თურნავა არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139530# საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში დედაქალაქის მერი კახა კალაძეც მონაწილეობდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს ეკონომიკის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები და ახალი რეგულაციები გააცნეს. რეგულაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა, მაგალითად, როგორიცაა“ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელები და საბანკო მომსახურება, დახურული უნდა იყოს. „საუბარია საცალო ვაჭრობის ობიექტებში ვაჭრობის ფორმის ცვლილებაზე, რომელიც არასასურსათო მაღაზიების დისტნაციურად, ონლაინრეჟიმში მუშაობას გულისხმობს. შეხვედრის მონაწილეებს განვუმარტეთ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და ის ფაქტორები, რამაც გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების შემდგომი პრევენციაა. ვისაუბრეთ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების შესრულებასთან, მოვისმინეთ მათი პრობლემები და სრული მხარდაჭერა და გვერდით დგომა აღვუთქვით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ შეხვედრის მონაწილეები გაგებით ეკიდებიან მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელს კიდევ ერთხელ გააცნეს არსებული მდგომარეობის ფონზე შექმნილი ვითარება. მისივე თქმით, მთავრობა სხვადასხვა ქმედებებს ახორციელებს, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. „კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბიზნესსექტორს ამ რთულ პერიოდში თანადგომისთვის და მინდა დავაიმედო, რომ ჩვენი, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. პირველი და მნიშვნელოვანი დღეს ისაა, რომ ყველა ერთად ღირსეულად გამოვიდეთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
0