ქართულმა მხარემ კორონავირუსით გარდაცვლილთა ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო

0
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, დღევანდელი პროტოკოლით შექმნილი გარემოებიდან ორი გამოსავალი არსებობს. ერთ-ერთი არის კრემაცია და მეორე ამ ადამიანების ესპანეთის ტერიტორიაზე გამოყოფილ შესაბამის ადგილზე დაკრძალვა. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, თუ ადამიანი არის დაღუპული ამ ვირუსით, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ამ ადამიანის ტრანსპორტირება იმ ქვეყნიდან, რომელშიც ის დაიღუპა. მითუმეტეს, თუ ეს არის ევროპული ქვეყანა. ამ შემთხვევაში, საქმეში ერთვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, თავად ქვეყნის რეგულაციები. ამიტომ, სიტუაცია ძალიან რთული გახდა, ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა რამდენიმე დღე და ვცდილობდით მოლაპარაკებები გვეწარმოებინა რაღაც საწყისებიდან, თუმცა კატეგორიული უარი მივიღეთ იმიტომ, რომ თუ გამონაკლისს დაუშვებენ ერთი ქვეყნის მიმართ სხვა ქვეყნების მიმართაც უნდა დაუშვან. დღევანდელი პროტოკოლით არსებობს ორი ტიპის გამოსავალი ამ შემთხვევიდან ერთ-ერთი არის კრემაცია, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა და ქართველებისთვის ამის გაკეთება. არსებობს მეორე შესაძლებლობაც, იქ ადგილზე გამოყოფილია შესაბამისი ტერიტორია, სადაც, შეიძლება, მოხდეს ამ ადამიანების დაკრძალვა. ესპანეთის მთავრობა ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურ მიდგომებს და აძლევს შესაძლებლობას ადამიანი დაიმარხოს იმ წესით, როგორიც უნდა ჭირისუფალს. ამ ადამიანის ესპანეთის ტერიტორიიდან გამოყვანას კატეგორიულად არ გვთანხმდებიან და არ გვაძლევენ ამის უფლებას, “ - აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
#spain
#georgia
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
0