კითხვები და პასუხები პრინცესა დიანას ცხოვრებაზე და სიკვდილზე.

0
1997 წლის 31 აგვისტოს დიანა სპენსერი ავტოავარიაში დაიღუპა. უელსის პრინცესა, პრინც ჩარლზის ყოფილი ცოლი და პრინცების - უილიამის და ჰარის დედა ცნობილი იყო, როგორც ქველმოქმედი და ჩარლზთან დაშორების შემდეგაც ბრიტანული საზოგადოების ნებიერად დარჩა. მისი სიკვდილი ნაციონალურ ტრაგედიად იქცა, ხოლო მისი ცხოვრება და კონფლიქტი სამეფო ოჯახთან - თანამედროვე ბრიტანული ისტორიის ერთ-ერთ მთავარ სიუჟეტად.

რატომ დაშორდა დიანა პრინც ჩარლზს?

1981 წელს, 20 წლის დიანა სპენსერის და 32 წლის პრინც ჩარლზის ქორწილს პირდაპირ ეთერში 750 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. ქორწილამდე წყვილს ერთმანეთი სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, მიუხედავად ამისა, დიანა ჩარლზისთვის შესაფერის საცოლესჰგავდა. ის იყო დიდგვაროვანი ოჯახიდან, ჰქონდა უმწიკვლო რეპუტაცია, იყო ლამაზი, თავმდაბალი, კარგად აღზრდილი. ოჯახი, რომლის ქორწინებაც ასე პომპეზურად აღნიშნეს, 1980-იანების შუა წლებში, დაინგრა. დიანა ამბობდა, რომ ჩარლზი მას ცივად ეპყრობოდა, რომ ისინი კვირების განმავლობაში ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, ხოლო 1984 წელს, მეორე შვილის გაჩენიდან მალევე, მან გაიგო, რომ ქმარმა განაახლა ურთიერთობა გათხოვილ კამილა პარკერ-ბოულსთან. ჩარლზი კამილას 1970-იანი წლების დასაწყისიდან იცნობდა, ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ურთიერთობა არაფრით დასრულდა. პრინცს შეიარაღებულ ძალებში უნდა ემსახურა და ნაკლებად დიდგვაროვან ქალთან მის კავშირს სამეფო ოჯახი არ იწონებდა. დიანამაც სხვა კაცთან დაიწყო ურთიერთობა. 1992 წელს, სამეფო ქორწინების ყველა პრობლემის შესახებ ცნობილი გახდა წიგნიდან "დიანა: მისი ნადვილი ისტორია", რომელიც პრინცესის ნაამბობზე დაყრდნობით დაიწერა. ამის შემდეგ წყვილმა ურთიერთობა შეწყვიტა. 1996 წელს, დედოფალ ელისაბედ მეორის მოთხოვნით, ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დიანაც და ჩარლზიც ქორწინებამდე თავიანთ კავშირს ეჭვის თვალით უყურებდნენ. ჩარლზმა აღიარა, რომ მისი მომავალი ცოლი აღმოჩნდა რთული, ემოციური ადამიანი; დიანას ეჭვი ჰქონდა, რომ ჩარლზი სხვას ხვდებოდა. მათ ცოტა რამ ჰქონდათ საერთო და ასაკობრივი სხვაობაც პრობლემას ქმნიდა.

რატომ უყვარდათ დიანა?

დიანა სპენსერი ნაკლებად ჰგავდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რომელიმე წევრს. ის იყო საკმაოდ გახსნილი და უშუალო, რითაც განსხვავდებოდა თავისი მეტისმეტად თავდაჭერილი ქმრისგან და დედოფალ ელისაბედ მეორისგან, რომელსაც სახელმწიფოს სიმბოლოდ მიიჩნევენ. დიანამ ბევრი რამ გააკეთა სამეფო ოჯახის და ხალხის დაახლოებისთვის, რასაც მან დიდწილად თავისი საქველმოქმედო საქმიანობით მიაღწია. ის იყო ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანებიდან, რომელიც შიდსის პრობლემით დაკავდა. იმ დროს ეს სტიგმატიზებული დაავადება იყო და გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. ის შიდსით დაავადებულ ადამიანებთან ერთად ფოტოებს იღებდა, ეხვეოდა და ხელს ართმევდა მათ, მაშინ როდესაც 1980-იან წლებში ექიმები და ექთნებიც კი ერიდებოდნენ ინფიცირებულებთან შეხებას, რადგან ნაკლებად შესწავლილი ვირუსით დაავადების ეშინოდათ. გარდა ამისა, ის ეხმარებოდა ნაღმებზე აფეთქების მსხვერპლთ, დაინტერესებული იყო პალიატიური დახმარებით და საქველმოქმედო საქმიანობის ბევრი სხვა ასპექტით, რომლითაც მანამდე სამეფო ოჯახი იშვიათად ინტერესდებოდა.

