0
ჩემი მეგობრის, ალეკო დოლბაიას პოსტს უცვლელად გიზიარებთ, ძალიან მომეწონა!? ჩემს მეგობრებს, კორონასთან ბრძოლის პერიოდში, განწყობისთვის ვთავაზობ ერთ ლექსს, რომელიც ეკუთვნის მწერალ შალვა შარაშიძეს. ის მოღვაწეობდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, იყო სატირულ-იუმორისტული ჟურნალ „ეშმაკის მათრახის“ (საქართველოში ჟურნალ „ნიანგის“ წინამორბედი) რედაქტორი და გამომცემელი, ცნობილი გახლდათ ფსევდონიმით თაგუნა. აქვე მინდა დავამატო, რომ ეს ლექსი 1982 წელს გამაცნო და ჩამაწერინა ჩემმა (და ფიზიკის ფაკულტეტის ყველა სტუდენტისთვის) უსაყვარლესმა პედაგოგმა, მათემატიკის კათედრის დოცენტმა ბატონმა არჩილ სულაქველიძემ. თაგუნა (შალვა გიორგის ძე შარაშიძე) მწერალი, ჟურნალ „ეშმაკის მათრახის“ დამაარსებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (26.03.1880 – 15.05.1934) "წმინდა გრძნობის ტრფიალება" ცხელა, ცხელა, ცხელა, ცხელა, მზე სხივების ალმურს ართავს, ზედ ჩემს ცხვირთან მიჯნურ ბუზებს პაემანი გაუმართავთ. ჩრდილში ვწევარ, ვერ ვიძინებ, თუმც ძალიან მეძინება, არშიყ ბუზებს ვზვერავ ზანტად, სადღაც, ტვინში მეცინება... გავდენო თუ დავანებო? ოფლის ღვარი მირწყავს სახეს, ბრაზი მახრჩობს, ჩემი ცხვირი სადაური ბაღი ნახეს?! ცხელა, ცხელა, წამწამებზე დამეკიდა ზლაზვნით რული, ცხადია თუ სიზმარია ჭაბუკ ბუზთა სიყვარული? ვაჟი ბუზი ვნებით იწვის, მუხლს იდრეკს და ძლივს ლუღლუღებს: გულის ვარდო, ტრფობის ალი გონს მიკლავს და სისხლს მიდუღებს, ჩემთან წამო, თორემ ვფიცავ, სურვილები გამაგიჟებს, იქ შემომყევ, აკლდამაში, - ჩემს ნესტოზე მიუთითებს... შემოგყვები ჩემო გიჟო, - სატრფო ბუზი ეუბნება, - მაგრამ საზღვრებს არ გადასცდე, შეიკავე დროზე ვნება... მგონი მძინავს, გულის პირზე ნიავი მცემს, მისისინებს, მძინავს, მძინავს, მაგრამ ცხვირში რა ჯანდაბა მიღიტინებს?! ნუთუ ბუზმა ქალწულ ბუზის არ დაინდო გრძნობა ნაზი, შეიტყუა ჩემს ნესტოში, გადალახა წრე და ხაზი. კმარა! უნდა დაისაჯოს, ეგ ავხორცი, უწმინდური, მე თუ არა, ვინ იძიოს ნამუსახდილ ბუზის შური?! თვალებს ვახელ, ბრაზი მახრჩობს, გააფთრებით ანჩხლად ვყვირი: ვინ შებღალა წმინდათ წმინდა, ვინ შებღალა ჩემი ცხვირი?! უფრო დასცხა, ცხელმა მზერამ წაშალა და დასწვა ჩრდილი, ვგრძნობ, ნესტოდან გამოცოცდა ორივ ბუზი დარცხვენილი. უნდა მოვკლა, ვერ შევარჩენ, - ასეთია ჩემი წესი! მაგრამ ვაჟი რომელია, როგორ ვიცნო მათი სქესი? ზედ ჩემს ცხვირწინ დავკარ ტაში, რომელს მოხვდა, რომელს ნეტა? ღმერთო ჩემო, ორივ მოკვდა - რომეო და ჯულიეტა. თუმც ახია, რად შებღალეს პატიოსან ცხვირის ნესტო? - დე, შეიტყონ სხვა ბუზებმაც: тут не место, тут не место!!!
#goodplaces
0