"მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, ვიზრუნოთ ერთმანეთზე" - ბორჯომის ეპისკოპოსი მრევლს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139674 მართლმადიდებელი ეკლესიის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი მრევლს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ეცადონ, სახლებში დარჩნენ. წერილის შესავალში ეპისკოპოსი მრევლს ესაია წინასწარმეტყველის (26-20) სიტყვებით მიმართავს: „მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს“. „რთული განსაცდელის წინაშე ვდგავართ განსაკუთრებული რეჟიმის გამო, რომელიც გამოწვეულია COVID-19-თან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ და უმორჩილესად გთხოვთ, რომ სიყვარულითა და ერთმანეთის ზრუნვით გადავლახოთ ეს ურთულესი პერიოდი“, – წერს ეპისკოპოსი მიმართვაში. სასულიერო პირი ციტირებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორს, ამირან გამყრელიძეს, რომლის თანახმადაც „ვირუსის პიკური პერიოდი იწყება და შევდივართ გარკვეულ პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიებამ რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“. „სამწუხაროდ ზოგიერთი ჩვენი თანამემამულეები ვერ იცავენ ამ წესებს და ბატონ პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით დღეიდან იზღუდება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. საგანგებო მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო“, – წერს ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი ლაზარე მრევლს შეახსენებს, რომ 21 მარტიდან საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მათ რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებისკენ მოუწოდებს: „ღვთისმსახურების დასწრების დროს დაცული იქნას რეკომენდირებული დისტანცია თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის; ვინც არიან რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები თქვენივე უსაფრთხოებისათვის, მოგიწოდებთ მაქსიმალურად შეზღუდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, რათა არ შეუქმნათ საფრთხე როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვა ადამიანთა სიცოცხლეს; მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენა და გავაძლიეროთ ლოცვები წმინდა სინოდის განჩინებისამებრ: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“, „გიხაროდენ“ და მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ლოცვა; საჭიროებისამებრ ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები მზად არიან ვისაც სურვილი აქვს თავად ესტუმრონ სახლებში და შესაბამისი მსახურება ჩაუტარონ“. ეპისკოპოსი ლაზარე მიმართვას, რომელიც ბორჯომის ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა, ფეისბუკზეც ავრცელებს.
0