ტრიუმფალური გოგონა ოკეანის თვალებით – ბილი აილიშის ისტორია

0
66 მილიონზე მეტი მიმდევარი ინსტაგრამზე, მილიონობით გულშემატკივარი დედამიწის გარშემო, ათეულობით Grammy-ს ჯილდო, ბილბორდების ჩარტებში დამსახურებული პირველი ადგილი და რეკორდები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს – ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა, ბილი აილიში, რომელმაც მოახერხა და ღრმა ხმის, მრავლისმთქმელი თვალებისა და მკაცრი ინდივიდუალიზმის დამსახურებით, 18 წლის ასაკში გახდა მისაბაძი მუსიკოსი და საკულტო ფიგურაც კი.
ადრეული წლები 2001 წლის 18 დეკემბერს ლოს-ანჯელესში მეგი ბრაიდისა და პატრიკ ოკონელის ოჯახში 21-ე საუკუნის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მოევლინა სამყაროს. ბილი აილიში უფროს ძმასთან, ფინეასთან ერთად სრულ მუსიკალურ ჰარმონიაში იზრდებოდა. მეგი სიმღერებს წერდა, პატრიკი კი მათ სხვადასხვა ინსტუმენტის თანხლებით ასრულებდა. ამ ფაქტმა ბილის და ფინეასს ბავშვობიდანვე ჯერ მუსიკის სიყვარული ასწავლა, შემდეგ კი ბიძგი მისცა უნიჭიერეს და-ძმას ამ ურთულეს ინდუსტრიაში გზა გაეკვლიათ.
ბილიმ და ფინეასმა განათლება სახლში მიიღეს, მაშინ როდესაც მათი თანატოლები სკოლაში დადიოდნენ და სხვადასხვა აქტივობით იყვნენ გატაცებულნი. და-ძმა მთელ დროს მუსიკას უთმობდნენ. ისინი უსმენდნენ, გრძნობდნენ და შემდეგ თავადაც ცდილობდნენ შეექმნათ ის, რაც სამუდამოდ დარჩებოდა მსმენელის გულში. „ფინეასი ჩემი ძმა და საუკეთესო მეგობარია, გარემოებების მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთისთვის“
8 წლის ასაკში ბილი საეკლესიო გუნდში გაწევრიანდა და იქ სამი წლის განმავლობაში მღეროდა. 11 წლის აილიში უკვე თავად წერდა და ქმნიდა მუსიკას. ამ პერიოდში ბილის ცეკვა და კინემატოგრაფიაც იტაცებდა. მან რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და თავადვე დაამონტაჟა iMovie-ს აპლიკაციაში.
ბილის უფროსი ძმა ფინეასი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მან ყოველთვის იცოდა უმცროსი დის მომნუსხველი ხმის შესახებ, თუმცა მას ძალას არასოდეს ატანდა. ერთ დღესაც ფინეასმა, რომელსაც იმ დროს უკვე საკუთარი ბენდი ჰყავდა, შესთავაზა ბილის თავისი დაწერილი სიმღერა, Ocean Eyes ჩაეწერა, რასაც ბილიც დათანხმდა. 2015 წლის ოქტომბერში ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სტუდიაში ჩაიწერა სიმღერა, რომელმაც ახალგაზრდა ბილის მომავალი სამუდამოდ შეცვალა. #ბილიაილიში #მუსიკა #ტრიუმფალურიგოგონა #ოკიეანისთვალება
Tbilisi
#ხელოვნება
0