რომელი ტესტია ყველაზე სანდო კორონავირუსის დასადგენად - გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის მოსაზრება

0
გერმანიასში სწრაფ ტესტებს იყენებენ, მაგრამ არა ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის უფროსმა ქირურგმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა. ქართველმა ექიმმა სწრაფი ტესტირების მეთოდებზე ისაუბრა. მის თქმით, სპეციალისტები სადიაგნოსტიკოდ ტესტირების სამ მეთოდს გამოიყენებენ, თუმცა მათგან ერთ-ერთი, არასანდო სადიაგნოსტიკო საშუალებად ითვლება, რადგან ასეთი ტესტების შედეგები მხოლოდ 70 %-ის შემთხვევაში ასახავს სინამდვილეს. „სწრაფ ტესტებთან მიმართებაში საქმე ეხება სამ ვარიანტს. ერთი მეთოდით, PCR მეთოდით, მოლეკულის დონეზე ხდება ვირუსის დადგენა; მეორე მეთოდი არის ანტიგენების განსაზღვრის მეთოდი და მესამე არის ანტისხეულების განსაზღვრა. დღევანდელ მეცნიერებაში „ოქროს წესად“ მიიჩნევა PCR მეთოდი. ცხვირ-ხახის ქვედა იარუსებიდან ხდება ლორწოვანის შემცველი ბიოლოგიური მასალის მოპოვება და ამ ბიოლოგიურ მასალაში დგინდება, თუნდაც ანტიგენების საშუალებით, ან როგორც გითხარით პოლიმერაზე ჯაჭვური რეაქციის პრინციპით, ხდება ტესტირება“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ. მისივე თქმით, მსოფლიო ბაზარი სწრაფი ტესტებით გადატვირთულია, რომელთაგანაც უმრავლესობა ანტისხეულებზე დაფუძნებულ სწრაფ დიაგნოსტირებაზეა დამყარებული. „ეს მეთოდი გერმანიაში, ავსტრიაში, ასევე დასავლეთ ევროპის არაერთ ეპიდცენტრში, მიჩნეულია, როგორც არასანდო სადიაგნოსტიკო საშუალება. ერთ-ერთ ტესტს პირდაპირ უწერია, რომ მე-4-მე-11 დღემდე მისი სანდოობა არ აღემატება 70%-ს. ანუ, ყოველი მესამე ჩატარებული ტესტი არასანდოა. პაციენტების 30% არასწორად დიაგნოსტირებული იქნება, თუკი მოქალაქე მოვიდა პირველ-მეოთხე დღეს, მათი ამ მეთოდით ტეასტირებისას პასუხი არის უარყოფითი. თუ საქმე ეხება PCR მეთოდით გამოკვლეულ სწრაფ ტესტებს, იქ ასეთი პრობლემა არ დგას. პრობლემა გვიდგას მხოლოდ და მხოლოდ იმ ტესტირებისას, რომლებიც განსაზღვრავენ ანტისხეულების რეაქციას იმუნოგლობულინების მომატებისას. სიტყვა სწრაფი ტესტირება არ უნდა იყოს შემაშინებელი. უნდა ვიცოდეთ, სწრაფი ტესტირების სიტყვის იქით რა მეთოდი დგას. გერმანიასში სწრაფ ტესტებს იყენებენ, მაგრამ არა ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს. დღეს მთელ მსოფლიოში გამალებით მიდის მუშაობა იმისთვის, რომ „ოქროს წესით“ მოხდეს ტესტირება, რომელსაც ჰქვია PCR მეთოდით ტესტირება, რაც შეიძლება დროში შეიკვეცოს. ანუ, ტესტირებისთვის აღარ იყოს საჭირო სამი საათი, არამედ საჭირო იყოს, ვთქვათ, 45 წუთი“, - განაცხადა მიუნხენში მოღვაწე ქართველმა ექიმმა. საქართველოში კორონავირუსი 98 პაციენტს დაუდასტურდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. P.s. სტატია ხვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია imedinews.ge-ს მიერ.
#news
#coronavirus
0