როგორ მოკლეს 50 ეგვიპტიდი ქალებმა?

0
ეგვიპტოსი იყო ეგვიპტის მითოსური მეფე; ბელოსის ძე; დანაოსის ტყუპისცალი. ბელოსმა თავის ტყუპ ვაჟებს, ეგვიპტოსსა და დანაოსს, სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამართავად ქვეყანა. დანაოსმა მიიღო ლიბია, ეგვიპტოსმა კი აღმოსავლეთით მდებარე მიწები. მალე ეგვიპტოსმა მდინარე ნილოსის სანაპიროებიც შემოიერთა და თავისი სახელის მიხედვით ეგვიპტე უწოდა. ბელოსის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის გამო ძმებს შორის შუღლი ჩამოვარდა. ეგვიპტოსმა ძმის შემორიგება განიზრახა და დამოყვრება შესთავაზა: მას ორმოცდაათი ვაჟი ჰყავდა, ამდენივე ქალიშვილი ჰყავდა დანაოსს. ეგვიპტოსმა მათი შეუღლების სურვილი გამოთქვა. დანაოსმა უარყო ეს წინადადება და თავის ქალიშვილებთან ერთად გაეცალა იქაურობას. იგი არგოსში დასახლდა და გამეფდა კიდეც. მალე მიაგნეს მას ეგვიპტოსის ვაჟებმა (მათ ეგვიპტიდებს უწოდებდნენ) და ქორწინება მოითხოვეს. მშვიდობა რომ შეენარჩუნებინა სამეფოში, დანაოსმა მათ თანხმობა განუცხადა, მაგრამ ქორწინების ღამეს თავის ქალიშვილებს საქმროთა მოკვლა უბრძანა. დანაიდებმა აღასრულეს მამის სურვილი (ამის გამო საშინელი სახელი დაიმსახურეს. დანაიდების კასრი). ასე დაიღუპნენ ეგვიპტიდები. მხოლოდ ერთი გადარჩა, ლინკევსი, რომელიც შეიყვარა და შეიბრალა ჰიპერმნესტრამ. ეგვიპტოსი კი, ოდეს შეიტყო შვილების დაღუპვის ამბავი, დარდისაგან გარდაიცვალა. #მითოლოგია #ბერძნულიმითოლოგია #elysiumfields
0