პატარა უფლისწული

0
რამდენი ხანი გავიდა, რაც ანტუან დე სენტ ეგზიუპერის , , პატარა უფლისწული” დაიბეჭდა და მაინც არ ნელდება ამ წიგნისადმი ინტერესი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ეგზიუპერი ერთნაირად გასაგებია ყველასათვის, სამყაროს რა წერტილშიც უნდა იმყოფებოდნენ ადამიანები, რა ეროვნებისა თუ რელიგიისაც უნდა იყვნენ ისინი. ამის მიზეზთა ჩამოთვლა, ცხადია, შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, ჩემი აზრით, მაინც მწერლის საოცარი უბრალოება და ჰუმანურობაა, რითაც ის სწორედ უამრავი გულის ათრთოლებას ახერხებს. , , პატარა უფლისწული“ ერთ-ერთი ყველაზე პოეტური თხზულებაა და ტექსტის სადა და გამიზნულად მარტივი ფრაზებიდან ისე ჟონავს პოეზია, როგორც კლდიდან წყალი. ეს ნაწარმოები ქართულადაც რამდენჯერმე ითარგმნა. ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ეს ალეგორიული ნოველა პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა ნიუ-იორკში. ეს ის პერიოდია, როცა ევროპაში ფაშიზმი მძვინვარებდა და მწერლის მშობლიური საფრანგეთიც ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული. ამიტომაც , , პატარა უფლისწული“ უდაბნოში მღაღადებელი თავისუფლების სულის ძახილივით გაისმა. საფრანგეთში ის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფრანგულ ტექსტად აღიარეს. თარგმნილია მსოფლიოს 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე. საქართველოში სულაც არა ვართ განებივრებულნი ერთი და იმავე, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი, მწერლის რამდენიმე ქართული თარგმანით. მით უმეტეს, ისეთი ვითარებით, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ეს თარგმანი ტოლს არ უდებს ერთმანეთს და ორიგინალის საინტერესო, დამოუკიდებელ გააზრებად გვევლინება. გიორგი ეკიზაშვილი ამბობს: , , ამ პატარა წიგნს წელიწადი და ექვსი თვე ვთარგმნიდი. აი, ნახეთ კიდევე ერთხელ წიგნი და იმ წიგნს, რომელსაც მე ნახევარ საათში ვკითხულობდი და ყველა ფრანგულის მცოდნე ნახევარ საათში წაიკითხავს, რომ დავჯექი, წელიწადი და ექვსი თვე მოვუნდი. იყო წინ ორი თარგმანი, პატივისცემა მათ, მაგრამ იცით? - არის წიგნები და არის წიგნთა წიგნები. და საერთაშორისო გამოკითხვებში ადრე, მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში, ბიბლია იყო პირველი და მეორე ძალიან ხშირად იყო , , პატარა პრინცი“.
#პატარაუფლისწული
#ლიტერატურულიშედევრები
#ეგზუპერი
0