მორწმუნე,ურწმუნო და მათ შორის მდგომი(ნაწილი პირველი)
254 Views
მზია ჟორჟოლიანი
Tbilisi · 6 months ago

(ნაწილი პირველი)

ასე საჯაროდ, პირველად ვეხები ამ თემას. ზოგადად პირად საუბრებშიც კი ვერიდები ხოლმე მსგავს დისკუსიაში ჩართვას.მაგრამ ახლა მომინდა ხმამაღლა მეთქვა!თუმცა დაწყება,სათავის პოვნა მიჭირს.მაინც ვეცდები...

ქვეყანაში და მსოფლიოში რაც ხდება, ადამიანებს კი არადა, მგონი ფრინველ-ცხოველთაც ესმით უკვე.

პოლიტიკამაც კი დროებით გვერდზე მიიჩოჩა და თითქოს რაღაცნაირად მიყუჩდნენ სხვადასხვა შეხედულებებისა და ამბიციების მქონე პოლიტიკოსებიცა და პოლიტიკანებიც. თუნდაც დროებით მაინც გადადეს პირადი ამბიციები და ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ მაინც გაერთიანებას.

მაგრამ ახლა სხვა, უფრო მტკივნეული ბზარი გაჩნდა. უფრო სწორად არსებული კიდევ უფრო გაფართოვდა - მორწმუნეები, ურწმუნოები და კიდე მათ შორის მდგარნი - რომლებიც მგონი ორივე მხარეზე მეტია!მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ სავარაუდოდ.ახლა აგიხსნით, რატომ ვთვლი თავს შუაში მდგომად:

ღმერთი მწამს და ძალიანაც! - მიჭირს და მას ვუხმობ საშველად, მილხინს და მას ვწირავ მადლობას. ეკლესიაშიც დავდივარ დროდადრო.სანთელს სახლშიც ვანთებ და ტაძარშიც.ოჯახის, ახლობლებისა და ქვეყნის ბედნიერებაც ხშირად შემითხოვია.ვცდილობ ჩავახრჩო ჩემში სიხარბე, შური, ბოროტება!( რომელნიც მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანშია).

მამა რომ გარდამეცვალა მინდოდა, რაც შეიძლება მეტი მოწყალება გამეცა, 40 დღემდე ვკითხულობდი ლოცვებს, ფსალმუნებს. მისი სულის სიმსუბუქესა და ცოდვების მიტევებას შევთხოვდი უფალს. მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ მისი სული მაღლიდან მიცავს, მპატრონობს, ხელს მაშველებს!

მაგრამ... და მაგრამ....

აწ გარდაცვლილი ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე: მაგრამს რომ იტყვიან, მის წინ რაც ითქვა, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვსო. ისეთი ადამიანები იყავით, რომ თქვენზე სიტყვა ,,მაგრამ’’ არ თქვანო....მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე არ ვთვლი, რადგან რაც აქამდე ვთქვი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

ახლა მეორე მხარეც მინდა გითხრათ - ხმამაღლა ვთქვა,ის რასაც თითქოსდა ვმალავდი კიდეც, გამხელაც კი მეუხერხულებოდა :

ვერასოდეს დავიცავი მარხვა, ვერ ვეზიარე და ეს გულწრფელად მაწუხებს...არასოდეს ჩამიბარებია აღსარება მღვდელთან, მაგრამ სახლში სანთელი ამინთია, მის წინ დავმდგარვარ, ჩემი შეცდომა ღმერთთან ჩუმად, გულში მიღიარებია, მუხლებზეც დავცემულვარ, მომინანიებია, პატიება მითხოვია, გულწრფელად მინანია, მიტირია კიდეც...მე რომ ვიცი, ისე ვინ იცის ჩემი შეცოდებანი?! მე რომ მტანჯავს და მაწუხებს, ისე ვინ გაიგებს ჩემს მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებს? და სულ იმის მჯერა, რომ როცა ამას გულწრფელად, გულში, მხოლოდ ღმერთის წინაშე ვინანიებ, უფალი ხედავს და მპატიობს! უფალი მპატიობს იმასაც კი, რომ ბიბლიაც არ მაქვს წაკითხული და მაინც მჯერა მისი არსებობის!

როცა რაიმეს არასწორად ვაკეთებ, შიში მეუფლება- შიში იმისა, რომ ვერ დავმალავ!. უფალი დამინახავს და სირცხვილისა და სინანულის გრძნობა შემაწუხებს. ხოლო სიკეთის კეთებისას ნაკლებად მახსსენდება უფლის არსებობა!

ალბათ ვერასოდეს გავიგებ ე.წ, ღრმად მორწმუნეებისას, მაგრამ, ვერც იმათი გამიგია ვერაფერი, რწმენისკენ ხალხს თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად და ძლევამოსილებისა და სიმდიდრის ჩასაბღუჯად რომ ექაჩება!

და აი, მივადექი ჩემს მთავარ სათქმელსაც, რის გამოც ამ ბლოგის წერა დავიწყე.

(გაგრძელება აქვე, მომდევნო ბლოგში, რადგან ბლოგის მოცულობა შეზღუდულია)


მზია ჟორჟოლიანი
Tbilisi · 6 months ago
23
Write a comment