ლამაზ შენობად მიიჩნევა. აქვე მუზეუმის გარდა არის ორანჟერეა, ულამაზესი ეზოები და ბაღები, თავლები და ა.შ., ასევე შენობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. მუზეუმში დიდი ადგილი უკავია ავსტრიული ხელოვნების განვითარებას და აქედან გამომდინარე კარგადაა წარმოჩენილი ქვეყნის ისტორიაც. ბელვედერში ნახავთ გუსტავ კლიმტის, ეგონ შილისა და ოსკარ კოკოშკას ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას, ისევე როგორც ფრანგული იმპრესიონიზმისა და ვენური ბიდერმაიერის პერიოდის ნამუშევრებს. მუზეუმის აღსანიშნი ექსპონატებია: გუსტავ კლიმტის „კოცნა“ და „ჯუდითი“, ეგონ შილის „ჩახუტება” და „ოჯახი“, ჰანს მაკარტის „ვენეციის თაყვანისცემა კატერინა კორნაროს“, ოსკარ კოკოშკას „მშვიდი ცხოვრება მუტონთან და ჰიაცინტთან ერთად“ და ა.შ.
პრადო - მადრიდი, ესპანეთი პრადოს მუზეუმი, ან მადრიდის ეროვნული მუზეუმი ესპანეთის ხელოვნების მთავარ მუზეუმად ითვლება. მუზეუმში ინახება მე-12-დან მე-20 საუკუნის ჩათვლით ევროპული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნამუშევრები, მაგრამ მუზეუმის მთავარი ხიბლი ესპანური ფერწერისა და სკულპტურის უდიდესი კოლექციაა. შენობა 1785 წელს ესპანური განმანათლებლობის პერიოდის გამოჩენილმა არქიტექტორმა, ხუან დე ვილანუევამ დააპროექტა და პუბლიკისთვის პირველად 1819 წელს გაიხსნა. ესპანეთის მონარქიის მიერ დაარსებული მუზეუმის მიზანი დანარჩენი ევროპისთვის იმის ჩვენება იყო, რომ ესპანეთი ხელოვნებაში არაფრით არ ჩამოუვარდება სხვა ქვეყნების. აქ ფრანცისკო გოიას ყველაზე დიდი კოლექციაა, მაგრამ აქვე შეძლებთ ნახოთ დიეგო ველასკესი, ელ გრეკო, ტიციანი, ჰიერონიმუს ბოსხი, პიტერ პაულ რუბენსი, რაფაელი, რემბრანტი და ბევრი სხვა. მუზეუმს წელიწადში 2, 8 მილიონი ვიზიტორი ჰყავს და მასში ერთდროულად 1300 ხელოვნების ნიმუშია გამოფენილი. აღსანიშნ ექსპონატებს შორისაა: ველასკესის „გოგონები“, ბოსხის „ტკბობის ბაღი“, გოიას „სატურნი ჭამს საკუთარ ვაჟს“, რუბენსის „სამი გრაცია“, ელ გრეკოს „მწყემსთა თაყვანისცემა“, ალბრეხტ დიურერის „ადამი და ევა“ და ა.შ.
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#მუზეუმი
#ფერწერა
#სკულპტურა
0