პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ Netflix-თან ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმეს

0
მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ - მეგან მარკლიმ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების სტატუსი და პრივილეგიები დათმეს, საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდნენ. სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ, საერთაშორისო მედია კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა მათი სამომავლო გეგმებით. ახლახანს, ცნობილი გახდა, რომ ჰარი და მეგანი მედია ბიზნესში იწყებენ მოღვაწეობას - მათ დააარსეს წარმოების, ე.წ. პროდაქშენ კომპანია და მედია გიგანტ NETFLIX-თან ხანგრძლივი ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმეს.
ჰარის და მეგანის კომპანიის სახელწოდება, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის. როგორც The New York Times იუწყება, კომპანია იმუშავებს დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებზე, სერიალებზე, ასევე შექმნის ბავშვებისათვის განკუთვნილ კონტენტს.
როგორც წყვილი ამბობს, ისინი შექმნიან მასალას, რომელიც “ინფორმაციასთან ერთად, ხალხს მისცემს იმედს” - ნეტფლიქსი კი მათი პროდუქციის გავრცელების, სამიზნე აუდიტორიამდე მიტანისათვის, საუკეთესო პლატფორმაა.
აღსანიშნავია, რომ არც მეგანს და არც ჰარის პროდიუსინგის მიმართულებით გამოცდილება არ აქვთ. ეს ფაქტორი კიდევ უფრო ამძაფრებს ინტერესს მათი სამომავლო საქმიანობის და პროექტების მიმართ.
მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეტფლიქსთან შეთანხმების მიღწევამდე, წყვილი მედიაგიგანტის რამდენიმე კონკურენტს შეხვდა პარტნიორობისათვის, მათ შორის არის Disney, Apple და NBCUniversal. უცნობია, თუ რა შემოსავალს მიიღებენ მეგანი და ჰარი ნეტფლიქსთან ექსკლუზიური პარტნიორობიდან, თუმცა, მათი პერსონის და გავლენის გათვალისწინებით, საუბარი შესაძლოა რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარზეა.
#სამეფოოჯახი
#ნეტფლიქსი
#netflix
#მეგანმარკლი
#პრინციჰარი
#მედია
#სერიალები
#კინო
0