რატომ აბრალებენ დიანას სიკვდილს პაპარაცებს?

ჩარლზთან დაშორების შემდეგ, ბრიტანულმა ტაბლოიდებმა უელსის პრინცესის პირადი ცხოვრებაზე შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებაზე ნადირობა გამოაცხადეს. მაშინ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი იყო, ამიტომ პაპარაცები მას ყველგან დაჰყვებოდნენ. ნადირობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ დიანა მუდმივად იმალებოდა. როგორც კი ის საჯაროდ კაცთან ერთად გამოჩნდებოდა, ტაბლოიდებს კაცი მისი საყვარლების სიაში შეჰყავდათ. მას ფოტოს უღებდნენ ყველგან, სადაც ჩნდებოდა, კერძო თუ საჯარო ღონისძიებაზე.  პაპარაცების მხრიდან მუდმივი ყურადღების მიუხედავად, მას პრესასთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა და რამდენიმე ჟურნალისტთან მეგობრობდა კიდეც, მათ შორის The Daily Mail-ის კორესპონდენტ რიჩარდ კეესთან. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, დიანამ მას დაურეკა და შესჩივლა, რომ უცხოეთში მას ბევრად უკეთ ეპყრობიან და რომ დროებით საჯარო სივრციდან გაქრობა და საკუთარ თავზე კონცენტრირება სურს. 1997 წლის 31 აგვისტოს, დიანა თავის მეგობარ დოდი ალ-ფაედთან ერთად პარიზში იყო. ისინი სასტუმროდან გამოვიდნენ და ჩასხდნენ თუ არა "მერსედესის" მარკის ავტომობილში, მათ ერთდროულად რამდენიმე ფოტოგრაფი მოტოციკლით აედევნა, რათა წყვილი ერთად გადაეღოთ. ავტომობილი გვირაბში ბოძს დიდი სიჩქარით დაეჯახა; მძღოლი ნასვამი იყო. პოპულარული ვერსიის თანახმად, რომელსაც დიანას ოჯახი იზიარებს, მძღოლი მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, რათა პაპარაცებს გაქცეოდა. პირველი ადამიანი, რომელიც ავიაკატასტროფის ადგილზე აღმოჩნდა, იყო სწორედ ფოტოგრაფი, რომელმაც დაშავებულების დახმარების ნაცვლად, ფოტოების გადაღება დაიწყო (ეს ფოტოები აღარ გამოქვეყნებულა). თავდაპირველად, დიანას, მძღოლის და ალ-ფაედის დაღუპვასთან კავშირის გამო, შვიდი პაპარაცი დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს; ფოტოგრაფებს ბრალი არ დაუმტკიცდათ.

მართალია, რომ სამეფო ოჯახი არ ემხრობოდა დიანას დაკრძალვის პომპეზურ ცერემონიას?

