სელენა გომეზის კოსმეტიკური ხაზი უკვე გაყიდვაშია

0
Rare Beauty - სელენა გომეზის ახალი კოსმეტიკური ხაზია, რომელიც რამდენიმე დღეა რაც გაყიდვაში ჩაეშვა.
სელენა წლებია აკნესა და ლუპუსს ებრძვის (ლუპუსი ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის ერთ-ერთი მახასიათებელი კანის სიწითლე და გამონაყარია), ისევე როგორც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს - დეპრესიასა და შფოთვებს. „ჩემი ფილოსოფია სილამაზესთან და მაკიაჟთან მიმართებაში შეიცვალა, როდესაც საკუთარ თავზე დავფიქრდი. დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მესწავლა ჩემს პრობლემებზე ღიად საუბარი. ჩემი აზრით ამისთვის ყველას სჭირდება დრო. თერაპიის დახმარებით, ის დრო რომელიც ჩემს კეთილდღეობას დავუთმე, ჩემს შემოქმედებაზე აისახა.“ მისი თქმით ფანებთან კომუნიკაციამ სილამაზის ინდუსტრიის სტანდარტების შეცვლის სურვილი გაუჩინა, „გამაოცა ფაქტმა, რომ გოგონებს სჯეროდათ, რომ აუცილებელი იყო რაღაც კონკრეტულ სტანდარტს მორგებოდნენ. ამ ყველაფრის შეცვლა მინდოდა. არავის განვსჯი, შეგიძლიათ მაკიაჟი ისე ატაროთ, როგორც გსურთ, მაგრამ ვხვდები რომ ამის მიღმა კიდევ ბევრი რამაა. გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას აქვს, თუ როგორ გრძნობ თავს. მე ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობ, იდეალური არ ვარ. მეც მაქვს ცუდი მომენტები.“
ინკლუზიურობა სილამაზის ინდუსტრიაში ახლა აუცილებელი მახასიათებელია და Rare Beauty ამის ნათელი მაგალითია - ტონალური კრემები და ქონსილერები 48 სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი.
როგორც 28 წლის მომღერალმა აღნიშნა, მას იმედი აქვს რომ კომპანია პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს სილამაზის ინდუსტრიაში, მენტალურ ჯანმრთელობასა და საკუთარი თავის მიღების შესახებ დიალოგის წამოწყების მეშვეობით. შემოსავლის 1% ახლად დაარსებულ საქველმოქმედო ფონდში - Rare Impact Fund-ში გადაირიცხება და სელენას თქმით მიზანი მომდევნო ათწლეულის მანძილზე 100 მილიონი დოლარის შეგროვებაა. ფონდი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე იქნება ორიენტირებული, რომლებსაც არ აქვთ საშუალება საკუთარი ფინანსებით გაუწიონ თავს დახმარება.
#ახალიამბები
#მოდა
#ბიზნესი
#სილამაზე
#კოსმეტიკა
#კულტურა
0