რა არის ალცჰაიმერის დაავადება და როგორ ვლინდება ის?

0
1907 წელს ალცჰაიმერმა გამოაქვეყნა დაავადების აღწერა ერთი პრესენილური დემენციის დიაგნოზის მქონე ქალბატონისა (Auguste D), რომლის ტვინშიც დამახასიათებელი ცვლილებები ნახეს. კრეპელინმა ასეთ მდგომარეობას ალცჰაიმერის დაავადება უწოდა (Maurer et al., 1997). დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ეს იშვიათი დაავადებაა და, რომ მხოლოდ პრესენილურ დემენციას უდევს საფუძვლად. შემდგომი კლასიკური კვლევებით როტმა (Roth) დაადგინა, რომ ეს დაავადება სენილური დემენციის ყველაზე ხშირი მიზეზია (Blessed et al., 1968). ეს მონაცემები დაადასტურა მოსახლეობის შედარებით ახალმა გამოკვლევამაც, რომლის მიხედვით, დემენციის მქონე პაციენტების 64%-ს აუტოფსიით ალცჰაიმერის დაავადება დაუდასტურდა (Neuropathology Group of the MRC Cognitive Functioning and Aging Study, 2001). დაავადების გავრცელების სიხშირე 65 წლის ასაკისთვის 2-7%-ია, 80 წლისთვის - 8-10%, ხოლო 90 წლისთვის 30-40%-მდე იზრდება.

დაავადების აღწერა

Alzheimer disease- უცნობი ეტიოლოგიის, თავის ტვინის პირველადი დეგენერაციული დაავადება, დამახასიათებელი ნეირომორფოლოგიური და ნეიროქიმიური ნიშნებით, თავის ტვინის ქერქის ატროფიის, ნეიროფიბრილარული გორგლების და ნევროტული არგენტოფილური ფოლაქების ჩათვლით. აგრეთვე დამახასიათებელია ფერმენტ ქოლინაცეტილტრანსფერაზის, აცეტილქოლინის და სხვა ნეიროტრანსმიტერებისა და ნეირომოდულატორების შემცველობის გამოხატული დაქვეითება. ჩვეულებრივ, დაავადება იწყება შემპარავად, ვითარდება ნელა, მაგრამ მაინც პროგრესირებს რამდენიმე წლის მანძილზე. მოგვიანებით, კერძოდ, 65 წლის ზევით (ტიპი 1) დაწყებული შემთხვევებისათვის დამახასიათებელია ნელი პროგრესირება, ხოლო ძირითადი სიმპტომის როლში მეხსიერების დარღვევა გვევლინება.

დაავადების კლინიკური ნიშნები

თავდაპირველი ნიშანი, ჩვეულებრივ, გულმავიწყობაა, რომლის განსხვავებაც ნორმალური ასაკობრივი ცვლილებებისგან, თავიდან ძნელია. პირველი 2-4 წლის მანძილზე მდგომარეობა ნელა პროგრესირებს. თანდათან უარესდება მეხსიერება და სპონტანურობა. დაავადების დასაწყისში პაციენტს ჯერ ახლო წარსულის მოგონებები ავიწყდება. მეტყველების პრობლემები ადრეულ ეტაპზევე ვლინდება. აღინიშნება სახელდებისა და საჭირო სიტყვების მოძებნის სირთულეები. პიროვნება კარგავს ინფორმაციული და სხარტი წინადადების შედგენის უნარს. მხედველობით-სივრცითი დარღვევები ვლინდება ფიგურის კოპირების პრობლემების ან უცხო გარემოში გზის გაკვლევის სირთულეების სახით. დროში დეზორიენტაცია იწვევს დანიშნულ დროს გამოცხადების უუნარობას და დღეღამური საქმიანობის პატერნების შეცვლას.
#news
#opinion
#health
#forhealth
#behealthy
#brain #healthcare
Tbilisi
0