კირონავირუსის პრევენცია და რელიგიური დისკურსი

0
საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, გააჩნია სოციალური პასუხისმგებლობა, დაიცვას მრევლი და მთლიანად საზოგადოება ნებისმიერი სახის განსაცდელისგან. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე სანტარულ უსაფრთხოებასა და ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. ეკლესია ის რელიგიური ორგანიზაციაა, რომლის ქვაკუთხედსა და ფუნდამენტურ ღირებულებას სწორედ ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს, თუმცა, მოცემულ სიტუაციაში წმინდა სინოდისთვის ქრისტიანობის არსობრივ მხარეზე მნიშვნელოვანი რიტუალისტური და ფიზიკური განზომილება აღმოჩნდა. მიუხედავად ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებისა, საპატრიარქომ ზიარების წესში ცვლილებები არ შეიტანა. ეკლესიის მაღალმა იერარქებმა განაცხადეს, რომ ზიარება წმინდა საიდუმლოა, მისგან დაინფიცირება კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ირაციონალურ არგუმენტს იზიარებს მრევლის დიდი ნაწილიც. მორწმუნეების უმრავლესობა თვლის, რომ ტაძარში სიარულისგან თავის შეკავება და ზიარების წესის ცვლილება რიტუალის მადლმოსილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც მკრეხელობაა. ისინი აქცენტს მთლიანად თეოლოგიურ კონტექსტზე აკეთენ და არ საუბრობენ სამედიცინო, ფიზიოლოგიურ ასპექტზე, არ განიხილავენ ეპიდრისკებს და ხელმძღვანელობენ პრინციპით - , , თუ გწამს, არ გადაგედება.” ამ მიდგომამ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა არაერთი კრიტიკული პოსტი, სადაც მოქალაქეები აღნიშნავდნენ, რომ ადამიანებმა სხვათა სიცოცხლის გარისკვის ფასად არ უნდა შეასრულონ რელიგიური რიტუალები. აღსანიშნავია, რომ აზრთა სხვადასხვაობაა სასულიერო პირებს შორისაც. მაგალითად, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შეფასებით, , , აჟირიტებული“ ადამიანების განცხადებები ასეთ დროს ტაძარში სიარულსა და ზიარებაზე, ცრუ რელიგიური ფსევდომორწუნეობაა და არ არის მიმართული კაცთაშორისი სათნოებისკენ. მამა ალექსანდრე გალდავამ კი აღნიშნა: , , მაცხოვარი ამბობს, ადამიანისთვის არის შექმნილი შაბათი და არა ადამიანი შაბათისთვის, ანუ წესი არის შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანი – წესისთვის.” უნდა ითქვას, რომ ერთი ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის უფლებების დარღვევა. როცა მორწმუნე კორონავირუსის მძვინვარების ფონზე იღებს გადაწყვეტილებას, მიიღოს ზიარება, ამით იგი სცილდება პირადი რელიგიურ მისწრაფებების ფარგლებს და საფრთხეს უქმნის მთლიანად საზოგადოებას. თავის მხრივ, მრევლის დიდი ნაწილი თვლის, რომ არ შეიძლება მათთვის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. საბოლოოდ, ეს ინტერესთა კონფლიქტი გარკვეულწილად მორწმუნეების დევნადაც კი იქნა აღქმული. „მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში?“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს ვერ გაუგებს. სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას.” - აღნიშნავს იმნაძე. მართლაც, ხედვა სხვადასხვაა, საფრთხე კი საერთო - კორონავირუსი ემუქრება ყველას და მის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობაა, განურჩევლად რწმენისა და რელიგიური აღმსარებლობისა. ყოველი ჩვენგანის მთავარი მიზანი უნდა იყოს ვირუსის ფართო გავრცელების თავიდან აცილება, ამ რთულ პროცესში კი თავისი წილი პასუხისმგებლობა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც უნდა აიღოს.
#პაატაიმნაძე
#კორონავირუსი
#ეკლესია
#რეკომენდაცია
#რელიგია
#tbilisidaily
0