ვინ არის ალკმენე?

0
ელექტრიონის ასული, მეფე ამფიტრიონის მეუღლე, იშვიათი სილამაზით გამორჩეული. ამფიტრიონს უნებლიედ შემოაკვდა საკუთარი სიმამრი, რის გამოც მიკენიდან გაძევებულ მეუღლესთან ერთად დასახლდა თებეში. ერთხელ, როდესაც ამფიტრიონი საბრძოლველად იყო წასული, ზევსმა იხილა ალკმენე და მოიხიბლა. იგი ამფიტრიონის სახით გამოეცხადა მშვენიერ მოკვდავს და მისი სარეცელი გაიზიარა. მალე ალკმენემ შვა ტყუპი ვაჟი: იფიკლესი – ამფიტრიონისაგან და ჰერაკლე – ზევსისაგან. მეუღლისა და ვაჟიშვილის გარდაცვალების შემდეგ ალკმენე განაგებდა ტირინსს. მას განუწყვეტლივ დევნიდა მიკენის მეფე ევრისთევსი, რის გამოც იძულებული იყო შვილიშვილებთან ერთად ათენისათვის შეეფარებინა თავი. ათენელებმა ტყვედ ჩაიგდეს მათ ქალაქში შემოჭრილი ევრისთევსი (ევრიპიდეს ტრაგედია „ჰერაკლიდები“). გარდაცვალების შემდეგ ალკმენე „ნეტართა კუნძულებზე“ დაივანებს, სადაც შეეუღლება მიწისქვეშა სამყაროს მსაჯულს, რადამანთისს. ალკმენეს, როგორც ჰერაკლიდების ფუძემდებელს, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ თებეში, ათენსა და ძველი საბერძნეთის სხვა ადგილებში. #მითოლოგია #ბერძნულიმითოლოგია #elysiumfields
0