დიანას გარდაცვალებას 1997 წლის 31 აგვისტოს, ბუკინგემის სასახლის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კრიზისი მოჰყვა. იმ დროს დიანა და ჩარლზი განქორწინებულები იყვნენ და პრინცესა სამეფო ოჯახის წევრად ოფიციალურად აღარ ითვლებოდა, მას ტიტულიც აღარ ჰქონდა. მაგრამ მისმა სიკვდილმა შეძრა არამხოლოდ ბრიტანული საზოგადოება, არამედ მთელი მსოფლიო. დიანას დაკრძალვის ცერემონიას პირდაპირ ეთერში 2, 5 მილიარდი ადამიანი უყურებდა. ტელევიზიის ისტორიაში ეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტრანსლაციაა. დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო დროშები დაუშვეს. დიანა სამეფო წარმომადგენელისთვის შესაფერისი პატივით დაკრძალეს. მაგრამ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. 1997 წლის სექტემბერში, ბრიტანული Channel 4 იუწყებოდა, რომ დედოფალ ელისაბედს სურდა, დიანა დიდი ბრიტანეთის რიგით მოქალაქესავით დაეკრძალათ. თუმცა, დაკრძალვის პომპზური ცერემონია პრინც ჩარლზის დაჟინებული მოთხოვნის შედეგი იყო. დიანას დაღუპვის დღეს, ელისაბედ მეორე შვილიშვილებთან ერთად შოტლანდიაში, ბალმორალის მამულში ისვენებდა. მან არ შეწყვიტა დასვენება და არანაირი განცხადება არ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ დიანას სიკვდილის შემდეგ ნაციონალურმა გლოვამ სტიქიური ხასიათი მიიღო. ყოფილი რძლის გარდაცვალების გამო დედოფალმა სამძიმარი მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ თქვა, რის გამოც პრესამ ის სასტიკად გააკრიტიკა; The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, დედოფალი განიცდიდა, რომ ბრიტანელებს მისი დაგვიანებული რეაქცია არ მოეწონათ.  დიანას დაკრძალვასთან დაკავშირებული გარემოებები დეტალურადაა აღწერილი ფილმში "დედოფალი", რომელშიც მთავარ როლს ჰელენ მირენი ასრულებს (ელისაბედ მეორემ ამ ფილმის ნახვაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ არ სურდა თავის ცხოვრებაში "ყველაზე ცუდი კვირის" ხელახლა განცდა), ასევე ბევრ დოკუმენტურ ფილმში.

როგორ გადაიტანეს დედის გარდაცვალება პრინცებმა - უილიამმა და ჰარიმ?

დიანას გარდაცვალების დღეს, ჰარი და უილიამი ბებიასთან ერთად ბალმორალის მამულში იყვნენ. უილიამი იყო 15 წლის, ჰარი - 12-ის. სამეფო ოჯახი ცდილობდა ავტოკატასტროფის შესახებ დეტალური ინფორმაციისგან მოზარდების დაცვას. თავდაპირველად მათ მხოლოდ სიკვდილის ფაქტის შესახებ იცოდნენ. სასახლეში ტელევიზორები და რადიოებიც კი გადამალეს. დაკრძალვის ცერემონიის დროს, უილიამი და ჰარი მამასთან და ბაბუა პრინც ფილიპესთან ერთად, დედის ცხედარს უკან მიჰყვებოდნენ. ბოლო დრომდე, არც ჰარი და არც უილიამი არ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ გადაიტანეს დიანას გარდაცვალება. მაგრამ მე-20 წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე, მათ პრესას ერთდროულად რამდენიმე ინტერვიუ მისცეს. უილიამმა აღიარა, რომ არ ესმოდა, რატომ განიცდიდა დიანას სიკვდილს ამდენი ადამიანი, რომელიც მას უბრალოდ არ იცნობდა. თუმცა მას შემდეგ რაც გაიზარდა, ის ნელ-ნელა მიხვდა, თუ რა როლს ასრულებდა უელსის პრინცესა ბრტანულ საზოგადოებაში, და აღიარა, რომ მას გულწრფელად წყდება გული, რომ დიანამ ვერ გაიცნო მისი მეუღლე ქეით მიდლტონი და მათი შვილები. მან ასევე მადლობა გადაუხადა ელისაბედ მეორეს იმისთვის, რომ დაიცვა ძმები საზოგადოებრივი ყურადღებისგან და ტრაგედიის გადატანის შესაძლებლობა ტელეკამერების გარეშე მისცა. ჰარის თქმით, ის თავს აიძულებდა, არ ეფიქრა დედაზე. მას მიაჩნდა, რომ ასე უფრო სწრაფად გაუმკლავდებოდა ტრაგედიას. დიანას გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მან ძმის დაჟინებული თხოვნით ფსიქოთერაპევტებს მიმართა და მხოლოდ ამის შემდეგ გაერკვა თავის გრძნობებში. ჰარის თქმით, ბოლო წლები მისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო, ჰქონდა დეპრესია და ცხოვრობდა ნერვული აშლილობის ზღვარზე.წყარო: Meduza
#ისტორია
#პრინცესადიანა
#პარიზი
#ახალიამბები
0