მორწმუნე,ურწმუნო და მათ შორის მდგომი(გაგრძელება.პირველი ნაწილი იხილეთ წინა ბლოგში)
246 Views
მზია ჟორჟოლიანი
Tbilisi · 6 months ago

(გაგრძელება. პირველი ნაწილი იხილეთ წინა ბლოგში)

აქ მინდა სწორედ ფრთხილად და ყურადღებით შეჩერება:

ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ მედიცინის მუშაკთა უმრავლესობა მორწმუნეა? და მათ შორის ძალიან ბევრი ღრმადმორწმუნეც კი( ნუ, ღრმადმორწმუნეობაში რა იგულისხმება, ეგ კიდევ ცალკე სადისკუსიო თემააა)

ალბათ ბევრს გქონიათ შემთხვევა, რომ მძიმედ გამხდარხართ ავად ან თქვენ ან თქვენი ახლობელი და მორწმუნე ექიმს თუ უთქვამს: წადი, ილოცე, ღთმერთი გიშველის, ჩემი მკურნალობა არ გჭირდებაო?! მაგრამ არც იმას გეტყოდათ, უფლის სასწაულის არ დაიჯეროთო, მე ვარ ახლა თქვენი მამაღმერთიო! და არც დღეს, ასეთ რთულ სიტუაციაში არ გეუბნებიან ამას! არც ღვთისანაბარად გტოვებენ და არც უფლის სასწაულის იმედს არ გიწურავენ!

ახლა, როცა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, როცა ვირუსი არ არჩევს დიდსა და პატარას, მოხუცსა და ახალგაზრდას, ჯანდაცვის სისტემა და მთავრობა ყველანარად ცდილობს ქვეყნის გადარჩენას, რატომ ვაყენებთ სასწორზე რწმენის სიმტკიცესა და ურწმუნოებას?

მე თუ ვერ ვეზიარები, ვერ ვიმარხულებ, აღსარებას ვერ ან არ ვაბარებ მამაოსთან, მაგრამ არ ვარ ბოროტი, არ ჩავდივარ ავს, ვცდილობ დავეხმარო შეჭირვებულს; ჩუმად, გულში ვლოცულობ, ღმერთი ამის გამო გამიბრაზდება და ვირუსს შემყრის?

თვალყურს ვადევნებ ატეხილ აჟიოტაჟსა და ვნებათათღელვას, სადაც გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი რამ: უანგარო, ღარიბი და ჩვეულებრივად მცხოვრები უბრალო სასულიერო პირები ცდილობენ დაიცვან მრევლი, მოუწოდებენ დაემორჩილონ ჯანდაცვისა და მთავრობის რეკომენდაციებს, იყვნენ კანონმორჩილნი,სვან ნაკურთხი წყალი, ილოცონ სახლებში. ხოლო ის ,,კასტა’’, ვისაც ძალაუფლებისა და ძლევამოსილების დაკარგვის ეშინია, მრევლს საპირისპიროს მოუწოდებს!

აი, სწორედ აქ ჩნდება კითხვის ნიშანი და ძალიან დიდი კითხვის ნიშანიც!

წარმოიდგინეთ,როგორი იქნება მდგომარეობა, რომ მთავრობამ და ჯანდაცვამ ყველა იმ მღვდელმთავარს, რომელიც ასე ეწინააღმდეგება ზიარების წესის ცვლილაბას, მისცეს უფლება დაინფიცირებულ პაციენტებთან შესვლისა, რათა აზიარონ ისინი და მერე იმავე კოვზით თავადაც მიიღონ იმავე ჭურჭლიდან იგივე ზიარების სითხე?!

ვიყოთ კანონმორჩილნიც და ღვთისმოშიშნიც - ნამდვილად შესაძლებელია ოქროს შუალედის გამოძებნა!

თუ რაიმე ისე ვერ ვთქვი, თუ რომელიმე მხარე გავაღიზიანე, მომიტევოს ისევ და ისევ მხოლოდ უფალმა და არა ადამიანმა! მომიტევოს უფალმა ჩემი რელიგიური გაუნათლებლობა და უმეცრება.ერთხელ ასეთი სტროფები დავწერე:

,,მხოლოდ შენი პატიების იმედი მაქვს, ღმერთო,

კაცთა შორის, ჩემს შენდობას, ვიცი ვერვინ შეძლებს!“

მიუხედავად ყველაფრისა, რა თქმა უნდა ვერც იმ მოქილიკეების მხარეს ვიქნები, ვისთვისაც ათეისტობა და რელიგიაზე ღლაბუცი ტრენდული გამხდარა!

ამ ძნელბედობის ჟამს, ისევ და ისევ მოყვასის საკეთილდღეოდ და გადასარჩენად, ცოტა ხნით სახლში რომ ვილოცოთ, გავძლიერდეთ რწმენაში და უფრო ახლოს მივიდეთ ღმერთთან, რატომაა ეს რწმენის უარყოფა, რატომ გაგვიწყრება და დაგვსჯის ამის გამო ღმერთი?!

პირიქით, ის ალბათ უფრო წუხს ჩვენი უგუნურობით, ცდილობს გვიშველოს და დაგვეხმაროს!მართლა ცა ხომ არ გაიხსნება და მაღლიდან ხომ არ გადმოგვძახებს უფალი: გაუფრთხილდით სიცოცხლესა და ერთმანეთს!ამ შეჭირვების დროს კი -

ვილოცოთ სახლში და გვწამდეს გულში, არამგონია ღმერთი ამისთვის გაგვიბრაზდეს!


მზია ჟორჟოლიანი
Tbilisi · 6 months ago
26
Write a comment